არც ისე დიდი ხნის წინათ, 2008 წელს "ალუბლები" ღრმა ფინანსურ კრიზისში იყვნენ და გუნდი დაშლის პირას იყო, სანამ მოსტინი 100 ათასი ფუნტის ჩეკს არ გამოწერდა. შემდეგი სეზონი "ბორნმუთმა" II ლიგაში -17 ქულით დაიწყო, მაგრამ არ გავარდა და აი, დაახლოებით 6 წლის შემდეგ უკვე პრემიერლიგის საგზურიც კი მოიპოვა, ისტორიაში პირველად.
"6 წლის წინათ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვქონ
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიპში კიდევ ერთი ტურია გასამართი და ვიცით ის, რომ "უოტფორდმა" 8-წლიანი პაუზის მერე გაინაღდა პრემიერლიგაში დაბრუნება, ხოლო "ბორნმუთს" რეალურად ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ მეორე ადგილზეა, "მიდლსბროს" 3 ქულით უსწრებს და რივერსაიდელებთან შედარებით +19 აქვს ბურთების სხვაობა.
წარმოუდგენელი რამ უნდა მოხდეს, რომ "ბორნმუთმა" ეს უპირატესობა გაანიავოს. ინგლისის პირველ 4 ლიგაში, ერთ გუნდს 13-ზე მეტი გოლი არასოდეს გაუტანია. თუმცა "ჩარლტონი", რომელსაც ხვდებიან კიდეც ბორნმუთელები ბოლო ტურში, მოსტინის გუნდის ზეიმს ხუმრობანარევი კომენტარით გამოეხმაურა.
"ბორნმუთი" ისე ზეიმობს, თითქოს ისინი "ვალეიზე" 19:0-ის წაგებას გამორიცხავენ. ვნახოთ..." - ნათქვამია "ჩარლტონის" სტატუსში ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მწვრთნელმა ედი ჰოუიმ დიდებული სამუშაო გასწია. შემადგენლობას რაც შეეხება, ფართო მასისთვის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ვეტერანი პოლონელი მეკარე არტურ ბორუცია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კალუმ უილსონი. 23 წლის ფორვარდი "ბორნმუთის" სარეკორდო შენაძენია, იგი 3 მილიონი ფუნტი დაჯდა. მაგალითად, ანხელ დი მარიას ფასთან (59.7 მილიონი ფუნტი) შედარებით, ეს სასაცილოდ ჩანს, ისევე, როგორც ბორნმუთელთა ბიუჯეტი პრემიერლიგის ამჟამინდელ ბინადრებთან შედარებით, მაგრამ გუნდში დიდი ოპტიმიზმი და პოზიტიური მუხტი ტრიალებს.
ცალკე გამოვყოთ შოტლანდიელი ნახევარმცველი მეტ რიჩიც. არც ერთ სხვა ფეხბურთელს ინგლისის პირველ ოთხ ლიგაში (პრემიერლიგის ჩათვლით) არ მიუღია იმდენ გოლში მონაწილეობა, რამდენშიც ამ 25 წლის მოთამაშეს - 13 თავად გაიტანა, ხოლო 17-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
"ეს გუნდი 6 წლის წინათ კოტრდებოდა. ფანები თავიანთი ჯიბიდან დებდნენ და აგროვებდნენ ფულს, რომ "ბორნმუთს" ეარსება და ახლა მათი გახარების დროც მოვიდა. ეს არის კლუბი, რომელსაც ბავშვობაში ვქომაგობდი, ვუყურებდი და რომელმაც შემდეგ, ფეხბურთელობისას თამაშის საშუალება მომცა, ახლა კი მწვრთნელობის. ეს ერთი ოჯახია და "ბორნმუთი" ამ წარმატებასა და სიხარულს ნამდვილად იმსახურებს" - თქვა ჰოუიმ.
ჯეფ მოტინი: "ვფიქრობ, ჩვენ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ. მაგალითად, "უოტფორდს" მხოლოდ 4 ქულით ჩამოვრჩებით, ხოლო ქპრ-ს წინა სეზონში მოვუგეთ და კარგად ვეთამაშეთ "ბარნლისაც". ჩემი აზრით, ბოლო წლებში პრემიერლიგაში აღზევებული გუნდებიდან არავისზე ნაკლები შანსი არ გვაქვს და ბრძოლისთვის მზად ვართ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"