თეო უოლკოტი: ლონდონის "არსენალი" 2015 წლის საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
თეო უოლკოტის თქმით, "არსენალი" 2015 წლის საუკეთესო კლუბია. "მეთოფეებმა" სეზონი მძიმედ დაიწყეს და თავიდანვე ასე რომ ეთამაშათ, მართლაც, ვინ იცის, ახლა რა სიტუაციაში იქნებოდნენ. უოლკოტიც სწორედ "მეთოფეების" ბოლოდროინდელმა კარგმა სათამაშო ფორმამ გაათამამა.

საკუთარ მომავალზე 26 წლის შემტევს არაფერი უთქვამს. როგორც იცით, იგი კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, მაგრამ ლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი ფანებს ამშვიდებს, ეჭვი არ მეპარება, თეო დარჩებაო.

"ვფიქრობ, ამ სეზონში ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით. თუმცა ფაქტია, რომ 2015 წელს საუკეთესო გუნდი ვართ. ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს
და თითქმის ყველა ტონუსშია. ტრავმების გამო ახლა ცოტა პრობლემა გვაქვს და ტრავმებს საერთოდ რომ არ შევეწუხებინეთ, ჩემი აზრით, პრემიერლიგას მოვიგებდით" - ამბობს უოლკოტი.

ფანების გამხნევებისა და დამშვიდების თავისებური ხერხი აქვს "მეთოფეთა" აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს. მისი თქმით, "არსენალისთვის" მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არა, ლამაზი და კარგი თამაშის ჩვენებაა.

"როდესაც ჩვენს მიზნებზე ვსაუბრობთ, ეს ჩემპიონთა ლიგა კი არ არის, არამედ ის, რომ ფანები ამაყობდნენ "არსენალით". რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ისე უნდა ვაკეთებდეთ, რომ ხალხს სიამაყის საფუძველი ჰქონდეს" - განაცხადა გაზიდისმა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" ჩემპიონთა ლიგა/თასი არასოდეს მოუგია. 2006 წელს "მეთოფეები" ფინალში იყვნენ, მაგრამ "ბარსელონასთან" დამარცხდნენ. ამ სიტყვებით კი, შესაძლოა, გაზიდისმა ირიბად "მეთოფეების" გულშემატკივრებს აუბა მხარი, რომლებიც "ჩელსის" მოსაწყენ თამაშზე მღერიან ხოლმე და ხაზი გაუსვა, რომ მოგება და ტიტულები არ არის ფეხბურთში მთავარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული