* სტატისტიკოსებმა დაითვალეს და მარიო ბალოტელის ერთი დარტყმა საშუალოდ "ლივერპულს" 962 ათასი ფუნტი უჯდება.
ბრენდან როჯერსი კი ამბობს, ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენო, მაგრამ ამ სეზონში მერსისაიდელებს, ალბათ, ესეც აღარ უშველით იმისთვის, რომ ოთხეულში მოხვდნენ. აუტსაიდერ "ჰალთან" გადადებული მატჩის წაგებით (0:1), "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგა და ეს აღარ გამოუვა, თუ პატარა სასწაული არ მოხდება. "ვეფხვებმა" კი, პირიქით, მნიშვნელოვნად შეიმსუბუქეს მდგომარეობა.
ახლა
"ლივერპული" მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 ქულით ჩამორჩება. 4 ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება, თანაც, ვერ ვიტყვით, რომ "წითელ ეშმაკებს" მერსისაიდელებზე უფრო რთული კალენდარი აქვთ. მათ ისედაც წააგეს ბოლო ორი შეხვედრა, მაგრამ როჯერსის ბიჭებმა ამით ვერ ისარგებლეს.
"ლივერპული" მომდევნო ტურში ქპრ-ს მასპინძლობს, მერე "ჩელსის" სტუმრობს, რასაც "კრისტალ პალასთან" საშინაო შეხვედრა მოჰყვება და ბოლოს ვიზიტი "ბრიტანიაზე" "სტოკთან" საპაექროდ. ოთხეული კი არა, მერსისაიდელებს ჯერ ევროპალიგის საგზურიც არ აქვთ განაღდებული, რადგან თუ "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" გადაასწრებენ, ხოლო ასოციაციის თასს იქიდან მათი გამომგდები "ასტონ ვილა" მოიგებს, "ენფილდის" ბინადრები ევროსაგზურის გარეშე დარჩებიან. თუმცა როჯერსი მომავალს იმედის თვალით უყურებს და როგორც ჩანს, ჩრდილოირლანდიელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებენ:
"ჩვენ გვინდა, რომ ტოპ-ოთხეულში ვიყოთ. ეს რთულია და ამ სეზონში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მომავალში მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ახლა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ სეზონი მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ და შემდეგ უკვე მომავალზე ვიფიქრებთ. გუნდში პოტენციალი ნამდვილად არის და ეს უნდა გამოვიყენოთ. ბიჭები "ჰალთანაც" მაქსიმალურად ცდილობდნენ და დიდი ენერგია დახარჯეს, მაგრამ როგორც მიმდინარე სეზონის დიდ ნაწილში, კრეატიულობის, მომენტების გამოყენებისა და გოლების გატანის მხრივ შეგვექმნა პრობლემები" - აღნიშნა როჯერსმა.
ცრუ სუპერმარიო
42 წლის სპეციალისტი 1950-იანი წლების მერე "ლივერპულის" პირველი მწვრთნელია, რომელიც საწყისი სამი სეზონის მერე უტიტულოდ რჩება. წინა სეზონში მან გუნდი კინაღამ გააჩემპიონა, რასთანაც წინა წლებში "ლივერპული" ახლოსაც კი არ გახლდათ. იგი პოსტზე 2012 წლის ივნისში მივიდა და მას მერე, ნაყიდ ან ნათხოვარ ფეხბურთელებს ერთად თუ ჩავთვლით, 24 მოთამაშე მიიყვანა "წითლებში". ვერ ვიტყვით, რომ ყველა ტრანსფერი ან დიდი ნაწილი წარმატებული გამოდგა. ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად მაინც მარიო ბალოტელია, რომლის სანაცვლოდაც მერსისაიდელებმა 16 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ იტალიელი მოლოდინს ვერ ამართლებს. მაგალითად, "ჰალთან" შეხვედრაში სუპერმარიომ მინდორზე 65 წუთი გაატარა, ვერაფერი სახეირო ვერ გააკეთა და ბურთს მხოლოდ 22-ჯერ შეეხო. ფანები მისით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.
როჯერსმა, რომელმაც კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაასვენა, ბალოტელი დაიცვა, მაგრამ იმას არ უარყოფს, რომ მარიოსგან თავადაც მეტს ელის:
"ჩემი აზრით, ფაქტია, რომ მას არა კონკრეტულად რომელიმე მატჩში, არამედ მთელი სეზონია, პრობლემები აქვს, მაგრამ მარიო ძალიან მონდომებულია, ცდილობს და ბევრს მუშაობს. მე ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მათ ჩვეული შემართებით უნდა გააგრძელონ და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯონ. ისინი თავისი და გუნდის მომავლისთვის თამაშობენ" - დასძინა როჯერსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"