ტიმ შერვუდის შიშები: ანტირეკორდი, გავარდნა და მსაჯები

AutoSharing Option
ტიმ შერვუდი ვერაფრით ივიწყებს ინციდენტს, რომელიც "სიტისთან" შეხვედრაში მოხდა. მისი გუნდი "ეტიჰადზე" 0:2-ს აგებდა, მაგრამ გათანაბრება შეძლო და წესით, წინაც უნდა გასულიყო, მაგრამ კრისტიან ბენტეკეზე არარსებული ოფსაიდი დააფიქსირეს. მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა ლაინსმენს დაუჯერა და შეცდა კიდეც.

ბელგიელი შემდეგ ჯო ჰარტმა წააქცია და შერვუდი რამდენიმე დღეა გაიძახის, ასე არ შეიძლება, მატჩის ბედზე ეპიზოდმა გადამწყვეტი გავლენა იქონია, იმ მომენტში ჰარტი უნდა გაეძევებინათ და პენალტი დაენიშნათო.

მალევე "სიტიმ" მესამე გოლი გაიტანა და მეტოქე სულაც უქულოდ დატოვა (2:3). არადა, გარდა იმ მომენტისა, ისიც
უნდა ვთქვათ, რომ "ასტონ ვილა" ბურთსაც უფრო დიდხანს ფლობდა და დარტყმაც მანჩესტერელებზე მეტი ჰქონდა.

ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში სიტუაცია აშკარად სასიკეთოდ შეცვალა და "ვილა" ასოციაციის თასის ფინალშიც გაიყვანა, სადაც 30 მაისს "უემბლიზე" "არსენალთან" მოუწევს შეჭიდება, მაგრამ იქამდე პრემიერლიგაში ადგილი აქვს შესანარჩუნებელი.

მისი კლუბი ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. ვერც კალენდარზე ვიტყვით, ადვილიაო - შინ "ევერტონი", ასევე, "ვილა პარკზე" - "ვესტ ჰემი", სტუმრად - "საუთჰემპტონი" და ბოლო ტურში კიდევ ერთი საშინაო შეხვედრა - "ბარნლისთან". ამ ისტორიაში დადებითი ის არის, რომ დარჩენილი 4 თამაშიდან 3-ს ბირმინგემელები საკუთარ კედლებში გამართავენ.

სხვათა შორის, არის საფრთხე, რომ "ასტონ ვილამ" თავისი ყველა დროის ანტირეკორდი დაამყაროს პრემიერლიგაში დაგროვილი ქულების რაოდენობის მხრივ. ყველაზე ცოტა ქულა, რომელიც ბირმინგემელებს პრემიერლიგაში მოუგროვებიათ, 38-ია, ხოლო ახლა 4 ტურით ადრე მათ მხოლოდ 32 აქვთ.

"ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა მსჯების შეცდომებით. ჩემი ადგილიდან მეც კი დავინახე, რომ ბენტეკე თამაშგარეში არ იყო. იმ ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო, ხოლო ჯო ჰარტი უნდა გაეძევებინათ. გავვარდებით თუ არა? მაცინებთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "სიტისთან", გავარდნაზე ლაპარაკი არც კი იქნება. ალბათ, დამცინით" - აღნიშნა აღელვებულმა შერვუდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული