გავიგე, რომ ალან შირერი წელიწადში 500 ათასს იღებდა, ამიტომ მეც იმავეს ვითხოვდი. ამ საკითხის განხილვის შემდეგ წელიწადში 400 ათასს დავთანხმდი. გარიგება პარასკევს, საღამოს დასრულდა. დალგლიში მსხვილი ფიგურა იყო ფეხურთში, დიადი ფეხბურთელი, რომელიც, თავის დროზე, წარმატებით წვრთნიდა "ლივერპულს".
მილიონერმა ჯეკ უოკერმა დიდი ფული
ყველა საკითხის შეთანხმების შემდეგ მზად ვიყავი კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ, როცა დალგლიშმა "ივუდ პარკზე" ("ბლექბერნის" სტადიონი) დარეკა, გაირკვა, რომ იქ ხელმძღვანელობიდან არავინ იყო - სამუშაო დღე დასრულდა.
"არ ინერვიულო, - მითხრა მან. - შეგიძლია დოკუმენტებს პარასკევს მოაწერო ხელი". ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
უქმეებზე კორკში გავემგზავრე. შაბათს, "ბლექბერნში" ჩემი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაზეთებში გავრცელდა. სატრანსფერო თანხამ ბრიტანული რეკორდი მოხსნა. ცხოვრება ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც სახლიდან წავედი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი და მეგობრები ჩემი ერთგულნი დარჩნენ. ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ამ მხრივ ისინი საერთოდ არ შეცვლილან.
დენის ჯონსონთან ერთად ქალაქში წავედით ჩემი ტრანსფერის აღსანიშნავად. დავიწყეთ "ტემპლიკრით", რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში გადავინაცვლეთ და გართობა "საიდტრექსში" დავასრულეთ.
კვირას დილით ნაბახუსევი მტანჯავდა. მომდევნო დღეს "ბლექბერნში" მგზავრობა მიწევდა კონტრაქტის გასაფორმებლად. ამის შემდეგ შვებულებას ვგეგმავდი.
სადილის დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილი პეტმა აიღო. ალექს ფერგიუსონი რეკავდა. ჩემი ოჯახი "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი იყო. "როი, ალექს ფერგიუსონი ვარ. უკვე გააფორმე კონტრაქტი?"
"არა, მაგრამ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ხვალ ქაღალდებს ხელი უნდა მოვაწერო".
" იქნებ ჯერ მანჩესტერში ჩამოხვიდე და დამელაპარაკო?"
ესეც ასე! "მანესტერ იუნაიტედი". პრემიერლიგის ჩემპიონი. მშობლები და ძმები მისაღებ ოთახში იდგნენ და გაოცებულნი მიყურებდნენ. როგორ ჩანს, მათ შოკი მიიღეს.
"დიახ, მაგრამ მე უკვე თანხმობა მივეცი", - ვუთხარი ფერგიუსონს.
"ხელი არაფრისთვის მოგიწერია. ჩამოდი და დავილაპარაკოთ".
ამ მომენტიდან არც ერთ სხვა კლუბთან არ მინდოდა კონტრაქტის გაფორმება. გულის სიღრმეში ვაცნობიერებდი, რომ უარს ვერ ვიტყოდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ კლუბთან კონტრაქტზე. მაგრამ გონებით ვხვდებოდი, რომ თავი არ უნდა დამეკარგა.
მომდევნო დილას, მორიგი მხიარული ღამის შემდეგ, მანჩესტერში გავემგზავრე. ალექს ფერგიუსონი აეროპორტში დამხვდა. მის სახლში მივედით, რომელიც იქვე მდებარეობდა. იქ დაგვხვდა ბრაიან კიდი. სადილისა და უაზრო საუბრის შემდეგ ფერგიუსონმა სნუკერის თამაში შემომთავაზა. კარგი მოთამაშე იყო. მართალია, არ ჩამოვრჩებოდი, მაგრამ გავიფიქრე, რომ გონივრული საქციელი იქნებოდა, თუ წავაგებდი.
ფერგიუსონი მაშინვე მომეწონა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელისთვის ის ძალიან უბრალო იყო ურთიერთობაში, გააჩნდა იუმორის გრძნობა და ძალიან დადებითი ადამიანური თვისებები ჰქონდა. ისიც ცხადი იყო, რომ უნდოდა პრიზების კოლექციის გამდიდრება უფრო დიდი ჯილდოებით.
"როი, "მანჩესტერ იუნაიტედი" - შენთან ერთად ან შენ გარეშე ინგლისის უძლიერესი კლუბი გახდება. შენთან ერთად შეგვიძლია ევროპაში წარმატების მიღწევა", - თქვა მან. ეს უძლიერესი არგუმენტი იყო.
მან მკითხა ჩემს წარმომადგენლებზე. ვუხსენე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია. ფერგიუსონმა შემომთავაზა, რომ ჯერ არ განგვეხილა მომავალი გარიგების დეტალები. "ეს მე მომანდე", - თქვა მან. ჩვენ ასე შევთანხმდით: მე უნდა მომეხსენებინა დალგლიშისთვის გარიგების გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოლოდინის რეჟიმში უნდა გადავსულიყავი, სანამ "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს წარმართავდა "ნოტინგემთან". "ეს არ იქნება იოლი საქმე", - აღნიშნა ფერგიუსონმა, მაგრამ დამარწმუნა, რომ საბოლოოდ მიზანს მიაღწევდა.
დავურეკე კენი დალგლიშს იმის სათქმელად, რომ გადავიფიქრე "ბლექბერნში" გადასვლა. ის გაცეცხლდა.
"რას როშავ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!"
მოვუყევი ალექს ფერგიუსონთან შეხვედრის შესახებ.
"ხელი ხომ ჩამოვართვით ერთმანეთს?! ახლა არ შეიძლება უკან დახევა!" - ყვიროდა ის.
"მოიცადეთ. ძალიან ვწუხვარ, - მოვუხადე ბოდიში. - მაგრამ საკუთარ მომავალზე უნდა ვიფიქრო. მე მაქვს ამის უფლება".
"არაფრის უფლება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ის დანაპირები შეასრულო, რაც პარასკევს მომეცი".
"სამწუხაროდ, დროულად ვერ მოამზადეთ დოკუმენტები, თორემ პარასკევს მოვაწერდი ხელს".
"არავის აქვს უფლება, ასე მომექცეს. შენ ნაძირალა ხარ და ასე იოლად ეს ყველაფერი არ დასრულდება", - კენი ძალიან ნერვიულობდა.
თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი, მაგრამ იმ დროისთვის უკვე გარკვეული გამოცდილება გამაჩნდა და ვიცოდი, რომ დაინტერესებული მხარეები იშვიათად იცავდნენ წინასწარ შეთანხმებას. მოთამაშეები მწვრთნელებს ატყუებდნენ, მწვრთნელები - მოთამაშეებს, ისინი ერთად - ხელმძღვანელობას.
აგენტები ბევრს არ უყვარდა, მაგრამ კლუბები მხოლოდ მოხარულები იყვნენ მათთან საქმის დაჭერით. და კენი დალგლიში კიდევ მოითხოვს, დავიცვა ხელშეკრულება, რომლისთვისაც ხელი არ მომიწერია. ეს ის კენი დალგლიში იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ბრაიან კლაფის ზურგსუკან ჩემთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რაც უფრო მეტად მესხმოდა თავს, მით ნაკლებად მქენჯნიდა სინდისი.
შემდეგი ზარი ფრენკ კლარკისგან იყო. "ნოტინგემის" ახალ მწვრთნელს სხვების დასანახად ისე უნდა დაეჭირა თავი, რომ ყველაფერს აკეთებს ჩემ შესანარჩუნებლად. თუმცა მან იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წავიდოდი და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა. "რა ხდება, როი? - დაიწყო მან. - ახლახან დამირეკა კენი დალგლიშმა. ის ამბობს, რომ გადაიფიქრე".
დავადასტურე, რომ ალექს ფერგიუსონთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე. კლარკს ფერგიუსონმაც დაურეკა. "ბლექბერნისგან" განსხვავებით, რომელიც ჩემ სანაცვლოდ 4 მილიონ დოლარს იხდიდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ 3 მილიონის გადახდას აპირებდა. "ნოტინგემისთვის" ეს მიუღებელია", - განაცხადა კლარკმა. ამიტომაც მას უნდოდა, "ბლექბერნთან" გამეფორმებინა კონტრაქტი "ნოტინგემის" საკეთილდღეოდ. მე ავუხსენი, რომ უნდა გავაკეთო ის, რაც ჩემი კარიერის ინტერესებშია.
ამ კამათმა გააფუჭა ჩემი ურთიერთობა კლარკთან. მან მკაფიოდ მიმანიშნა, რომ "იუნაიტედთან" არანაირი გარიგება არ შედგებოდა, რადგან ეს კლუბი არ იხდის იმდენს, რამდენსაც "ბლექბერნი". ჯიუტად ვითხოვდი, რომ სწორედ "იუნაიტედში" გადავსულიყავი. გამოუვალი მდგომარეობა იყო.
მომდევნო დღეს შვებულებაში მივდიოდი ტონი ლაფლანთან, გარი ბოიერთან და რეიმონდ ბრიუნთან ერთად - სამ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, რომლებთან ერთადაც "ფორესტში" ვთამაშობდი. კვიპროსში მივემგზავრებოდით. კიდევ ერთხელ ველაპარაკე ალექს ფერგიუსონს. მან დამარწმუნა, რომ საბოლოო არჩევანი ჩემზე იყო. მე უნდა გადამეწყვიტა, რომელ კლუბში ვითამაშებდი. თუ ორჭოფობას არ დავიწყებდი, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მოგვარდებოდა. იმასაც ვაცნობიერებდი, რომ მომდევნო სეზონის დაწყება "ნოტინგემის" მაისურით მომიწევდა.
გადავწყვიტე, ბოლომდე მივნდობოდი ფერგიუსონს. წავსულიყავი შვებულებაში და არაფერზე მეფიქრა.
მომდევნო დილას, 6:30-ზე სატელეფონო ზარი გაისმა. გავიფიქრე, რომ კორკში რაღაც მოხდა. ეს კენი დალგლიში იყო.
"შენ ეს არ გაგივა, - დაიწყო მან. - "ბლექბერნ როვერსი" გაიძულებს, სასამართლოში ირბინო. უკანასკნელ ფუნტს გადაგახდევინებთ!". მასსა და ალექს ფერგიუსონს შორის არასოდეს ყოფილა ნორმალური ურთიერთობა და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა. მან ჩემი ლანძღვა დაიწყო. გაუთავებლად იმეორებდა, რომ ვერავინ შეძლებს კენი დალგლიშის გაცურებას და წყლიდან მშრალად ამოსვლას. შევატყობინე მას, რომ შვებულებაში მივდიოდი და საქმე დახურული იყო.
"სად მიდიხარ?" - დაინტერესდა ის.
"შორს, სადაც მზე აცხუნებს", - იყო ჩემი პასუხი.
"გიპოვით და სასამართლოში გიჩივლებთ", - განაცხადა მან, მაგრამ ვერ შეძლო ჩემი პოვნა.
როცა "ფორესტში" წინასასეზონო შეკრებაზე დავბრუნდი, ფრენკ კლარკი მკაცრად იყო განწყობილი. იძულებული ვიყავი, რეზერვისტებთან მევარჯიშა და მიმახვედრეს, რომ დასჯილი ვიყავი "ბლექბერნში" გადასვლაზე უარის გამო.
კლარკმა პერსონა ნონ გრატად გამომაცხადა. ფერგიუსონი მირჩევდა, საკუთარ თავზე კონტროლი არ დამეკარგა. "იუნაიტედი" და "ფორესტი" პოკერს თამაშობდნენ. "მანჩესტერის" წინადადება - 3.5 მილიონი ფუნტი ნახევარი მილიონით ნაკლები იყო "ბლექბერნის" შემოთავაზებაზე. თუ ბოლომდე მოვითმენდი, "ფორესტი" დილემის წინაშე აღმოჩნდებოდა: 3.5 მილიონი ფუნტი ან ჩემი სახით არაფრის მომცემი აქტივი, რომელიც დუბლებში ვარჯიშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"