"მანჩესტერ იუნაიტედი": მხოლოდ ერთი კარგი ამბავი - დე ხეა რჩება

AutoSharing Option
2001 წლის მერე "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი პრემიერლიგაში. თანაც, ლუი ვან გაალმა "მოახერხა" და ეს ისე გააკეთა, რომ მის ბიჭებს ამ შეხვედრებში ერთი გოლიც კი არ გაუტანიათ (ეს 1989 წლის მერე პირველად მოხდა).

აშკარაა, რომ მანჩესტერელები "ჩელსისთან" პრინციპული დუელის დათმობამ გატეხა. იმ შეხვედრაში გუნდს ბურთის ფლობა 70% ჰქონდა და ჰოლანდიელმა სპეცილისტმა დააბრეხვა, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, უბრალოდ, არ გაგვიმართლაო. ამას მოჰყვა "ევერტონთან" 0:3, სადაც "იუნაიტედი" 66%-იანი ბურთის ფლობით გამოირჩა, ხოლო "ვესტ ბრომვიჩთან" სულაც 81%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ
აზრი?

არადა, "სიტისთან" მოგებული დერბის მერე, თითქოს, ყველაფერი იდეალურად იყო და ვან გაალიც ბაქიბუქობდა, მანჩესტერში ახლა საუკეთესო რომ ჩემი გუნდია, დღესავით ნათელიაო. ახლა კი "იუნაიტედს" არათუ "ქალაქელებმა" გადაასწრეს, საერთოდ, მეოთხე ადგილს თუ შეინარჩუნებს, უკვე ესეც კარგი იქნება.

"ლივერპული" 4 ქულაშია, ხოლო "მანჩესტერს" არც ისე იოლი კალენდარი აქვს. მეორე მხრივ, მერსისაიდელებსაც არ დარჩათ ადვილი მატჩები და ისინიც ვერ დაფრინავენ მინდორზე.

"ალბიონთან" შეხვედრაში ანტიგმირად რობინ ვან პერსი იქცა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის მერე პირველად იყო ძირითადში. ჰოლანდიელმა პენალტი ვერ გამოიყენა და როგორც ჩანს, ვან გალი ამან ისე გააბრაზა, რომ მან უმალვე ჩამოართვა "შტატიანი პენალტისტის" სტატუსი ვან პერსის და ახლა თერთმეტმეტრიანებს "წითელი ეშმაკების" რიგებში სხვა შეასრულებს ხოლმე, ოღონდ ვინ, ეს ჰოლანდიელს არ დაუკონკრეტებია.

ეს ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმასაც, რომ ჭორები, ვან გაალსა და ვან პერსის შორის ურთიერთობა ცოტა აირიაო, ბოლომდე ჰაერიდან მოტანილი არ არის და რობინის "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლის ალბათობაც იზრდება.

ისე, "იუნაიტედის" ფანთა ნაწილი უკვე ვან გაალის მოხსნასაც ითხოვს.

სამაგიეროდ, არსად არ მიდის დავიდ დე ხეა. ყოველ შემთხვევაში, მანჩესტერელთა გულშემატკივრები ბრიტანულმა პრესამ იმ ინფორმაციით დაამშვიდა და მათთვის ეს ერთი კარგი ამბავი მაინც გახდა ცნობილი. ესპანელი, რომელიც ამ სეზონში პრემიერიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, კლუბში დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული