როი კინის "ავტობიოგრაფია". IV თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
"უემბლიზე" "არსენალის" წინააღმდეგ ლიგის თასისთვის თამაში ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. იმის გამო, რომ ბრაიან რობსონი ბოლომდე მზად არ იყო თამაშისთვის, მე პოლ ინსთან წყვილში პასუხისმგებელი ვიყავი შუა ხაზზე.

მინდოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად დამემტკიცებინა საკუთარი ძალა და ისიც, რომ შევესაბამებოდი ჩემში გადახდილ თანხას - 3.75 მილიონ ფუნტს. გარდა ამისა, ვაცნობიერებდი, რომ ბრძოლა მომიწევდა ბრაიან რობსონთან და პოლ ინსთან ნახევარდაცვაში არსებული ორი ადგილისთვის.

მეტოქე მოედნის ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ბურთისთვის იბრძოდა. მძიმე შრომით გვიწევდა ყველაფრის მოპოვება. მატჩის ბოლოს ფრეს
მივაღწიეთ - 1:1 და პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. ნორმალურ დონეზე ვითამაშე, მაგრამ მესმოდა, რომ აქ "ნორმალური" საკმარისი არ იქნებოდა. მძიმე სამუშაო და გოლები იყო ჩემი უპირველესი ამოცანა. ვიცოდი, რომ გავუმკლავდებოდი მძიმე სამუშაოს, რის შემდეგაც, იმედია, გოლებიც იქნებოდა.

პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში სტუმრად "ნორვიჩთან" ვთამაშობდით. რაიან გიგზმა და ბრაიან რობსონმა თითო გოლი გაიტანეს და იოლად მოვიგეთ - 2:0. მე შევიტანე წვლილი ამ გამარჯვებაში, როცა ფლანგიდან მივაწოდე ბურთი გიგზს და მან გახსნა ანგარიში. სამი დღის შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პირველი მატჩი მელოდა "ოლდ ტრაფორდზე".

იმ საღამოს სტადიონზე ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. ადრეც მითამაშია "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ გულშემატკივრებისთვის მტერი ვიყავი. ახლა კი მათთვის ვთამაშობდით. ჩვენი მეტოქე იყო "შეფილდ იუნაიტედი".

საბრძოლო განწყობა მქონდა, სრულად კონცენტრირებული ვიყავი თამაშზე. ერიკ კანტონა ტრავმირებული იყო, ამიტომაც ბრაიან რობსონი, პოლ ინსი და მე ვთამაშობდით ნახევარდაცვაში. ანდრეი კანჩელსკისი და რაიან გიგზი წინ, ფლანგებზე მოქმედებდნენ, შეტევაში კი მარკ ჰიუზი იყო. რობსონსა და ინსს შუა ხაზზე უნდა ეზრუნათ, ამიტომაც მე წინ წაწევა მქონდა დავალებული.

არსებობს დღეები, როცა ყველაფერი გამოგდის. ჩემთვის სწორედ ასეთი დღე იყო. პირველი გოლი გავიტანე "იუნაიტედისთვის", როცა გავრისკე და წინ გავიქეცი ბურთისკენ, რომელიც რაიან გიგზის თავიდან ჩემკენ წამოვიდა. ზუსტად გავთვალე სპრინტის დრო და იოლად გავიტანე.

ხანდახან ზეციური ძალები გეხმარებიან. ასეთ დებიუტზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. ასეთი გაქცევისას აუცილებელია ზუსტად გათვალო დრო. შეიძლება იგივე 50-ჯერ გააკეთო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო ბურთი ან არაზუსტად დაარტყა.

იღბალი, რომლისაც ყოველთვის მჯეროდა, იმ საღამოს ჩემ მხარეს იყო. მეორე გოლიც გავიტანე, ხოლო მარკ ჰიუზმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. იმ მატჩის შემდეგ უფრო იოლად ვზიდე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის ტვირთი. მალე კი ეს საკითხი საერთოდ აღარ არსებობდა.

სეზონის პირველი ექვსი მატჩი წაუგებლად ჩავატარეთ, აქედან ხუთი მოვიგეთ. ეს სერია "ჩელსისთან" 0:1 წაგების შემდეგ შეწყდა. პრემიერლიგაში სტარტი წარმატებული გამოვიდა, მაგრამ "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, ოთხშაბათს ევროთასზე შეხვედრა გველოდა. ჩვენი მეტოქე იყო უნგრეთის "ჰონვედი". პირველი შეხვედრა ბუდაპეშტში გვქონდა. კიდევ ორი გოლი გავიტანე, ერიკ კანტონამ ერთიც დაუმატა და მოვიგეთ ანგარიშით 3:2. "ჰონვედი" არ იყო ძლიერი გუნდი, მაგრამ მოგება მოგებაა, თანაც სტუმრად.

ბრაიან რობსონს ტრავმები სტანჯავდა, ამიტომაც სეზონის პირველ მატჩებში ხშირად მე მიწევდა პოლ ისნთან ერთად შუახაზში თამაში. ბევრი რამით ვგავდით ერთმანეთს - ვიგებდით ორთაბრძოლების უმრავლესობას, არ გავურბოდით ბრძოლას... გუნდების უმრავლესობა ჩვენთან თამაშებს იქამდე აგებდა, სანამ მოედანზე გავიდოდა. და ეს არა მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე", არამედ მათ სტადიონებზე ხდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" აურა ძალიან მძლავრი იყო და მოედანზე უპირატესობაც გვქონდა.

სეზონის პირველ შვიდ მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გავუშვით. პეტერ შმეიხელი ულაპარაკოდ ბატონობდა საჯარიმოში, სტივ ბრიუსი და გარი პალისტერი მეტოქეებს გაქანების საშუალებას არ აძლევდნენ. პოლ პარკერსა და დენის ირვინს თავდაცვაც შეეძლოთ და შეტევის დაწყებაც. მე, ინსი და რობსონი არაფრის დათმობას არ ვაპირებდით მოედნის შუაში. შეტევაში კი სწრაფი ფორვარდები გვყავდა, გიგზისა და კანჩელსკისის სახით. მარკ ჰიუზი ბურთს ბრწყინვალედ ამუშავებდა და იოლად იტანდა გოლებს. ამ საბრძოლო კომპლექტს ერიკ კანტონა ასრულებდა.

კანტონა გუნდში წინა სეზონის შუაში მოვიდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" 26-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ის თავის საქმეს აკეთებდა, მნიშვნელოვან მატჩებში მოედანზე ყოფნით სიმშვიდეს ანიჭებდა თანაგუნდელებს და ცხრა გოლი გაიტანა, რაც დაეხმარა ალექს ფერგიუსონს პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.

"იუნაიტედს" კანტონა თითქმის უფასოდ - 1.2 მილიონად ერგო, როცა ფრანგი "ლიდსში" ჰოვარდ უილკინსონს წაეჩხუბა. მას ბევრ კლუბში უთამაშია, მაგრამ დიდი ხნით ვერსად გაჩერდა. აქ კი თავისი სახლი იპოვა, მაგრამ "იუნაიტედშიც" ვერ წყნარდებოდა და ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. ამით მიანიშნებდა ყველას, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებდა.

ერიკის შესახებ ბევრი რამ მაინტერესებდა. მისი ამოუცნობი პიროვნების შესახებ ყველა ლაპარაკობდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ჩემპიონატი მოიგო. მე ის თავიდანვე მომეწონა.

დიახ, კანტონა ყველასგან განსხვავებული იყო. ვარჯიშებზე ცდილობდა, საკუთარი ილეთები შეესრულებინა, რის უფლებასაც ალექს ფერგიუსონი და ბრაიან კიდი აძლევდნენ. მოთელვაც თავისებური ჰქონდა, ხოლო "ხუთი ხუთზე" თამაშის შემდეგ მოედანზე რჩებოდა და დარტყმებში ვარჯიშობდა. ის და პეტერ შმეიხელი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ერთი-ორჯერ საქმეში მუშტებიც ჩართეს.

ამ მისტიკური პიროვნების უკან ნამდვილი პიროვნება იმალებოდა, რომელიც სერიოზულად უდგებოდა ფეხბურთს, თამაშის შესახებ უდიდესი ცოდნა გააჩნდა. აწეული საყელოთი, წელში გამართული და წინ გამოწეული მკერდით, მოედანზე ისე შევარდებოდა, თითქოს ეს ადგილი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ნებისმიერი მოედანი, მაგრამ განსაკუთრებით, "ოლდ ტრაფორდი" - ეს მისი სცენა იყო, რომელიც უყვარდა, გულშემატკივრები კი აღმერთებდნენ მას.

ფეხბურთელებსაც უყვარდათ კანტონა და ამის უამრავი მიზეზი არსებობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მას უყვარდა თავისი საქმე. შეტევის ბოლო სტადიაში მისი ნაკბენი სასიკვდილო იყო. როცა ბურთისთვის ვიბრძოდით, ყოველთვის უკან არ ჩამოდიოდა. ამისთვის ხშირად ვეჩხუბებოდით, რადგან მის გამო საჭიროზე მეტი სირბილი გვიწევდა, მაგრამ მალე, როცა თითქმის გამოუვალ და უიმედო მდგომარეობაში ვიყავით, ერიკი თავისი ჯადოქრობით 180 გრადუსით შემოატრიალებდა თამაშს ჩვენ სასარგებლოდ.

ის ნახევარ შანსს იყენებდა - დარტყმა და ბურთი კარშია! არასოდეს მინახავს, ვინმეს ასეთი გოლები გაეტანოს (და დღემდე ვერ ვხედავ). მოედანზე ერიკი თავის როლს თამაშობდა. დიახ, ის სხვებს არ ჰგავდა, მაგრამ უბრწყინვალესი იყო. და არა მხოლოდ მაშინ, როცა გამარჯვების გოლებს იტანდა. ნებისმიერ სიტუაციაში შეგეძლო მისთვის ბურთის მიწოდება და ის მას შეინარჩუნებდა - ამაში ძალიან ძლიერი იყო. შემდეგ კი ზუსტად გიბრუნებდა უკან. იტანდა იმდენ გოლს, რამდენ შედეგიან გადაცემასაც ასრულებდა.

მოედნის გარეთაც ერიკ კანტონა იდეალურად ასრულებდა თავის როლს. არ გამკვირვებია, რომ მან ფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. პუბლიკამ მას ტემპერამენტული პრიმადონას თვისებები მიანიჭა, მაგრამ, სინამდვილეში, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო. უცხოებს ყოველთვის ჩამოაფარებდა იდუმალების ფარდას - ეს მისი თამაში იყო, განსაკუთრებით, პრესის წარმომადგენლებთან. გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შეკითხვებზე ერიკი მხრებს იჩეჩდა და თავს იკატუნებდა - თითქოს ვერაფერი გაიგო.

ის კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად. ენის ცოდნაში მისი შესაძლებლობები ბრწყინვალე იყო, განსაკუთრებით, მაშინ, როცა საქმე გინებამდე მიდიოდა. ჩვენთან კანტონა მხიარული იყო, უყვარდა დალევა, შამპანურს ამჯობინებდა, ვიდრე "ჰაინეკენს". შესანიშნავი ბიჭი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო - ყველაფერს პირდაპირ ამბობდა, ყოველგვარი გაფორმების გარეშე. მისი ნიღაბი გახდა ექსცენტრიკული და მარტოხელა ახალგაზრდა მამაკაცის საქციელი და ნაწილობრივ, უნდოდა, რომ ყველას ასეთი ჰგონებოდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგრძელეთ ჯიგრები ხართ
kantona
14:11 08-05-2015
0
აწეული საყელოთი, წელში გამართული და წინ გამოწეული მკერდით, მოედანზე ისე შევარდებოდა, თითქოს ეს ადგილი მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
Del Piero 10
19:55 09-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული