სტივენ ჯერარდის გამოთხოვება მტრის ბუნაგთან

AutoSharing Option
"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გამართულ შეხვედრას ორი ვეტერანი გმირი ჰყავდა - ჯონ ტერი და სტივენ ჯერარდი. ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს და თითო გოლი გაიტანეს, მაგრამ ანგარიშზე (1:1) მეტად, ცხადია, სწორედ მათზე უნდა ვისაუბროთ.

ტერის რომ შესანიშნავი სეზონი აქვს, მშვენივრად მოგეხსენებათ და მან მორიგი გოლი გაიტანა. "ლურჯების" კაპიტანი ახლა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია, მას 39 ბურთი დაუგროვდა და იქამდელ რეკორდსმენს, დევიდ ანსუორთს გადაასწრო, რომელსაც თავისი 38 გოლიდან უმეტესობა "ევერტონის" მაისურით აქვს გატანილი.

რაც შეეხება "ლივერპულის" კაპიტანს,
იგი "სტემფორდ ბრიჯზე", ალბათ, ბოლო შეხვედრას ატარებდა; ყოველ შემთხვევაში, "ლივერპულის" მოქმედი მოთამაშის რანგში თავის პროფესიონალურ კარიერაში. ჯერარდმა გოლი გაიტანა და მერე ბრენდან როჯერსმა იგი შეცვალა.

ამ დროს სტივი ჯის "ჩელსის" ფანების უდიდესი ნაწილიც ფეხზე წამოუდგა და იგი აპლოდისმენტებით გააცილეს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დამცინავი პოსტერები ააფრიალეს და როგორც ირკვევა, მატჩის დროს ჯერარდს აღიზიანებდნენ კიდეც. ამიტომაც "ლივერპულის" ლეგენდა მადლობებად არ დაიღვარა და აღნიშნა, მთავარი ჩემი საყვარელი გუნდის ფანების ოვაციააო.

"უფრო ბედნიერი "ლივერპულის" ფანების მოქმედებით დავრჩი. "ჩელსის" ფანებმა პატივისცემა მხოლოდ რამდენიმე წამით გამოხატეს, სხვა მხრივ კი, მთელი მატჩის განმავლობაში, ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ. ისინი არ იყვნენ ვალდებულნი, ოვაცია მოეწყოთ ჩემთვის და არც ჩემი მიზანი ყოფილა ამის დამსახურება, მაგრამ სასიამოვნო გახლდათ მათი ნაწილის ჟესტი.

კარგი შეგრძნება გახლდათ, მაგრამ ვიცი მათი უსიამოვნო განწყობის შესახებაც, რომელიც წლებია იგრძნობა, რადგან "ჩელსიში" არასდროს გადავედი. რაც მთავარია, დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მივიღე "ლივერპულის" ფანებისგან და მთავარი სწორედ ეს არის" - თქვა ჯერარდმა.

საქმე იმაშია, რომ "ჩელსი" სხვადასხვა დროს სამჯერ ცდილობდა ჯერარდის შეძენას, მაგრამ სტივენი უარზე იყო. არადა, იგი, მაგალითად, ჟოზე მოურინიოზე ძალიან მაღალი წარმოდგენისაა და დაადასტურა კიდეც:

"მე მას დიდ პატივს ვცემ. იგი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მას ყველა შემოთავაზების დროს შევუერთდებოდი და მის გუნდში ჩავირიცხებოდი, "ლივერპულის" ასეთი ფანი რომ არ ვიყო. მოურინიოს ჩემდამი ინტერესი რამდენჯერმე იყო ჩემი სიამაყის საფუძველი, მაგრამ მან იცის, თუ რატომ ვერ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. იმიტომ, რომ "ლივერპული" მიყვარს და შენებთან ერთად გამარჯვება ყოველთვის უფრო ბევრს ნიშნავს" - აღნიშნა ჯერარდმა.

კომპლიმენტების ვალში სტივი ჯის არც მოუ დარჩა: "იმ ოვაციით, რომელიც "ჩელსის" ფანებმა მოაწყვეს, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ის ნეგატიური სიმღერაც პატივისცემის გამოვლინება იყო ძველი, ძვირფასი მეტოქისადმი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით, ის, რომ მას "ჩელსის" ფანები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს, საუცხოოა.

იმისათვის, რომ მას ასეთი დაფასება "ენფილდზე" მიეღო, კვირიდან-კვირამდე და წლიდან-წლამდე იმუშავა, მაგრამ ასეთი დაფასება სხვა სტადიონზე ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთი მომენტები, "კრისტალ პალასთან" მძიმე ბრძოლაში მოგება და ჩემპიონობის მოპოვება, "ბარნლის" ბოლომდე ბრძოლა "სტემფორდ ბრიჯზე" და სათასო შეხვედრაში პირველი ლიგის გუნდთან, "ბრედფორდთან" წაგება არის ის, რაც ინგლისს ასეთ განსაკუთრებულს ხდის".

ჯერარდი მიდის და ეს ყველაფერი ძალიან სევდიანია, მაგრამ როდესაც ემოციები შედარებით დაცხრება და ამჟამად 34 წლის ნახევარმცველი სათამაშო კარიერას დაასრულებს, იგი შესაძლოა, "ენფილდზე" დაბრუნდეს და კლუბში რომელიმე პოსტზე დაიწყოს მუშაობა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა, - აღნიშნავს სტივი ჯი, რომელიც "ლოს ანჯელეს გელექსიში" გააგრძელებს ბურთის გორებას.

"ძალია რთულია, ყველაფერი უცბად დაივიწყო და ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება. ამ კლუბში 27 წელი გავატარე და მას თავაწეული ვტოვებ, რადგან ძალიან ვამაყობ იმით, რასაც აქ მივაღწიე.

რასაკვირველია, იყო რამდენიმე წარუმატებლობაც, მაგრამ ეს ფეხბურთელის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამ ქალაქში გავიზარდე იმაზე ოცნებით, რომ ოდესმე "ლივერპულის" წევრი ვიქნებოდი და საბოლოოდ, იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ვიფიქრებდი. ერთხელაც სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ კონკრეტულს ამჟამად ვერაფერს ვიტყვი. "ლივერპული" ჩემს გულშია. რამდენიმე წელი შორიდან გავაგრძელებ კლუბის ქომაგობას, ხოლო მერე დავბრუნდები. ვიმუშავებ თუ არა რომელიმე თანამდებობაზე, ეს კლუბზეა დამოკიდებული".

საქებარი და მაღალფარდოვანი სიტყვები არც როჯერსმა დაიშურა. ჩრდილოირლანდიელმა მწვრთნელმა ჯერარდს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ნამდვილი ჯენტლმენი უწოდა. თუმცა როჯერსს საფიქრალი და სანერვიულო კიდევ ბევრი აქვს და იგი უკვე მომავალ სეზონშიც არის ფიქრებით გადასული.

ასე რომ, მატჩსა და მის პერიპეტიებზეც ბევრი ისაუბრა. სესკ ფაბრეგასი გასაძევებელი იყო და მოგება შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდაო. როჯერსის ბიჭებმა საბოლოოდ დაკარგეს მეოთხე ადგილზე მოხვედრის რეალური შანსი და ევროპალიგის საგზურით მოუწევთ დაკმაყოფილება. იქამდე კი, მომავალ შაბათს, "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში "ენფილდი" ცრემლებით დაიტბორება, რადგან ჯერარდი ამ ლეგენდარულ სტადიონზე, რომელიც მისი მეორე სახლია, ბოლო შეხვედრას ჩაატარებს "ლივერპულის" მაისურით.

თამაშს მოურინიოც შეეხო და აღიარა, რომ მისი გუნდი იდეალურად არ გამოიყურებოდა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ჩელსი" "ნაქეიფარი" გახლდათ და პლუს, მინდორზე გადახალისებული შემადგენლობით იყო გასული.

"კარგი მატჩი იყო. ეს არ გახლდათ წინასასეზონო ამხანაგური და ფორმალური შეხვედრა. აჩვენა თუ არა "ჩელსიმ" საუკეთესო თამაში? არა. თუმცა მონდომება აშკარა გახლდათ. ჯონ ობი მიკელი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ლოიკ რემი... ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ეს მათ მეორე ტაიმში დაეტყოთ კიდეც. მეორე ნახევარში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთლიანობაში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, პრემიერლიგის ღირსებისთვის ვითამაშეთ" - განაცხადა მოურინიომ.

P.S. ტერი და განსაკუთრებით, ჯერარდი კი გამოვარჩიეთ, მაგრამ არანაკლები გმირია "განსაკუთრებულიც", რაზეც ჯერარდის სიტყვების გარდა, ისიც მეტყველებს, რომ მოურინიოს პრემიერლიგაში ჩატარებული უკვე 97 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული. ას შეხვედრას იგი ამ სეზონში ვეღარ მიაღწევს.

P. P.S. "ენფილდზე" უკანასკნელ მატჩს სტივენ ჯერარდი "კრისტალ პალასთან" გამართავს. ამ შეხვედრისთვის "ლივერპულის" ფანები მატჩის ბილეთებს დაახლოებით 2 ათას ფუნტად ყიდულობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული