რაჰიმ სტერლინგი შეიძლება ლონდონის "არსენალში" გადავიდეს

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგის "ლივერპულიდან" წასვლაზე ისევ ბევრს ლაპარაკობენ და მას აქტიურად უკავშირებენ რამდენიმე კლუბს. მათ შორის მოწინავე პოზიციაზე ლონდონის "არსენალია".

თუმცა არსენ ვენგერი ამ სავარაუდო ტრანსფერზე საუბარს ერიდება და ამბობს, რომ ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება. პარალელურად, ფრანგი სპეციალისტი არ უარყოფს იმას, რომ "მეთოფეები" ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებენ.

"ზაფხულში ჩვენ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის შეძენას ვაპირებთ, თუმცა ამჟამად სატრანსფერო რეჟიმში არ ვართ და ამაზე საუბარი ადრეა. თქვენ ძალიან გინდათ, რომ რამე ისეთი მათქმევინოთ, რაც არ უნდა ვთქვა. ტყუილები არ მიყვარს. რამე
რომ ვთქვა და მერე ასე არ მოხდეს, ტყუილი გამოვა. არცერთ იმ ფეხბურთელზე არ ვაკეთებ კომენტარს, რომელიც "არსენალის" წევრი არ არის" - თქვა ვენგერმა.

სამაგიეროდ, მან კომენტარი გააკეთა ჯეკ უილშირზე, მართლაც ძალიან ნიჭიერ და დახვეწილ ფეხბურთელზე, რომელიც ტრავმებითაა გაწამებული, პრინციპში, ადრეული ასაკიდან მოყოლებული.

ვენგერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ძალიან ეიმედება და ისიც შეგვახსენა, რომ უილშირი უმაღლეს დონეზე მაშინ ითამაშებს, როდესაც 2-3 სეზონს სერიოზული ტრავმის გარეშე ჩაატარებს; აი, მერე უკვე სრულად გამოავლენს პოტენციალსო. ვენგერი იდეალისტია და საუკეთესო სურვილები ამოძრავებს, მაგრამ 2-3 სეზონი, ცოტა არ იყოს, დიდი დროა, თანაც მაშინ, როდესაც "მეთოფეთა" ფეხბურთელები უიღბლობისა თუ ზოგის აზრით, სამედიცინო შტაბის არც ისე კარგი მუშაობის გამო, წელიწადში რამდენჯერმე იღებენ ტრავმებს.

"არსენალმა" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო და ამით მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა. თანაც, მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში "წითელი ეშმაკები" მეტოქეს სჯობდნენ და ლონდონელებმა გვიანღა გამოიღვიძეს. მწვრთნელს კი არც თეო უოლკოტის შექება დავიწყებია, რომელიც ნელ-ნელა ფორმაში შედის და ტაილერ ბლეკეტმა საკუთარ კარში "არსენალისთვის" ქულის მომტანი ბურთი სწორედ უოლკოტის პასის მერე ჩაჭრა.

"სამწუხაროდ, მხოლოდ დასკვნითი 30 წუთი ჩავატარეთ მაღალ დონეზე, მაგრამ ბოლოს მოგებაც შეგვეძლო. ახლა ჩვენი მიზანი დარჩენილი შეხვედრების, რაც შეიძლება, კარგად ჩატარებაა. ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ერთგვარი "ქამბექი" გაგვეკეთებინა და პრემიერლიგაში მაღალ ადგილებზე დავბრუნებულიყავით. რაც მთავარია, აიწია თამაშის ხარისხმა. წინ ასოციაციის თასის ფინალია, ამ ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგება გვინდა და ტრანსფერების პერიოდიც ამის მერე იწყება" - განაცხადა ვენგერმა.

"არსენალი" ასოციაციის თასის ფინალში 30 მაისს "უემბლიზე" "ასტონ ვილას" შეხვდება და შეეცდება, სეზონი ტიტულით დაასრულოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული