13:00 20-05-2015
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 3:0 - რა მოხდა "თითქმის ამხანაგურ" მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
"ვფიქრობ, ჩემპიონობის სხვა მაძიებლები და უშუალო კონკურენტებიც დამნაშავენი არიან იმაში, რაც მოხდა, რადგან მათ ძალიან ადრე მოგვცეს პირველობის განაღდების შანსი და მობილიზებულნი ვერ ვიყავით. მარტო ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ, ეს ჩემი ბრალიც არის.
ტრადიციულად შემართული ვერ ვიყავი და სათანადო მომზადება დამაკლდა. როდესაც ჩემპიონი ხდები, ამას ბუნებრივად მოჰყვება გარკვეული მოდუნება. ჩვენ ჩემპიონები ვართ და თუნდაც დიდსხვაობიანი წაგების გამო ტირილს ნამდვილად ვერ დავიწყებთ. გახარებული წაგების გამო, ცხადია, არ ვარ, მაგრამ არც მოწყენილი ვარ, ეს ტრაგედია არ არის" - აღნიშნა მოუმ.
"ალბიონთან" შეხვედრა დრამატულ-დაძაბულიც გამოდგა. საკმაოხნიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ, ტრადიციულად, რამდენიმე ეპიზოდში წაიჩხუბა. ყველაფერი ესპანელის გარეთ მაკკოლისთან შელაპარაკებით დაიწყო, რასაც მისი ჩხუბი მოჰყვა ოლსონთან და დოუსონთან. ამასობაში სესკ ფარეგასი თავისთვის ფლანგზე იდგა და უცბად ბურთი "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელებისკენ გაუშვა. ის კრის ბრანტს სახეში მოხვდა.
ასე გააძევეს ფაბრეგასი. მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ასეა თუ ისე, ბოლო ტურის შეხვედრას იგი გამოტოვებს და შესაბამისად, საგოლე გადაცემებით, ტიერი ანრის რეკორდის გაუმჯობესების თეორიული შანსიც მოესპო. მიუხედავად იმისა, რომ სესკი ირწმუნებოდა, შემთხვევით მომივიდაო, მას დარენ ფლეტჩერი მიეჭრა და ვეტერანმა შოტლანდიელმა მას ხელი ჰკრა, მაგრამ წითელ ბარათს გადაურჩა.
დიეგო კოშტაც ვერ გაიბრძოლებს ბომბარდირობისთვის. მას ტავმებმა შეუშალა ხელი, ვერც "ვესტ ბრომვიჩთან" გაიტანა და ახლა მას 6 გოლი სჭირდება, თანაც ისე, რომ სერხიო აგუერომ ერთიც ვერ გაიტანოს და ამ შემთხვევაში იგი არგენტინელთან საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს გაიყოფს...
სათქმელია ისიც, რომ მოურინიომ რამდენიმე ახალგაზრდა და სათადარიგო ფეხბურთელს მისცა შანსი - ნათან აკეს, ისაია ბრაუნს, რუბენ ლოფტუს-ჩიკს...
"მსაჯის ასეთი სიმკაცრე ერთგვარ ამხანაგურ მატჩში ცოტა უცნაურია. სიმართლე ითქვას, არ მესმის.
დარენ ფლეტჩერი არავისზე ნაკლებად აგრესიული არ იყო, მაგრამ ის გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, რა, როდის და როგორ გააკეთოს. მას მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა, მაგრამ ბარათს გადაურჩა. სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ფაბრეგასს? ამისთვის? გადამეტებული იქნება, მაგრამ რა გაეწყობა. უნდა ახსნას თუ არა მან საქციელი? მას ასახსნელი არაფერი აქვს" - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელმა გამარჯვება თბილად მიულოცა ტონი პულისს და მერე ისევ პუბლიკაზე ითამაშა და "ჩელსის" ფანებთან ახლოს მივიდა. ლონდონელთა ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან, ისინი ძირითადად იმაზე მღეროდნენ, რომ "ჩელსი" ჩემპიონია. სხვათა შორის, მოურინიო პულისს მეორედ შეხვდა და მეორედაც დამარცხდა. "კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი წინა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მოურინიო კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონის საუკეთესოა.
"ახლა მას უკვე ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. ერთხელ "კრისტალ პალასში" ყოფნისას და მეორედ ახლა, "ვესტ ბრომვიჩთან" ერთად. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან უძლიერეს გუნდს მოვუგეთ. ჩემპიონებთან გამარჯვება რთულია და ჩვენ ეს შევძელით, თანაც ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მსმენია, რომ ზოგი "ჩელსის" აკრიტიკებს ხოლმე, მაგრამ ეს აბსურდია, რადგან ეს გუნდი უძლიერესია და ინგლისში სეზონის საუკეთესო" - თქვა პულისმა.
"ვესტ ბრომვიჩმა" საიდო ბერაჰინოს დუბლითა და ბრანტის გოლით მოიგო. ბერაჰინო, რომელსაც პაუზა ჰქონდა, 14 ბურთზე ავიდა და მთავარი მიზეზია იმისა, რომ "ჩელსის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. მის მსურველებს შორის "ლურჯებიც" არიან და ბურუნდული ფესვების მქონე ინგლისელის შენარჩუნება "ალბიონს" გაუჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული