რაჰიმ სტერლინგის აღიარება და ობსტრუქცია

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგი "ლივერპულის" წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ ჯილდოს მომპოვებელ ფეხბურთელს ფანთა ნაწილმა ობსტრუქცია მოუწყო, ხოლო ზოგიერთი გულშემატკივარი სკანდირებდა - სტერლინგ, დარჩიო.

მერსისაიდელთა ფანების დამოკიდებულება გასაგებია, რადგან ბოლო ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა და ამას გუნდის თავმჯდომარე იან ეირისა და მწვრთნელ ბრენდან როჯერსს პარასკევის შეხვედრაზე განუცხადებს.

სტერლინგის ნიჭიერებაზე ისიც მეტყველებს, რომ მას მინიმუმ ნახევარი სეზონი თვალი წასვლაზე ეჭირა და ტვინი არეული ჰქონდა, ისიც ვიცით, რომ ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ ამისდა მიუხედავად გახდა საუკეთესო.

რაჰიმის გ
არშემო ატეხილმა აურზაურმა არ უნდა დაგვავიწყოს და გადაფაროს ის, რომ გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფილიპე კოუტინიო აღიარეს. ამ არჩევანში ძნელია ფანებს შეედავო, რადგან ბრაზილიელის პროგრესი სახეზე იყო და ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ვხედავდით, თუ რა კარგად თამაშობდა ის და როჯერსს იმედი აქვს, რომ კოუტინიო კიდევ მოუმატებს.

სტივენ ჯერარდის წასვლის მერე "ლივერპულში" ახალი ეპოქა დაიწყება. სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავა და "ენფილდის" ბინადრებს შევსებაც სჭირდებათ. გუნდს კი, როგორც ჩანს, კვლავ ჩრდილოირლანდიელი უხელმძღვანელებს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი 1950-იანი წლებიდან პირველი სპეციალისტია, რომელმაც "ლივერპულთან" ერთად საწყის სამ სეზონში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო, გულშემატკივრებისა და ფანების უმეტესობა მის მუშაობას მაინც დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ როჯერსი უნდა დარჩეს.

"ბევრი სხვადასხვა დეტალის გამო, რომლებიც გეგმაში არ იყო და უსიამოვნო სიურპრიზად იქცა, რთული სეზონი გამოგვივიდა. თუმცა ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ", - თქვა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.

ჩვენ კი სტერლინგს დავუბრუნდეთ. როგორც იცით, მან აპრილში კვირაში 100-ათასფუნტიან ხელფასსა და ახალ კონტრაქტზე თქვა უარი. ამას, ძირითადად, უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა და ახალგაზრდა მოთამაშემ ფულზე დაგეშილი და უმადური ადამიანის იარლიყი დაიმსახურა. ბევრმა სპეციალისტმა ისიც კი თქვა, საერთოდ ვინ არის, ჯერ რისთვის მიუღწევია, ასეთი პრეტენზიები და ამბიციები რომ აქვსო. რამდენიმე ახალი კომენტარიც შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ.

"რაჰიმი თავის თავს ზრდის და ტოპ-ფეხბურთელად ჩამოყალიბების შანსს ართმევს. "ლივერპულში" დარჩენა მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა" - თქვა ემილ ჰესკიმ.

"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ოლდრიჯი: "როგორც ჩანს, გარემოცვაა დამნაშავე და აგენტმაც ძალიან ცუდი რჩევა მისცა".

"მას ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და საიდან მოდის ასეთი ამბიცია? ამის გარეშეც, შოკირებული ვარ მისი საქციელით, ბრწყინვალე კონტრაქტზე თქვა უარი" - ამბობს ასევე ექსლივერპულელი ჯონ ბარნსი.

თავად სტერლინგმა აღნიშნა, რომ ფული არაფერ შუაშია, მე, უბრალოდ, ტიტულების მოგება მინდა და ამიტომ ვფიქრობ გუნდის შეცვლაზეო. ცხადია, ამან ფანებიც გააღიზიანა და მას ობსტრუქცია ზემოთ ნახსენებ შემთხვევამდეც არაერთგზის მოუწყვეს.

მსურველები კი ოხრად არიან, თანაც ფულიანები. მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", ლონდონის "არსენალი"... უკანასკნელ პერიოდში ყველაზე აქტიურად სტერლინგს "სიტის" უკავშირებენ. ამბობენ, "ქალაქელები" 40 მილიონ ფუნტს ამზადებენო.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ რაჰიმი "ლივერპულს" გაშვების უფლებას კი სთხოვს, მაგრამ თუ მერსისაიდელებმა დაიჟინეს, იგი ჯერ ვერსად წავა, ხოლო ენფილდელთა შეფობის ბოლო პოზიცია სწორედ ასეთი იყო, რომ მათ სტერლინგის გაშვება არ სურდათ. სხვა საკითხია ის, რამდენად სჭირდება და რაში არგია "ლივერპულს" ისეთი მოთამაშე, რომელსაც წასვლა უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული