როი კინის "ავტობიოგრაფია" [გაგრძელება]

AutoSharing Option
თუ "იუნაიტედს" შუა კვირას უწევდა თამაში, ჩემი ურთიერთობა მეგობრებთან კვირას მთავრდებოდა. ირლანდიელი სტუმრები სახლში მიდიოდნენ, სხვა მოთამაშეები ოჯახებში ბრუნდებოდნენ და მაშინ მარტოობა, რომელსაც კვირას საღამოს ინგლისური სასტუმროს ნომერში განვიცდიდი, აუტანელი ხდებოდა.

ხშირად დავდიოდი ორ ადგილობრივ პაბში - "გრიფონსა" და "სტენფორდში", ხანდახან ლი შარპთან და ერიკ კანტონასთან ერთად, ხანდახან მარტო.

ლი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და არც მას ჰყავდა ოჯახი. "იუნაიტედში" მეორე სეზონს თამაშობდა. შესანიშნავი მოთამაშე იყო, შეეძლო დაცვის მარცხენა ფლანგზე მოქმედება ან მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. შესანიშნავი, სიცოცხლით
სავსე და უზრუნველი ბიჭი იყო. გარშემო მყოფთა გამხიარულება ეხერხებოდა. თან იოლად შეეძლო ქალების გულის დაპყრობა. არ მინახავს, ვინმეს ასე იოლად შეეძლოს ქალებზე შთაბეჭდილების მოხდენა, როგორც ამას ლი აკეთებდა.

ერიკ კანტონასთან ერთად ღამით გასეირნება ყოველთვის მხიარული იყო. ის ყველგან იპყრობდა ყურადღებას. "გრიფონშიც" კი, სადაც იქაურები მიჩვეულნი იყვნენ ჯორჯ ბესტისა და ბრაიან რობსონის სტუმრობას, ერიკის საიდუმლოებით მოცული აურა იზიდავდა ადამიანებს. მართალია, ის გარიყული და საკუთარ თავში ჩაკეტილი გენიოსის შთაბეჭდილებას ტოვებდა (ამ როლს კარგად ასრულებდა), ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნორმალური ადამიანი იყო.

თითქმის ნორმალური. ფული თან არასოდეს ჰქონდა. ყოველთვის შამპანურს სვამდა. მახსოვს, როგორ აფორიაქდნენ გამყიდველები მანჩესტერის აეროპორტში, როცა მან თავისი ოქროს საკრედიტო ბარათი ამოიღო საღეჭი რეზინის საყიდლად. საღამოებზე ერიკს უყვარდა ფეხბურთზე ლაპარაკი. ფართო განათლება ჰქონდა თამაშზე და შეეძლო ლაპარაკი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემასა და ევროპულ კლუბებში არსებულ რეჟიმებზე.

იმ დღეების გახსენებისას ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ცხოვრების წესით ვარსებობდი. "იუნაიტედში" ცუდს ვერ ხედავდნენ მატჩამდე სამი ან ოთხი დღით ადრე ალკოჰოლის გარკვეული დოზის მიღებაში.

* * *
თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, კლუბსაც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ჩვენი უახლოესი კონკურენტი "ბლექბერნი" იყო, რომელსაც სამი თამაში ჰქონდა თადარიგში. როცა ინგლისის თასის 1/16-ფინალი მოვუგეთ "ნორვიჩს" და 1/8-ფინალში "უიმბლდონზე" გავედით, ხალხმა "ოქროს დუბლზე" ლაპარაკი დაიწყო. "ნორვიჩთან" შეხვედრა BBC-ზე გადაიცემოდა. ერიკმა და მე თითო გოლი გავიტანეთ და 2:0 მოვიგეთ.

"ნორვიჩის" ფეხბურთელები სერიოზულად იყვნენ განწყობილნი და მალე ზედმეტად ხისტი ბრძოლა გაჩაღდა. ჩვენი პოზიცია მარტივი იყო: თუ მეტოქეს სურს ფეხბურთის თამაში, ისიამოვნოს, მაგრამ თუ უხეშობისთვის გავიდა მოედანზე, ჩვენც შევძლებთ პასუხის გაცემას. ამიტომაც, როცა "ნორვიჩის" ფეხბურთელებმა თავხედურად დაიწყეს ხისტი თამაში, ჩვენც იმავეთი ვპასუხობდით.

პრემიერლიგაში დღესაც შეხვდებით ასეთ რამეს. საჭიროა, თავიდანვე წარმოაჩინო საკუთარი თავი. აუცილებელია დაანახვო მეტოქეს, რომ თუ ფიზიკური ბრძოლისთვის ხარ მზად, ის განწირულია. ბურთის ხისტი ართმევა მატჩის დასაწყისში საუკეთესო ხერხია ამის მისანიშნებლად.

ნორვიჩში ერიკმა ერთ-ერთ ფეხბურთელს დაარტყა, როცა ის მინდორზე იწვა. მოედნის ყველა მონაკვეთზე იმართებოდა ჩხუბი. მატჩის შემდეგ ჯიმ ჰილი და BBC-ის სხვა წამყვანები გაღიზიანებით ლაპარაკობდნენ ჩვენს საქციელზე. შურისძიების გრძნობა კონტროლიდან გამოვიდა, - ამბობდნენ ჰილი და მისი მეგობრები. როცა ჩვენს მწვრთნელს ჰკითხეს გუნდის საქციელის შესახებ, ფერგიუსონმა ჰილს "უაზროდ მოლაპარაკე" უწოდა. მომდევნო დღეს გაზეთებს არ სჭირდებოდათ სათაურის მოფიქრება.

იმ თვეში გარდაიცვალა სერ მეტ ბასბი. დაკრძალვაზე ვიყავით "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიადეს მოთამაშეებთან ერთად. ტანში ჟრუანტელი მივლიდა, როცა ეკლესიაში ვიდექი და ბასბის მისამართით საქებარ სიტყვებს ვისმენდი. ცერემონია საზეიმო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბასბის სიკვდილი არ იყო ჩემი პირადი წუხილი, შემეძლო გამეაზრებინა დანაკარგის გრძნობა, რომელსაც განიცდიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი წარმომადგენელი და მთლიანად ქალაქი.

ბასბი უფრო მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო კლუბი. ბასბი თავისი დროის პიონერი იყო - პირველი, ვინც ახალგაზრდებს ენდო, ვინც გააცნობიერა ევროთასებზე მონაწილეობის მნიშვნელობა. ოჯახიდან გასვლა არ მჭირდებოდა იმ ჯადოქრობის დასანახად, რომელიც წარმოიშვებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელის ხსენებისას.

ორი დღის შემდეგ "ევერტონს" ვეთამაშებოდით "ოლდ ტრაფორდზე". წუთიერი დუმილი ემოციებით იყო აღსავსე. ისტორია მუდმივად მახსენებდა, რომ მე "იუნაიტედის" მოთამაშე ვიყავი. გონებაში ყოველთვის იყო აზრი იმის შესახებ, რომ ეს კლუბი სხვებს არ ჰგავს. უნდა გაგემართლებინა დიდი იმედები. "ევერტონთან" მატჩში კონცენტრაცია დავკარგეთ. ბოლო დღეების მოვლენები დაღს ასვამდა ჩვენს თამაშს. საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ 1:0 მოვიგეთ რაიან გიგზის გოლის წყალობით.

საშუალო დონის გუნდებთან მატჩების სერიისას, შენი კუთვნილება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყველაზე მეტად ჩანს. გუნდების უმრავლესობისთვის "იუნაიტედთან" მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სეზონში. მნიშვნელობა არ ჰქონდა მდგომარეობას ჩემპიონატში - "მანჩესტერ იუნაიტედზე" გამარჯვება ყველაფერს ფარავდა და საკმარისი იყო.

სტადიონები, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში სამ მეოთხედზე ივსებოდა, "იუნაიტედის" მატჩების დროს ბოლომდე იყო სავსე. მასპინძელთა გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ და საკუთარ განწყობას ფეხბურთელებს გადასცემდნენ, რომლებიც უფრო სწრაფად მოძრაობას იწყებდნენ. ძველი კლიშე იმის შესახებ, რომ ისინი ამ თამაშებს თასის ფინალად აღიქვამდნენ, სწორი განსაზღვრება იყო. ამიტომაც ყოველ მატჩში ასპროცენტიანი კონცენტრაცია გვჭირდებოდა, განსაკუთრებით, პირველ წუთებში.

მომწონდა დაძაბულობა "მანჩესტერ იუნაიტედის" გასვლით მატჩებში. ჩვენთვის უცხო იყო თვითდამშვიდება და მიმაჩნდა, რომ ამის წყალობით სრულყოფამდე მიმყავდა ჩემი თამაში. მთავარი, რაც საბრძოლველად განგვაწყობდა, იყო ის, რომ მეტოქე ჩვენი დამარცხებით სახელის გასაკეთებლად გადიოდა მოედანზე. რატომ არ იხარჯებიან ისინი ამგვარად ყოველ ტურში? შესაძლოა, ამ შემთხვევაში მათ აღარ მოუწევდათ "ნორვიჩის" ან "საუთჰემპტონის" მსგავს გუნდებში. ამიტომაც ასეთ პირობებში მოხვედრის შემდეგ უკან არ ვიხევდით. აგრესიას აგრესიით უნდა უპასუხო და ამ შემთხვევაში კლასი სხვა ყველაფერს დაამარცხებს.

* * *
აღდგომაზე, პრემიერლიგის გადამწყვეტ პერიოდში, ჩემს პირად ცხოვრებაში ამაღელვებელი მომენტი დადგა: ქალი, რომელიც მიყვარდა, დათანხმდა მანჩესტერში ჩემთან ერთად ცხოვრებას. ახლა, როცა ის ჩემს სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად, მოედნის მიღმა ჩემი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდა. გამიჩნდა მიზნები და ამოცანები. ტერეზა ჩვენს პირველ შვილს ელოდა და ეს გარემოება მაიძულებდა, ზრდა გამეგრძელებინა.

ორი მატჩი დაგვჭირდა ინგლისის თასის ნახევარფინალში "ოლდჰემის" დასამარცხებლად. ფინალში ჩვენი მეტოქე "ჩელსი" იყო, რომელმაც ორჯერ დაგვამარცხა ჩემპიონატში. ლიგაში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გამოვაცხვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასვლითი მატჩი "ლიდსთან", რომელშიც 2:0 მოვიგეთ. "ბლექბერნის" საჩემპიონო ამბიციას ხაზი გადაესვა "ქოვენთრისთან" გასვლითი მატჩის წაგების შემდეგ.

ჩემპიონატის ბოლო ტურში "ქოვენთრისთან" "ოლდ ტრაფორდზე" 0:0 ვითამაშეთ. ბრაიან რობსონისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იყო - ამით ის ასრულებდა გამოსვლას "მანჩესტერ იუნაიტედში". რობსონი თავისი თაობის ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშე იყო, "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდა, რომელიც უყვარდათ და პატივს სცემდნენ. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ის დღე, რადგან პირველად მოვიგე ჩემპიონატის მედალი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მიღება, რომელიც ბრაიანს გულშემატკივრებმა გაუმართეს მას შემდეგ, რაც მან საჩემპიონო თასი თავს ზემოთ ასწია.

"იუნაიტედის" მოთამაშეები, მწვრთნელები, კლუბის თანამშრომლები და გულშემატკივრები მომხდარისგან შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. ყველა ჩვენგანისთვის ბრაიან რობსონი პროფესიონალი ფეხბურთელის მაგალითი იყო. ის თითქმის იდეალური მოთამაშე გახლდათ: იტანდა, ართმევდა, პასებს ასრულებდა, კარგი იყო "მეორე სართულზე", მზად იყო ყოველი თამაშისთვის, არ ეშინოდა ორთაბრძოლებში ჩართვა და წინ მიუძღოდა გუნდს. რობო იყო ინგლისის ნაკრებისა და კლუბის კაპიტანი, მაგრამ არ გააჩნდა ვარსკვლავის კომპლექსი.

ის იყო მეტად გავლენიანი ფიგურა "იუნაიტედში", როცა ამ გუნდში გადავედი. ყველა საქმეში, მსხვილში თუ უმნიშვნელოში, მოედანზე თუ მის მიღმა, ის ყოველთვის წინა პლანზე იყო. ძირითადი მოთამაშეები განსაზღვრავენ გუნდების უმეტესობის სტილს. ალექს ფერგიუსონის საჩემპიონო გუნდის ხასიათს ბრაიან რობსონი უფრო მეტად აყალიბებდა, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელი. ჩვენგან ის "მიდლსბროში" გადადიოდა მოთამაშე მწვრთნელად. ეს დიდი დანაკლისი გახდა ალექს ფერგიუსონისთვის და ჩვენთვის.

მომდევნო კვირას "უემბლიზე", ინგლისის თასის ფინალში მოვუგეთ "ჩელსის". ერიკმა ორი 11-მეტრიანი გამოიყენა და ტაბლო ამის შემდეგ სასიამოვნო სანახავი იყო. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი - "ოქროს დუბლი" მოვიგე "იუნაიტედში" ჩემს პირველივე სეზონში.

დუბლი მთელი გუნდის მონდომებისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ერიკმა თავის ანგარიშზე 25 გოლი ჩაიწერა, მარკ ჰიუზმა - 21, რაიან გიგზმა - 17, ანდრეი კანჩელსკისმა - 10, პოლ ინსმა - 9, ლი შარპმა - 11. პრემიერლიგაში 38 გოლი გავუშვით, რაც საშუალოდ მატჩში ერთი ბურთი იყო. განვლილი სეზონის გახსენებისას მესმოდა, რომ ჩემთვის მთავარი მიღწევა ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილი იყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული