შერცხვენილი "ლივერპული": ჯერარდის უიღბლო გაცილება

AutoSharing Option
სტივენ ჯერარდმა "ლივერპულის" მაისურით ბოლო მატჩი "ბრიტანიაზე" ჩაატარა და კიდევ კარგი, გოლი მაინც გაიტანა (რაშიც მას სულ ცოტათი "სტოკის" მცველებიც დაეხმარნენ), თორემ "ლივერპული" კიდევ ერთხელ შერცხვა.

მართალია, მარკ ჰიუზის გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ლამაზი გოლებიც გაიტანა, 54 ქულა დააგროვა, პრემიერლიგაში საკლუბო რეკორდი დაამყარა და სეზონი ათეულში დაასრულა, ხოლო სატურნირო კუთხით მერსისაიდელები უმოტივაციოდ იყვნენ, მაგრამ ეს "ლივერპულს" არ ამართლებს, ბრენდან როჯერსის გუნდმა 1:6 წააგო!

6 ან მეტი გოლი "ენფილდის" მკვიდრებს უმაღლეს ლიგაში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაეშვათ. ბოლოს ასეთი
რამ 1963 წელს მოხდა, როდესაც "ლივერპული" "ტოტენჰემთან" განადგურდა - 2:7. ცხადია, ეს მერსისაიდელების სარეკორდო მარცხია პრემიერლიგაში და პირიქით, სარეკორდო გამარჯვება "სტოკისთვის".

კიდევ ერთი ანტირეკორდი ის არის, რომ აქამდე მერსისაიდელებს პირველ ტაიმში 5 გოლი არ გაეშვათ. სხვათა შორის, ერთ-ერთი გოლი "ლივერპულს" ყოფილმა ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა გაუტანა და მას ახლა უკვე 47 პრემიერლიგური თავური უგროვდება, ინგლისის უმაღლეს ლიგაში ამდენი გოლი თავით არავის გაუტანია.

რასაკვირველია, როჯერსის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ახალი ტალღა აგორდა. თავად ჩრდილოირლანდიელს დარჩენა სურს, მაგრამ თუ "ზემოთ" ასე გადაწყვეტენ, ცხადია, წავალო, ამბობს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ხელმძღვანელობა მოისურვებს, რომ წავიდე, წავალ. ყველა, ვინც "ლივერპულთან" რამენაირად დაკავშირებულია, შოკირებულია ამ მარცხით. ფანები მობოდიშებას იმსახურებენ. ამ სეზონში ბევრმა ფაქტორმა გაგვირთულა საქმე. თუმცა "სტოკთან" ჩატარებულ თამაშს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში, რაც წინა ჩემპიონატში გამოჩნდა" - აღნიშნა როჯერსმა.

ვნახოთ, რას მოიფიქრებს "ლივერპულის" უფროსობა. თუ რადიკალური ცვლილება უნდა მოხდეს, მაშინ ამის გადადებას ახლავე მოქმედება სჯობს, რადგან მერე სატრანსფერო პოლიტიკაც დასაგეგმია და ახალი სეზონისთვის სრულფასოვნად მზადებაა დასაწყები. სავარაუდოდ, ჩრდილოირლანდიელს პოსტზე დატოვებენ.

"სეზონი მე-6 ადგილზე დავასრულეთ და ესე იგი, ამაზე წინ ყოფნას არ ვიმსახურებდით. თუმცა ბევრად მეტი შეგვიძლია და აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება და მუშაობა. მომავალ სეზონს ძველებურად მოტივირებულები უნდა შევხვდეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ" - დასძინა როჯერსმა.

პარალელურად კი, "ლივერპულს" რაჰიმ სტერლინგთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ გამოსდის, მაგრამ სხვა ახალგაზრდების შენარჩუნებას ახერხებს. კლუბმა ჯორდონ აიბთან და ჯონ ფლენეგანთან გაახანგრძლივა კონტრაქტები. 19 წლის აიბმა ხუთწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო 22 წლის ფლენეგანმა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს, ამ ეტაპზე ერთი წლით გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი. ფლენეგანს კიდევ 6-9 თვე მოუწევს უქმობა, რადგან მორიგი ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული