"ეს ჩემთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია და ძალიან გახარებული ვარ. "სტოკის" ინტერესის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგე და დეკემბერში უკვე აგენტსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. პრემიერლიგას აქტიურად ვადევნებდი თვალყურს და ვიცი, რომ კლუბს საოცარი პროგრესი აქვს. მარკ ჰიუზმა თავისი სტილი დაამკვიდრა, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ბრწყინვალე გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. ამიტომაც სიხარულით გადმოვედი და ვეცდები, გუნდს დავეხმარო" - ამბობს
დანიის ახალგაზრდული ნაკრების ექსმეკარე ჯერჯერობით სათადარიგოს სტატუსითაა შეძენილი, რადგან "სტოკში" უპირობო პირველი ნომერი ასმირ ბეგოვიჩია და გარდა ამისა, გუნდს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ადგილობრივი კადრი ჯეკ ბატლენდი, რომელმაც მარტში "ბრიტანიაზე" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. პარალელურად, "სტოკი" თავსაც იზღვევს, რადგან ბეგოვიჩთან ახალი შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება. ბოსნიელს დიდი ხანია, გამორჩეული გუნდები უტრიალებენ და იგი, შესაძლოა, წავიდეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "სტოკი" ზედიზედ ორი სეზონია, პრემიერლიგას მე-9 ადგილზე ამთავრებს, რაც გუნდისთვის წარმატებაა. ამჯერად, კლუბმა ჩემპიონატი 54 ქულით დაასრულა და ასეთი კარგი შედეგი პრემიერლიგაში აქამდე არასდროს ჰქონია.
ამაზე მეტი ქულა "სტოკმა" ბოლოს 2008/09 წლების სეზონში დააგროვა ტონი პულისის დროს, კერძოდ კი - 79, ოღონდ მაშინ ჩემპიონშიპში მეორეზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა. სხვათა შორის, მაშინ სტოკელებს ორი ქულით "ვესტ ბრომვიჩმა" გაასწრო, პულისის ამჟამინდელმა გუნდმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"