"ლივერპული": მარიო ბალოტელი რჩება?

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი "ლივერპულიდან" არ წავა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს მისი აგენტი მინო რაიოლა. ბალო მერსისაიდელთა რიგებში 2014 წლის აგვისტოში გადავიდა, მაგრამ გასული სეზონი კარგად ჩაატარაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. მან პრემიერლიგაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

24 წლის იტალიელს რთული ხასიათიც აქვს და გუნდს ბოლომდე ვერ მოერგო. ბრენდან როჯერსი ამბობდა, მარიომ დიდი დატვირთვით უნდა იმუშაოსო, მაგრამ თან შემართებას არ უწუნებდა ხოლმე შეგირდს. ვარჯიშებზე სუპერმარიო მართლაც კარგად იხარჯება და მონდომებულია.

ბევრის აზრით, ჩრდილოირლანდიელი, უბრალოდ, პირდაპირ ვერ ამბობდა, თორემ მის გეგმებში სუპერმარიო აღარ შედიოდა.
თუმცა, თუ ფეხბურთელის ავტორიტეტულ აგენტს ვენდობით, ბალოტელი არსადაც არ წავა და კლუბს მასთან თანამშრომლობა სურს.

"წავა თუ არა ბალოტელი? არა. ჩვენ "ლივერპულს" ვესაუბრეთ და იგი დანამდვილებით რჩება. ჩემი აზრით, მარიომ ადაპტაცია გაიარა. როჯერსზე და მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვფიქრობ, მარიო გუნდს უკვე საბოლოოდ შეეწყო. უფროსობასთან არაერთი კონტაქტი მქონდა და ხელმძღვანელობა მარიოს პროფესიონალიზმით კმაყოფილია. რასაკვირველია, თამაში უნდა გამოვასწოროთ და მარიო უფრო პროდუქტიული უნდა გახდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ასეც იქნება" - აღნიშნა რაიოლამ.

ასე რომ, გაშვებულ სტივენ ჯერარდსა და გაქცევაზე მყოფ რაჰიმ სტერლინგს თუ არ ჩავთვლით, "ენფილდის" ბინადრები ფეხბურთელების შენარჩუნებას აგრძელებენ. რამდენიმე მათგანთან ახალი შეთანხმება წლის დასაწყიში გაფორმდა.

ცოტა ხნის წინათ ახალი კონტრაქტები ჯორდონ აიბთან და ჯონ ფლენეგანთან გაფორმდა, რასაც 22 წლის ანდრე უიზდომთან და 34 წლის კოლო ტურესთან შეთანხმებების გახანგრძლივება მოჰყვა. კონტრაქტების ხანგრძლივობას გუნდი არ ახმაურებს, მაგრამ ბრიტანული პრესის ცნობით, ტურესთან შეთანხმება ერთწლიანია, ხოლო უიზდომთან - მრავალწლიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული