პრემიერლიგა. სეზონის საუკეთესოები: 2014/15-ის გაელვებები

AutoSharing Option
როგორც ყოველთვის, პრემიერლიგის დასრულებულმა სეზონმა ამჯერადაც არაერთი საინტერესო მოვლენა დაიტია. ჩვენს წერილში სწორედ დასრულებული ინგლისური სეზონის გამორჩეულ პიროვნებებსა და ფაქტებს ეძღვნება.

სეზონის გუნდი
"ჩელსი" უდავოდ საუკეთესო იყო პრემიერლიგაში. ის დამსახურებული ჩემპიონია. სანამ კონკურენტები ქულებს ფანტავდნენ, ჟოზე მოურინიომ "სტემფორდ ბრიჯზე" ტაქტიკურად გამართული გუნდი ჩამოაყალიბა.

სხვა საქმეა, რომ სეზონის მეორე ნახევარში, როცა წინა პლანზე შედეგი გამოვიდა, მოურინიომ კვლავ გაიხსენა ძველი ტრადიცია და "ავტობუსები", თუმცა ფაქტია - შობამდე "ჩელსი" ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა.

"არისტოკრატთა" წარმატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს იყო უაღრესად გუნდური გუნდი.
გარდა ამისა, მოქმედებდა მოურინიოს ფაქტორი. ზაფხულში "ჩელსიმ" დაიმატა დიეგო კოშტა და სესკ ფაბრეგასი. საუკეთესო სეზონი ჩაატარეს კარიერაში მატიჩმა, კურტუამ და ასპილიკუეტამ. "ჩელსის" ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ გუნდს სათადარიგოთა სკამზე ხშირად არ ჰყავდა მაღალი დონის ბევრი შემსრულებელი.

სეზონის ფეხბურთელი
რომ არა ედენ აზარი, "ჩელსი", დიდი ალბათობით, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ვერ გახდებოდა ინგლისის ჩემპიონი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ედენის გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში. აზრი, სისწრაფე და შემოქმედება - ეს იყო ბელგიელი ლონდონური კლუბისათვის.

უნდა ითქვას, რომ აზარის პროგრესს მოურინიომ ყველანაირად შეუწყო ხელი, მან მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა ასპილიკუეტა და გუნდში მოიყვანა მატიჩი, რამაც აზარი "შავი სამუშაოსაგან" გაათავისუფლა.

სეზონის აღმოჩენა
ასეთად, უდავოდ, ჰარი კეინი უნდა დავასახელოთ. ის ინგლისურ ფეხბურთში თავბრუდამხვევი სისწრაფით შეიჭრა. თავის დროზე ჰარი გახარებული იყო, თუ ჟერმენ დეფოს სახლს გვერდს ჩაუვლიდა და აგროვებდა ტედი შერინგემის სურათებს. ახლა კი "ტოტენჰემის" გამოკვეთილი ლიდერია.

ეს წელი კეინისათვის დიდებული იყო. მან პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი ნოემბერში გაიტანა. სულ მან 21 გოლი შეაგდო, საუკეთესო დღე კი 1-ელ იანვარს ჰქონდა, როცა "ჩელსის" კარი ორჯერ აიღო.

კეინმა ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა ინგლისის ნაკრებში და დააინტერესა არაერთი გრანდი. ერთ წელიწადში მეტი რა უნდა ექნა?!

აღმოჩენებში უნდა ვახსენოთ ასევე "ტოტენჰემის" ტალანტი რაიან მეისონი, კიდევ ერთი ლონდონელი ნაბილ ბენტალები და "არსენალის" ფრანსის კოკლენი.

სეზონის მწვრთნელი
ჟოზე შეუდარებელი იყო დასრულებულ პრემიერლიგაში. მისთვის სეზონი ორ ნაწილად უნდა დავყოთ. პირველ ნაწილში "ჩელსი" "დაფრინავდა", მეორე ნახევარში კი გუნდისათვის პირველ პლანზე შედეგი გამოვიდა.

"ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ (3:5) მოუ მიხვდა, რომ თუ შედეგის დადება სურდა, ხშირად თამაში უნდა ჩაეხურა.

საუკეთესო მწვრთნელებში აუცილებლად უნდა ვახსენოთ "ნიუკასლისგან" უსამართლოდ უარყოფილი ალან პარდიუ. მისი წასვლის შემდეგ "ნიუკასლი" დაიქცა, "კრისტალ პალასი" კი მოფერიანდა. ასევე - ტიმ შერვუდი, ვინც "ასტონ ვილა" კარგად აათამაშა. კრისტიან ბენტეკეს დაკარგული რწმენა დაუბრუნა, ავანსცენაზე კი ახალი ვარსკვლავი, ჯეკ გრილიში გამოიყვანა.

სეზონის იმედგაცრუება
საინტერესოა, რა სჭირდება "ქუინზ პარკს" საიმისოდ, რომ შედეგი აჩვენოს. ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. გუნდის გადასარჩენად მხოლოდ ერთი ადამიანი იბრძოდა ბოლომდე - ჩარლი ოსტინი. მისი ძალისხმევა გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დიდი იმედგაცრუება არგუნა ქომაგებს "ნიუკასლმა" და მისმა მფლობელმა მაიკ ეშლიმ. აქვე უნდა ვახსენოთ "ტოტენჰემის" ამჟამინდელი და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობერტო სოლდადო, ვინც ლონდონში უფრო ტურისტია, ვიდრე გამტანი. ვერ გაამართლეს იმედები რადამელ ფალკაომ და მარიო ბალოტელიმ.

სეზონის გოლი
"ქუინზ პარკის" ფეხბურთელმა მეტ ფილიპსმა "კრისტალ პალასის" კარში ულამაზესი ბურთი შეაგდო. მისი ღირსეული კონკურენტია "სანდერლენდის" ვეტერანი ფორვარდის, ჟერმენ დეფოს დიდებული გოლი "ნიუკასლთან" შეხვედრაში.

სეზონის ფრაზა
"მე ისევ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი ვარ. თუ მე მაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, ჩემს სამუშაოს მაგრად ვასრულებ", - თქვა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ კარვერმა. ამ ნათქვამის შემდეგ კარვერს მთელი ინგლისი დასცინოდა - მის ხელში "ჯორდები" ბეწვზე გადაურჩნენ პრემიერლიგის დატოვებას.

სეზონის ისტორია
პრემიერლიგის ბოლო ტურში "ნიუკასლი" ხონას გუტიერესის გარეშე ვერ მოუგებდა "ვესტ ჰემს". არადა, ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამხრეთამერიკელი თამაშს შეძლებდა. ის კი არა, საფრთხის ქვეშ იდგა მისი სიცოცხლე. ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ხონასს, თუმცა მან ავადმყოფობას აჯობა.

სეზონის ქამბექი
მატჩის დასრულებამდე ნახევარი ტაიმით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1 უგებდა "ლესტერს" საგარეო შეხვედრაში. "მელიებმა" დარჩენილ დროში აგრესიული ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. ჯერ ანგარიში გათანაბრდა. მერე ჯეიმს ვარდის დრო დადგა, რომელმაც "იუნაიტედი" შოკში ჩააგდო. იქვე ულოამაც გაიტანა. ალბათ, ასეთმა უტეხმა ხასიათმაც განაპირობა ის, რომ ბევრისაგან უპირობო აუტსაიდერად შერაცხულმა "ლესტერმა" პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

სეზონის განადგურება
დიკ ადვოკაატის მოსვლამდე "სანდერლენდი" ხშირად მოვალეობის მოხდის მიზნით გადიოდა მინდორზე. გუნდი "საუთჰემპტონთან" განადგურდა - 0:8. ამ მატჩში იყო ავტოგოლები (2) და "სანდერლენდის" მეკარის, ვიტო მანონეს საშინელი თამაში. გოლი და საგოლე პასი მიითვალა "საუთჰემპტონის" სერბმა შემტევმა დუშან ტადიჩმა.

სეზონის გაცილება
პირველ ადგილზე მაინც სტივენ ჯერარდი დგას. მისი გაცილება ვერ გამოვიდა წარმატებული. ლეგენდა წავიდა. ასევე ხელი დაუქნიეს ინგლისურ პრემიერლიგას ფრენკ ლამპარდმა და დიდიე დროგბამ. კოტდივუარელი პარტნიორებმა "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ მეფესავით, ხელში აყვანილი გაიყვანეს მინდვრიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა მართლა... მომეწონა....
თორნიკე
19:10 03-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული