როი კინის "ავტობიოგრაფია". VIII თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
"კრისტალ პალასთან" გადათამაშების წინ მწვრთნელი გვახსენებდა ერიკ კანტონას გიჟურ საქციელს, გვაფრთხილებდა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით: "მოიქეცით ისე, როგორც საჭიროა. იცით, რომ "კრისტალ პალასის" ფეხბურთელები აგრესიულები არიან. არ წამოეგოთ მათ პროვოკაციებს". სათქმელად იოლია, შესასრულებლად რთული. ინგლისური ფეხბურთი, თავისი ბუნებით, აგრესიულია.

ეს მკაცრი რეალობა სრულად შევიგრძენი პირველ ტაიმში. დარენ პიტჩერმა ძლიერად ჩამარტყა ფეხი და კოჭი დამიზიანა. ძალიან მტკიოდა. შესვენებაზე ექიმმა შვიდი ნაკერი დამადო. მწვრთნელმა მკითხა - შევძლებდი თუ არა თამაშის გაგრძელებას. "ვნახოთ, როგორ ვიქნები მეორე ტაიმის დასაწყისში", - ვუპასუხე მე. "ეს ინგლისის
თასის ნახევარფინალია, თავი ხელში აიყვანე, - ვეუბნებოდი საკუთარ თავს. - წაგება და მთელი სეზონი ჩავარდნილი იქნება".

მეორე ტაიმის ხუთი წუთის გასვლის შემდეგ მწვრთნელი ინტერესდება ჩემი მდგომარეობით. რა თქმა უნდა, წესრიგში არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ ტკივილთან გამკლავებას. გარეტ საუტგეიტი ერთვება ჩემთან ბრძოლაში. თამაშის წესს არ არღვევს, მაგრამ მტკივან კოჭს ეხება, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ნაკერები დამადეს. გამწარებული მინდვრიდან ვდგები და ფეხს ვაბიჯებ მას. ეს იყო ტკივილი, ბოღმა და შურისძიება. ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი. "რაზე ფიქრობდი?" - მეკითხება მწვრთნელი. მე კი ბოდიშს ვიხდი.

ჩემმა პირველმა წითელმა ბარათმა ინგლისურ ფეხბურთში მნიშვნელოვნად გაართულა ალექს ფერგიუსონის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა. მართალია, "კრისტალ პალასი" 2:0 დავამარცხეთ, მაგრამ ეს მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" "სირცხვილის მორიგი დღე" გახდა. გაზეთები მოითხოვდნენ ჩემ მკაცრად დასჯას სხვების დასაშინებლად. მათთვის ცოტა იყო ჩვეულებრივი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია. თამაში გავაფუჭე და ადეკვატური სასჯელი უნდა მიმეღო.

არაფერი უთქვამთ დარენ პიტჩერზე, ჩემს კოჭსა და შვიდ ნაკერზე. არც იმაზე, რომ სწორედ "კრისტალ პალასმა" დაიწყო ფიზიკური ბრძოლა და არა "მანჩესტერ იუნაიტედმა". კუნგ ფუს სტილში კანტონას ნახტომი და ამაზე კლუბის რეაქცია ფონად გასდევდა მომხდარს.

გარდა ამისა, ერიკი სეზონის ბოლომდე იყო დისკვალიფიცირებული, მას მაქსიმალური ფულადი ჯარიმა - 20 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა, რაც მისი ორი კვირის ხელფასი იყო. მაგრამ ალექს ფერგიუსონი ეწინააღმდეგებოდა ფრანგის გაყიდვის ან მასთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნებს.

პრესა კი "სისხლს" ითხოვდა. თუ მწვრთნელი არ დასჯის ერიკს, მაშინ გაზეთები მკაცრები იქნებიან თავად ფერგიუსონის მიმართ. მწვრთნელი სიმამაცეს ითხოვდა მოთამაშეებისგან და ახლა თავად გვიჩვენებდა მებრძოლ ხასიათს. ის არ აპირებდა თავისი აზრის შეცვლას, რომელსაც გასახდელში ბევრი ეთანხმებოდა. მართალია, კანტონამ საკუთარ მოქმედებაზე კონტროლი დაკარგა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რომ მის კარიერას ხაზი გადაესვას.

მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში ალექს ფერგიუსონი მუდმივად მტუქსავდა, პრესაში მწვრთნელი ჩემს მხარეს იყო. პარასკევს, მატჩის შემდეგ მწვრთნელთან ერთად ვესწრებოდი პრესკონფერენციას. ბოდიში მოვიხადე ინციდენტისთვის და ვუჩვენე ჟურნალისტებს დაზიანებული კოჭი. როგორც ჩანს, ამან მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოახდინა.

ასოციაცია არ ეწინააღმდეგებოდა მათ, ვინც ჩემს თავს ითხოვდა. ისინი მადანაშაულებდნენ იმაში, რომ თამაში გავაფუჭე. ლონდონში სადისციპლინო კომიტეტის მოსმენაზე ავტომატურად მომცეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5000 ფუნტის ოდენობით. "იუნაიტედმა" ერთი კვირის ხელფასი მომიხსნა. ისიც კარგი იყო, რომ ინგლისის თასის ფინალში თამაშს შევძლებდი.

ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში ირკვეოდა. თუ "ვესტ ჰემს" დავამარცხებდით, "ბლექბერნს" ასევე დასჭირდებოდა სამი ქულა "ენფილდზე". 20 წუთით ადრე ჩვენს თამაშებში 1:1 იყო ანგარიში. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და შანსებს ხელიდან ვუშვებდით. ეს არ იყო ჩვენი დღე. ანგარიში აღარ შეიცვალა. "ენფილდზე" კი "ლივერპულმა" ბოლოსკენ გამარჯვების გოლი გაიტანა. "ბლექბერნმა" ვერ ჩააბარა გამოცდა...

თასის ფინალში "ევერტონმა" 1:0 დაგვამარცხა. ერიკს საკუთარი ემოციები რომ გაეკონტროლებინა "სელჰერსტ პარკზე", შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კანტონასთან ერთად შევძლებდით მეორე ოქროს დუბლის შესრულებას. თუმცა მის გარეშეც მოვახერხებდით ამას, ამდენი ძალა და ენერგია რომ არ დაგვეხარჯა სკანდალებისა და მათი შედეგების გამო.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. იმისთვის, რომ დიადი მწვრთნელი გახდე, გჭირდება დიადი ფეხბურთელები ან, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოთამაშეები, რომლებიც პროფესიულად მიუდგებიან საკუთარ საქმეს. იმისთვის, რომ წარმატებული მოთამაშე გახდე, საჭიროა სწორ დროს სწორ გუნდში მოხვდე სხვა კარგ ფეხბურთელებთან ერთად. ალექს ფერგიუსონი იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა ბედს. გუნდის შესაბამისი სტრუქტურისა და სწორი მომზადების გარეშე ვერც როი კინი, ვერც დევიდ ბექჰემი და ვერც ერიკ კანტონა ვერ გაიბრწყინებდნენ და, შესაძლოა, საერთოდ ჩამქრალიყვნენ.

ბევრი მწვრთნელი საერთოდ არ არის დაკავებული მმართველობით. ისინი ირჩევენ შემადგენლობას, ყიდულობენ ფეხბურთელებს, არჩევენ ტაქტიკას, ალაგებენ ურთიერთობას კლუბის ხელმძღვანელობასთან და პრესასთან. შემდეგ მათ უშვებენ თანამდებობიდან. ფერგიუსონი მათგან განსხვავდება. ის "მანჩესტერს" თავიდან ბოლომდე იცნობდა. თვალყურს ადევნებდა რეზერვისტების მატჩებს ისეთივე ყურადღებით, როგორც პირველ გუნდს. ის ცნობილი იყო ყველა დეტალის მიმართ თავისი სკურპულოზური მიდგომით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი სინამდვილეში?

ეს ნიშნავს - ზედმეტ ყურადღებას ყველა ფაქტორის მიმართ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კლუბის განვითარებაზე: სად გაატარე წინა ღამე, ვინ არიან შენი მეგობრები; როგორ მისცე დასვენების საშუალება ფეხბურთელს, რომელსაც ვარჯიშზე დაღლილობა ეტყობა; როგორ შეაჩვიო ბრძოლას ახალგაზრდა ფეხბურთელი და როგორ მისცე მას პრემიერლიგაში თავის გამოჩენის საშუალება მაშინ, როცა გამოცდილი ვეტერანი ვეღარ უმკლავდება თავის მოვალეობებს; ვინ იყიდო და გაყიდო; როდის გაემგზავრო გასვლით მატჩებზე; რომელ სასტუმროში იქნებიან ფეხბურთელები მშვიდად, მაგრამ თან არ მოიწყენენ; ფეხბურთელის დიეტა; ბოლო მიღწევები სამედიცინო სფეროში; მოთამაშეთა პირადი პრობლემების გადაწყვეტა; ყველაფერი საჭიროთი უზრუნველყოფა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კონცენტრირებულნი იყვნენ მხოლოდ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერ საფეხბურთო კლუბში - შედეგზე.

ფერგიუსონის მოღვაწეობის მასშტაბები კლუბში უზარმაზარია. შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა. აი, ერთ-ერთი: აცნობიერებდა რა მოთამაშეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლის ზრდას და ამ ზეწოლის მავნე გავლენას, ფერგიუსონმა გასცა განკარგულება, "ოლდ ტრაფორდზე" მოეწყოთ საბავშვო ბაღი, რათა ფეხბურთელების ცოლებსა და მათ ბავშვებს მყუდრო გარემოში შეძლებოდათ საშინაო მატჩებზე დასწრება. თითქოს წვრილმანი საქმეა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხაზს უსვამდა ფეხბურთელების ცხოვრებაში მათი მეუღლეებისა და შეყვარებულების მნიშვნელოვან როლს. საქმისადმი ასეთი მიდგომით, მოთამაშეთა ცხოვრება გაცილებით იოლი გახდა.

ალექს ფერგიუსონი ყოველ დილით მოდიოდა ვარჯიშზე. მისი იქ ყოფნა იგრძნობოდა მაშინაც, როცა თავის კაბინეტში იყო. ის შეუმჩნევლად გამოდიოდა მინდორზე, იცინოდა, ხუმრობდა და ლაპარაკობდა საკუთარი მობილურით. ყოველთვის დაკვირვებული იყო და ეძებდა დადებით ან უარყოფით მომენტებს ფეხბურთელებში, რომლებიც ყველაზე მეტად ადარდებდა ამ კონკრეტულ მომენტში. ორი, სამი ან მეტი ფეხბურთელი ყოველთვის იმყოფებოდა მისი თვალთახედვის არეში. ვინ დატოვოს სათადარიგოთა სკამზე, ვინ გაიყვანოს მატჩზე? ვის უნდა უსაყვედუროს? ვის მოუთათუნოს მხრებზე ხელი?

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული