ფელაინი "იუნაიტედის" წამყვან ფეხბურთელად იქცა და მისი ნახვა მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზეა შესაძლებელი. ბელგიელი თანდათან გუნდის ლიდერიც ხდება და ბოლო დროს გადამწყვეტი გოლების გატანასაც დაეჩვია.
რომელია მარუანის ოპტიმალური სათამაშო პოზიცია? ამაზე ბელგიელს თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს:
"რა თქმა უნდა, ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს იქ, სადაც ეს მწვრთნელს სურს და მზად ვარ, ბოლომდე შევასრულო ვან გაალის ნებისმიერი დავალება, მაგრამ საკუთარ თავს მე დაცვითი ყაიდის ნახევარმცველად
27 წლის ფელაინი ურიგოდ არც წინწაწეული ნახევარმცველის ამპლუაში გამოიყურება.
"მენეჯერს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე წინ უფრო სასარგებლო ვარ და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ძალიან კარგად მესმის, რომ გოლების გატანა ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. მე რამდენიმე გადამწყვეტი ბურთი შევაგდე და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ", - ესეც ბელგიელის სიტყვებია.
ვან გაალს უყვარს ფელაინი. მან ბელგიელის კანდიდატურა რამდენიმე ვარსკვლავზე წინ დააყენა. სწორედ მარუანის ფაქტორის გათვალისწინებით ვერ აღმოჩდნენ "იუნაიტედში" რაჯა ნაინგოლანი, კევინ სტროოტმანი და ბასტიან შვაინშტაიგერი. ისე, "ბაიერნი" რომ იოლად ვერ შეელეოდა ლიდერს, ესეც ფაქტია.
ჰოლანდიელმა ჩათვალა, რომ მინდვრის ცენტრში ბელგიელი იდეალურ მეწყვილეობას გაუწევდა მაიკლ კერიკს.
"მისი საფეხბურთო ფილოსოფია ძალიან ახლობელია ჩემთვის. ვან გაალი აქცენტს შეტევაზე და ბურთის ფლობაზე აკეთებს. ეს სტილი ძალიან მიყვარს. ჰოლანდიელის დადებითი თვისებაა ისიც, რომ მას გადამწყვეტ მომენტში შეუძლია გუნდის მომართვა".
"ალბათ, სწორედ მისი ამ თვისების დამსახურებაა ის, რომ სეზონის ბოლოს ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და მატჩების მეტი წილი მოვიგეთ, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვესრულებინა სეზონი პროგრამა - მინიმუმი და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვეგო.
"მანჩესტერი" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს უბრუნდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - მსჯელობს ფელაინი.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "იუნაიტედი" გვარიან აქტიურობას აპირებს. "წითელი ეშმაკების" მთავარი სამიზნე "რეალის" უელსელი შემტევი, გარეთ ბეილია.
"ბეილის სათამაშო თვისებების შესახებ ყველამ კარგად იცის. მას განსაკუთრებით "ტოტენჰემში" აფასებენ, რადგან წლების განმავლობაში თამაშობდა "დეზების" შემადგენლობაში.
თქმა არ უნდა, დიდებული შენაძენი იქნება, მაგრამ ჯერ ის მადრიდშია და ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ", - ამბობს მარუანი.
მომავალ სეზონში პრემიერლიგა უამრავ საინტერესოს გვპირდება. ტიტულზე ინადირებენ "ჩელსი", "არსენალი", "სიტი" და "მანჩესტერი". ცხელ სეზონს ელის ჩვენი წერილის გმირი.
"დასრულებულ სეზონში "ჩელსი" საუკეთესო იყო და მათზე საჩემპიონო ტიტული ალალია. რაც შეეხება მომავალ სეზონს, ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მწამს, ჩვენ შეგვიძლია, ბოლომდე ვიომოთ ჩემპიონობისათვის და გავაკეთოთ ის, რაც გასულ სეზონში არ გამოგვივიდა. ამისათვის მინდორზე ყველამ ყველაფერი უნდა დადოს", - ოპტიმისტობს ბელგიელი.
გასული სეზონი კი "იუნაიტედისათვის" არათანაბარი გამოვიდა. კრიტიკოსებს გუნდის თამაშში ნაკლოვანებების მოძებნა არ უჭირდათ. ამ გარემოებას ფელაინი თავისებურად ხსნის:
"პირველი სეზონი იყო ვან გაალისთვის და ბუნებრივია, იყო გარკვეული სირთულეებიც. ჩვენი თამაში უნაკლო არ ყოფილა, მაგრამ ქომაგებმა უნდა გაგვიგონ.
გუნდში მიმდინარეობდა თაობათა ცვლის პროცესი. მინდა, საკითხს პოზიტიურად შევხედო. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ითამაშა დავიდ დე ხეამ. ის, უბრალოდ, დიდებული იყო".
საინტერესოა, რას ფიქრობს ფელაინი ბელგიის ნაკრებზე. საყოველთაო აღიარებით, ბენილუქსელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
"ჩვენ ბევრი შეგვიძლია და ეს ყველამ იცის. ასაკი გვემატება, უფრო გამოცდილნი ვხდებით. ალბათ დადგა დრო, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბროთ ისე, როგორც დიდი ტურნირების მთავარ ფავორიტზე.
ჩვენს თაობაზე ყველა ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და ეს კარგად ვიცით. ავანსები უნდა გავამართლოთ. ბელგიელი ქომაგი სიხარულს ნამდვილად იმსახურებს", - ამბობს ფელაინი.
მარუანისათვის ფეხბურთი ცხოვერების მთავარი გატაცებაა - მას ამ სფეროს მიღმა საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია.
"ფეხბურთს და ოჯახს უმთავრესი ადგილი უჭირავს ჩემს შეგნებაში. ეს არის ორი რამ, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია".
მომავალ სეზონში ოპტიმისტი გოლიათი კიდევ უკეთეს თამაშს გვპირდება. ამით ჩვენ ნაღდად მოვიგებთ. ჩვენც და ფეხბურთიც!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"