"ასტონ ვილა": ახალი კონტრაქტი კრისტიან ბენტეკეს

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილა"კრისტიან ბენტეკეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 24 წლის ფორვარდი თითქოს, ამ გუნდისთვის გადაიზარდა და მეტის ამბიცია აქვს, მაგრამ მას კიდევ ორწლიანი შეთანხმება აკავშირებს "ვილა პარკის" ბინადრებთან.

გუნდის პოზიციაც გასაგებია, თუ ბენტეკე ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, ბირმინგემელები უფრო მშვიდად იქნებიან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ზაფხულს შეეცდებიან მის გაყიდვას და სოლიდური თანხის გამომუშავებას.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამჟამად ბელგიელის გამოსასყიდი თანხა 32,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"კრისტიანმა წასვლა რომ მოისურვოს, შევუშლით თუ არა ხელს? ძნელია, იმ მოთამაშეს წინ გადაუდგე, რომელსაც წასვლა სურს. ბევრი
ჭორი ვრცელდება, მაგრამ მე არ მინდა დეტალებზე საუბარი და ჩვენი გეგმებისა თუ სატრანსფერო პოლიტიკის პრესაში გამომზეურება. თუმცა იმას გეტყვით, რომ ბენტეკეს ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ; რა თქმა უნდა, შევთავაზებთ" - აღნიშნა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ფოქსმა.

ბენტეკე "ვილამ" 2012 წელს "გენკიდან" 7 მილიონ ფუნტად შეიძინა. მან ბირმინგემელებთან 2013 წელს ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის უფროსობას იმედი აქვს, რომ კრისტიანი ახლაც იმავეს გააკეთებს.

მისაბაძ მაგალითად კი ფაბიან დელფი მოჰყავთ, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. იგი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ინგლისის ნაკრებშიც დამკვიდრდა, მაგრამ დელფმა გუნდთან იანვარში ახალი, ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა მისი წასვლის შანსი ძალიან მცირეა.

"ყველა ფეხბურთელს საკუთარი მიდგომა და ხედვა აქვს, კლუბთან ყველას დამოკიდებულება თავისებურია. ფაბიან დელფი დავიბრუნეთ. მან ბრწყინვალედ ითამაშა და თამაშობს, ბევრი არ ელოდა, იანვარში კი ჩვენ ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ" - დასძინა ფოქსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული