სეზონის ფეხბურთელი
"ჩელსიზე", რაც ვთქვით, თითქმის იგივე უნდა გავიმეოროთ მის ლიდერ ედენ აზარზე: შესაძლოა, ბელგიელმა ყველა შეხვედრა დიდებულად ვერ ჩაატარა, მაგრამ ყველაზე დაბალანსებული იყო და ძალიან პროდუქტიული გახლდათ. სწორედ სტაბილურობა და, რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი დააკლდათ სეზონის სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს - ჰარი კეინს, ალექსის სანჩესს, ფილიპე კოუტინიოს, სერხიო აგუეროს...
ბომბარდირები
სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო სნაიპერი სავსებით დამსახურებულად გახდა და თანაც, მდევრებს დიდი დიეგო კოშტას საუცხოო პირველი წრე ჰქონდა და დაწყებული სქემის ბოლომდე მიყვანას მომავალ სეზონში შეეცდება. მშვენიერი იყო ჩარლი ოსტინი, რომელმაც საიდო ბერაჰინოსთან და დენი ინგსთან ერთად, პირველი წრე კოშტას მსგავსად, უკეთ ჩაატარა. ალექსის სანჩესი "არსენალის" ბომბარდირი გახდა, მან ოლივიე ჟირუს აჯობა. ედენ აზარი სხვა ყველაფერთან ერთად, "ჩელსის" 14 გოლით შეეწია.
13 ბურთი მოუგროვდა კრისტიან ბენტეკეს, რომელსაც ტრავმებმა და დისკვალიფიკაციამ შეუშალა ხელი, იგი სათანადოდ ჩემპიონატის ბოლო მონაკვეთში ათამაშდა. დავიდ სილვას 12 გოლი აქამდე არასოდეს გაეტანა ერთ სეზონში. ამდენივე მოაგროვა გრაციანო პელემ თავის სადებიუტო პრემიერლიგაში.
12 მიითვალა უეინ რუნიმაც, რომელიც სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში უკანდახეული იყო. პაპის დემბა სისემ 11 გოლით დიდი დახმარება გაუწია "ნიუკასლს", არადა, 7 მატჩი მან მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რასაც ტრავმაც დაემატა და თან იგი ხშირად შეცვლაზე შედიოდა.
11 ბურთი არც შადლისთვისაა ცუდი. უილფრიდ ბონისგან მეტს ველოდით, მაგრამ მას "სიტიში" ადაპტაცია დასჭირდა. ინგსი, მამე ბირამ დიუფი და ლეონარდო ულოაც 11 გოლით გამოირჩნენ. იაიატურემ წინა სეზონის ნახევარ შედეგს მიაღწია და 10 გოლს დასჯერდა. 10-იანთა კლუბში ვხვდებით კრისტიან ერიკსენს, რომელუ ლუკაკუს, სადიო მანეს, დიაფრა სახოსა და რობინ ვან პერსისაც.
მეპასე
ფრანსესკ ფაბრეგასმა ტიერი ანრის რეკორდი ვერ გააუმჯობესა, მაგრამ არც 18 საგოლე გადაცემაა ცუდი შედეგი. ამ მხრივ, ესპანელს მეორე წრეში უფრო უნდა ეაქტიურა. მისი თანამემამულე სანტი კასორლა მეორეზე გავიდა 11 საგოლე პასით. ბევრს შეიძლება ვერც შეემჩნია, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩის" კრის ბრანტმა 10 პასი მოაგროვა. ამდენივე აქვთ ჩვენ მიერ ნაქებ სიგურდსონსა და ნაკრიტიკებ დი მარიას. "ევერტონის" მცველს ლეიტონ ბეინსს 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ისევე როგორც აზარსა და "ლივერპულის" ჯორდან ჰენდერსონს.
"რვიანების" სია ასეთია - აგუერო, სტიუარტ დაუნინგი, ხესუს ნავასი, ოსკარი, მეტ ფილიპსი, ჯეიმს ვარდი და ალექსის სანჩესი. ესეც "შვიდიანები": დავიდ სილვა, ლამელა, ჯეიმს მილნერი, ჯეფერსონ მონტერო, ჯეისონ პანჩონი, რაჰიმ სტერლინგი და დუშან ტადიჩი.
მეკარეები
ჯო ჰარტმა კარი ყველაზე მეტჯერ კი შეინახა, კერძოდ კი 14-ჯერ, მაგრამ პრემიერლიგაში თითქმის ყველა გუნდს კარგი მეკარე ან მეკარეები ჰყავს. "სუონსის" ლუკაშ ფაბიანსკიმ, "საუთჰემპტონის" ფრეიზერ ფორსტერსა და "ლივერპულის" სიმონ მინოლეს 13-13 მშრალი მატჩი ჰქონდათ. 12-ჯერ არ გაუშვა ტიბო კურტუამ, რომელიც მოურინიომ ჩეხს ამჯობინა, კურტუას კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბოლოსკენ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ბენ ფოსტერი, ასმირ ბეგოვიჩი, ტიმ ჰოვარდი, უგო ლორისი... კიდევ ბევრის ხსენება შეიძლება.
მწვრთნელები
სტატისტიკა მეტყველია და მოურინიოს ტახტიდან ვერავინ ჩააჩოჩებს. უნდა დავაფასოთ რონალდ კუმანის მუშაობა, ასევე მონკის. რასაკვირველია, ცალკე დასაფასებელია ნაიჯელ პირსონის გმირობა, პრესამ იგი თვითნებურად რამდენჯრმე მოხსნა, ხოლო მისი "ლესტერი" დიდი ხნის ჩამოწერილი იყო, მაგრამ... წინა სეზონის საუკეთესოდ დასახელებულმა ტონი პულისმაც თქვა თავისი სიტყვა "ვესტ ბრომვიჩთან" ერთად. იმედგაცრუება, გადარჩენილები და გავარდნილები
ბევრად მეტს ველოდით "ევერტონისგან", მაგრამ რობერტო მარტინესს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და სასურველი ახალი ფეხბურთელები არ მიუყვანეს. მეტს ველოდით "ვესტ ჰემისგანაც" ომახიანი დასაწყისის გამო. იმედგაცრუება ყველაზე მეტად "ნიუკასლსა" და მის მწვრთნელს ჯონ კარვერს შეეფერებათ. "სანდერლენდი" კი კიდევ ერთხელ გამოძვრა ურთულესი მდგომარეობიდან, ამჯერად დიკ ადვოკაატის დახმარებით. გადარჩა "ასტონ ვილაც", რომელიც ღრმა კრიზისში იყო, მაგრამ ბირმინგემელები ტიმ შერვუდმა იხსნა და გუნდი თასის ფინალშიც გაიყვანა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.
შონ დაიჩის მებრძოლ "ბარნლის" თავს ზემოთ ძალა წესით ჰქონდა, რასაც ძლიერ გუნდებთან ამტკიცებდა, მაგრამ გუნდს გამოცდილება არ ეყო. იმედგაცრუებაც არის და გავარდნილი "ქუინზ პარკ რეინჯერსი", რომელმაც უმაღლეს ლიგაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. არც სტივ ბრიუსის "ჰალის" გავარდნას ველოდით, მაგრამ პრემიერლიგაში სულ კარგი გუნდები არიან და გასავარდნად გასამეტებელ-გასაწირი ძნელი საპოვნელია.
ინგლისი ფეხბურთით მდიდარი ქვეყანაა და ჩემპიონშიპშიც ძნელია სუსტი, არაკონკურენტუნარიანი და ისეთი გუნდის პოვნა, წარსულში წარმატებებისთვის რომ არ მიეღწიოს. გუნდი, რომელსაც პრემიერლიგაში აქამდე არასოდეს ეთამაშა "ბორნმუთია", რომელმაც ჩემპიონშიპი შტამბეჭდავად მოიგო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
არადა, 5 წლის წინ "ბორნმუთი" მეორე ლიგაში იყო. მეორე ადგილზე გასულმა "უოტფორდმა" თავი მოგვანატრა და 8-წლიანი პაუზის მერე, პრემიერლიგას დაუბრუნდა. მესამე იღბლიანი კი "ნორვიჩია", რომელმაც ელიტაAში მიმავალი გზა პლეი ოფით გაიკვლია.
მანეს ჰეთ თრიკი
სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სადიო მანეს ჰეთ თრიკი იყო. 1994 წლის 28 აგვისტოს "ლივერპულის" ლეგენდამ რობი ფაულერმა "არსენალს" სამი გოლი 4 წუთსა და 33 წამში გაუტანა. "ღმერთის" რეკორდი ძალაში 21 წელიწადი იყო და ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას, თანაც საგრძნობლად გააუმჯობესებდა სენეგალელი სადიო მანე, რომელმაც 16 მაისს "ასტონ ვილას" კარი სამჯერ 2 წუთსა და 56 წამში აიღო. მანეს ზოგადად, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. 23 წლის ფეხბურთელი "წმინდანებმა" "ზალცბურგიდან" დაიმატეს და არავინ ელოდა, რომ იგი ასე უპრობლემოდ მოერგებოდა პრემიერლიგას.
ლამპარდი VS ჯერარდი
უმდიდრესი საფეხბურთო ჩემპიონატი პრემიერლიგა სინამდვილეში ძალიან გაღარიბდა, რადგან ის ორმა შეუფასებელმა ფეხბურთელმა დატოვა. ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი კარიერას ამერიკაში აგრძელებენ, ასრულებენ. "ვესტ ჰემის" აღზრდილი "ჩელსის" ლეგენდა ლამპარდი "სიტის" მაისურით დაგვემშვიდობა დ,ა რაც მთავარია, მორიგი გოლით. ბოლო ტურში "ლივერპულმა" სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ თავად სტივი ჯიმ შეაგდო და ისე წავიდა. მას სულ 120 ბურთი მოუგროვდა, ხოლო ფრენკის - 177. ჯერარდი პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა, რაც ნახევარმცველისთვის დიდებული შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"