უცვლელად რჩება კიდევ ერთი რამ, "წითელ ეშმაკებს" კვლავაც უკავშირებენ გარეთ ბეილს, რომელიც თითქოს, "რეალიდან" წასვლას არ აპირებს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები სხვაგვარად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ უელსელს აზრს შეაცვლევინებენ. ბევრი ექსპერტიც მიიჩნევს, რომ მანჩესტერელებს ბეილი "დახატავდათ".
ჯერჯერობით, ზაფხულის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი სწორედ "იუნაიტედს" ეკუთვნის - 40 მილიონი მემფის დეპაიში - თუმცა ყველამ ვიცით, რომ გუნდი კიდევ ბევრის დახარჯვას
ბეილზე საუბარი ბოლო დღეებში "მანჩესტერის" "რეალის" სხვა ვარსკვლავის, სერხიო რამოსისადმი ინტერესმა გადაფარა. ამბობენ, თავად სევილიელსაც დაუჯდა ჭკუაში "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება და ეს ოფიციალურად განუცხადა კიდეც კლუბსო. ასეა თუ ისე, 29 წლის მცველს ბევრი მსურველი ეყოლება და "მანჩესტერმა" ძალიან უნდა მოინდომოს.
კიდევ ერთი ცნობილი სახე, რომელიც "ოცნებების თეატრზე" გადაბარგებას უკავშირდება, ბასტიან შვაინშტაიგერია. ასეც ხდება, გუნდები თავიანთ ძველ ლიდერებსა და სიმბოლოებს უშვებენ, ელევიან. მიუნხენელებსაც იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც ახლა "ალიანც არენაზეა", თავისუფლად წარმოუდგენიათ და დასაშვებად მიაჩნიათ 30 წლის ნახევარმცველის გაშვება. ამბობენ, ეს ტრანსფერი 7,5 მილიონი გირვანქა დაჯდებაო.
კიდევ ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაზეც ჰოლანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, ეს მეკარის ამპლუაა. დავიდ დე ხეას წასვლის საფრთხე ჯერ კიდევ არის და ვან გაალი თავს იზღვევს. ის ისეთ გოლკიპერს ეძებს, რომელიც კარგი, საიმედო დუბლიორი იქნება და საჭიროების შემთხვევაში პირველ ნომრობასაც მშვენივრად იტვირთავს. ერთ-ერთი ასეთი იესპერ სილესენია. "აიაქსის" მეკარე ბოლო წლებში პროგრესირებს და სტაბილურად კარგად თამაშობს. წინადადების მიღების შემთხვევაში, 26 წლის გოლკიპერი, ალბათ, სიხარულით დათანხმდება მას.
კულუარული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ამ ყველაფრისთვის150 მილიონი ფუნტი გაუმზადებიათ. რამდენად საკმარისი იქნება ეს, თავად განსაჯეთ.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ ფილ ჯონსმა, წესით, უახლოეს დღეებში უნდა დაუსვას წერტილი ჭორებს მისი შესაძლო წასვლის შესახებ, იგი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებსო. წესით, 23 წლის მცველის გაშვება ვან გაალის გეგმებში მართლაც არ უნდა შედიოდეს.
სამაგიეროდ, აშკარად ფიქრობენ ხავიერ ერნანდესის გაშვებაზე. 27 წლის მექსიკელს მეტი სათამაშო დრო უნდა. იგი წინა სეზონში მადრიდის "რეალში" იყო განათხოვრებული, ახლა კი შესაძლოა, ესპანეთის დედაქალაქის მეორე კლუბში, "ატლეტიკოში" აღმოჩნდეს. "ათლეტებმა" მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსში" გაუშვეს და "ვილიარეალიდან" ლუსიანო ვიეტო კი მოიყვანეს, მაგრამ დიეგო სიმეონეს კიდევ ერთი კარგი თავდამსხმელი სჭირდება და "ჩიჩარიტოზე" ფიქრობს.
ორი სიტყვა ვთქვათ ნანიზეც, რომელიც წინა სეზონში "სპორტინგში" გახლდათ განათხოვრებული და ლისაბონური გუნდის რიგებში მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ "მანჩესტერმა" ახლა შესაძლოა, უფრო სარფიანი წინადადება მიიღოს და უპირატესობა მას მიანიჭოს - თურქული "ფენერბაჰჩე" 28 წლის შემტევში 7 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"