როი კინის "ავტობიოგრაფია". IX და X თავები [გაგრძელება]

AutoSharing Option
მორაგბეებთან მუშაობის გამოცდილების წყალობით, დეივ ფევრმა იცოდა, რა გაეკეთებინა და რა არ უნდა გაეკეთებინა ჩემი სრული აღდგენისთვის.

სარეაბილიტაციო პროცესში არსებობდა მთელი რიგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები. ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალში სამი დღე გავატარე. ამის შემდეგ დავიწყე ფიზიკური კონდიციების აღდგენის ხანგრძლივი, რთული და მტკივნეული პროცესი.

ერთხელ ჩემთან მოვიდა ლი შარპი (ის უკვე "ლიდსის" შემადგენლობაში თამაშობდა). ჩემს ტრავმამდე ცოტა ხნით ადრე მან ასევე დაიზიანა მუხლის ჯვარედინი მყესები. სასწრაფოდ მინდოდა მომესმინა მისი მდგომარეობის შესახებ. "თითქმის დავფრინავ, - მიპასუხა მან. - ბურთთან ერთად დავრბივარ. თითქმის
მზად ვარ სათამაშოდ".

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვისხედით და ძველ კეთილ დროს ვიხსენებდი, მე კი ვფიქრობდი: ღმერთო, თუ ლი დარბის და ბურთთან ერთად მუშაობს, ესე იგი, ძალიან ჩამოვრჩი. ბოლოს წამოდგა და კინაღამ იატაკზე დაეცა. "როგორც ჩანს, ფეხი დამიბუჟდა", - იცრუა ლიმ არადამაჯერებლად. ის კოჭლობით მივიდა თავის "პორშესთან", ჩახტა მანქანაში და წავიდა. ნანახით ცოტათი დამშვიდებულმა, მეორე დილას ყველაფერი დეივს მოვუყევი. "როგორც ჩანს, ის ჩქარობს, როი. არ ინერვიულო, მიზანს ვუახლოვდებით", - დამარწმუნა მან.

როცა ხუთი-ხუთზე თამაშებში მონაწილეობა დავიწყე, ბიჭები ცდილობდნენ, ჩემ წინააღმდეგ ხისტად არ ეთამაშათ. ძალიან იოლი იყო ყველაფერი. ამიტომაც დეივ ფევრმა გუნდი შეკრიბა და გამოუცხადა, რომ ჩემ მიმართ არანაირი დათმობა არ უნდა ყოფილიყო - "წაართვით მას ბურთი". და მალე ყველა მე დამდევდა. დავბრუნდი... თითქმის. სეზონის ბოლო კვირაში "არსენალმა" ჩემპიონობა მოიპოვა. მიმაჩნდა, რომ შემეძლო ჩემპიონატის ბოლო მატჩში მონაწილეობის მიღება "ბარნსლის" წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ექიმებს არაფრის გაგონება არ სურდათ ამის შესახებ.

კიდევ ექვსკვირიანი დასვენების შემდეგ, 1998-99 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად მივფრინავდი. გავემგზავრეთ სკანდინავიურ ტურნეში. ჩემ არყოფნაში კაპიტანი პეტერ შმეიხელი იყო. მწვრთნელმა მითხრა, რომ მისი სურვილი იყო, პეტერს კაპიტნის სამკლავური ტურნეს ბოლომდე დარჩენოდა.

მაინცდამაინც არ გამხარებია ეს შეტყობინება, მით უმეტეს, რომ "უემბლიზე" "არსენალთან" ინგლისის სუპერთასის წინ, შმეიხელს არ ეტყობოდა, რომ მზად იყო ჩემთვის კაპიტნის სამკლავურის დასაბრუნებლად. ბოლოს და ბოლოს, მწვრთნელმა მას დათმობა უბრძანა. შმეიხელმაც დათმო და შავი ღრუბელივით გახდა. "არსენალმა" ორი იოლი გოლი გაიტანა და 3:0 მოიგო. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა გუნდი შეკრიბა და პეტერს სერიოზულობისკენ მოუწია.

X თავი
მწვრთნელის მისწრაფება წარმატებისკენ კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, როცა მან "ეინდჰოვენიდან" იააპ სტამი შეიძინა და სატრანსფერო რეკორდი დაამყარა ცენტრალურ მცველებს შორის. მან აგრეთვე "პარმადან" გადაიბირა იესპერ ბლუმკვისტი. ამავე პერიოდში "იუნაიტედმა" ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, როცა 12.6 მილიონ ფუნტად შეიძინა დუაიტ იორკი.

ამის შემდეგ კლუბში აშკარად იგრძნობოდა ცვლილების სიო. ასეთი ძლიერი შემადგენლობის გათვალისწინებით, 1998 წელს მოთამაშეებისგან აღარ იყო მოსალოდნელი თვითდამშვიდება. არავის ჰქონდა გარანტირებული ადგილი ძირითადში, რაც ჩემი აზრით, მხოლოდ დადებითად იმოქმედებდა კლუბის განვითარებაზე. იმდენად დაკმაყოფილებულნი ვიყავით შიდა არენაზე წარმატებებით, რომ მტკვნეული შეგრძნებები გვქონდა, როცა ლაპარაკი ნამდვილ პრიზზე - ჩემპიონთა თასზე იწყებოდა.

დუაიტ იორკის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო ალექს ფერგიუსონის მხრიდან. როგორც გაირკვა, ბრაიან კიდს სკეპტიკური მოლოდინი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით - გაამართლებდა თუ არა იორკი მასში გადახდილ თანხას. და ღიად განაცხადა ამის შესახებ. როგორც მთავარი მწვრთნელი, კიდიც ღიად ლაპარაკობდა იმაზე, რასაც ფიქრობდა. სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნდა, რომ იორკი იმდენ გოლს გაიტანდა, რამდენსაც მისგან ელოდნენ, თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა მის შესაძლებლობებში და იმაში, რომ მეტოქის მცველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ მის "ჩასაკეტად".

იააპ სტამი უზრუნველყოფდა დაცვის საიმედოობას. ეს დროული შენაძენი იყო "მიდლსბროში" გარი პალისტერის გადასვლის შემდეგ. სტივ ბრიუსმა და გარი პალისტერმა შექმნეს ტანდემი, რომლის წყალობით მივაღწიეთ წარსულში წარმატებას. სტამსა და რონი იონსენს, რომელიც ორი წლით ადრე ბრიუსის ნაცვლად შეიძინეს, საკმარისი გამოცდილება გააჩნდათ.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი "იუნაიტედში" ნორვეგიის "მიოლდედან" გადმოვიდა იმ პერიოდში, როცა გუნდში იონსენი მოვიდა. ის კლუბს მხოლოდ 1.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა და შესაძლოა, ეს იყო ყველაზე სარფიანი და სასარგებლო გარიგება კლუბის ისტორიაში. მას უწოდებდნენ "მკვლელს ბავშვის სახით".

და ეს მართალი იყო - ის მკვლელი იყო, სახე კი ბავშვისა ჰქონდა. როცა ის პირველად მოვიდა ვარჯიშზე და გუნდთან ერთად ფოტოს გადასაღებად მოემზადა, გავიფიქრე, რომ სკოლის მოსწავლე იყო, რომელიც "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა. მას 16 წელს თუ მისცემდით. მაგრამ, როცა ბურთი მისდიოდა, ყველანი ვხვდებოდით, შეტევის ბოლო ფაზაში რამდენად მაღალი დონის შემსრულებელთან გვქონდა საქმე. ოლეს ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო გოლის გატანა.

ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანი იყო, საქმისადმი პროფესიული მიდგომა ახასიათებდა, რის გამოც გასახდელში ყველამ შეიყვარა. ოლე უფრო დიდ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა და ძირითადში ადგილისთვის ენდი კოულს, დუაიტ იორკსა და ტედი შერინგემს ებრძოდა. მაგრამ ის არასოდეს წუწუნებდა, ხოლო, როცა შანსი ეძლეოდა, თითქმის ყოველთვის ასრულებდა იმას, რასაც მწვრთნელი ავალებდა. გუნდურ თამაშში ოლეს ტიპის პროფესიონალის მნიშვნელობა ყოველთვის შეუფასებელია. ასეთი იყო ის ჩვენთვის.

რამდენიმე მატჩის შემდეგ ფორმა აღვიდგინე, მაგრამ უკვე აღარ ვიყავი ის მთვარეული, რომელიც ალფი ჰოლანდზე ნადირობდა (თუმცა არ დამვიწყებია მისი შეურაცხყოფა, როცა "ელან როუდის" გაზონზე ვიწექი). ახლა უფრო მეტად ვაფასებდი თითოეულ მომენტს როგორც მატჩების, ასევე ვარჯიშების დროს. უკვე თავად ვამუშავებდი კუნთებს სპორტულ დარბაზში. მივხვდი, რასაც ვერასოდეს ვაცნობიერებდი ბოლო სეზონამდე - შენი დრო ფეხბურთში შეზღუდულია. ყველაფერი შეიძლება ართმევისას ერთი ილეთის შემდეგ დასრულდეს და შენი კარიერა წამში დამთავრებული იქნება.

კიდევ ერთი ძირეული ცვლილება მოხდა ჩემი ცხოვრების წესში.

მწყობრში დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი და არა მხოლოდ ის, რომ ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფებოდი. რაც უფრო შევდიოდი სეზონში, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ცხოვრებაში ჩემს საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი. ძირითადად, ეს მოხდა ჩემ გარშემო მყოფი ძლიერი ფეხბურთელების წყალობით. დაცვის ხაზი სანერვიულო არ იყო - გარი ნევილი და დენის ირვინი ბოლო მცველების პოზიციაზე თამაშობდნენ, იაპ სტამმა და რონი იონსენმა შესანიშნავ ურთიერთგაგებას მიაღწიეს დაცვის ცენტრში.

ნახევარდაცვაში პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და მე იშვიათად ვაგებდით მეტოქესთან ორთაბრძოლებს. დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი ფლანგებიდან შეტევებისთვის მრავალფეროვან არსენალს იყენებდნენ. ენდი კოული და დუაიტ იორკი მოედნის მიღმა მეგობრები გახდნენ, მეტოქის დაცვისთვის კი ორმაგ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ახლა, როცა საბოლოოდ მივანიჭეთ უპირატესობა გუნდურ ფეხბურთს, ფილ ნევილი, ოლე და ტედი შერინგემი დიდ დახმარებას გვიწევდნენ, როცა ბრძოლაში მათი ჩართვის დრო მოდიოდა.

ევროთასების მატჩები ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო, მაგრამ ის აღარ გვეჩვენებოდა ასე რთულად. პრემიერლიგის ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულების გამო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირი უნდა გაგვევლო, რომელშიც პოლონეთის კლუბ "ვიძევს" ვხვდებოდით. იოლად გავუმკლავდით ჩვენს ამოცანას. შედეგად, მოვხვდით უძლიერეს ჯგუფში, რომელშიც "ბრონდბიუ", "ბარსელონა" და "ბაიერნი" თამაშობდნენ. "ბრონდბიუ" შინ (5:0) და სტუმრად (6:2) გავანადგურეთ და "ბარსელონასთან" და "ბაიერნთან" ფრედ ვითამაშეთ. "კამპ ნოუზე" ფრე 3:3 გვიჩვენებდა, რამდენად შორს წავედით 1994 წელს ამავე სტადიონზე 0:4 წაგების შემდეგ. "ბარსასთან" მატჩში დუაიტ იორკმა დუბლი გაიფორმა, კოულმა კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

პრემიერლიგაში ჩემპიონი "არსენალი" ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. სექტემბერში მან "ჰაიბერიზე" 3:0 მოგვიგო და ქულა გამოიმუშავა თებერვალში "ოლდ ტრაფორდზე". აპრილში 14 დღის განმავლობაში ჩატარებულმა ოთხმა მატჩმა განსაზღვრა ჩვენი სეზონის ბედი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული