თუ არ გაყიდეს, ვერ იყიდიან
ჩვენ უკვე კარგა ხანია, მივეჩვიეთ, რომ ლონდონური კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ხშირად აქტიურად იქცევა და ეს აქტიურობა, არცთუ იშვიათად, გამომწვევ საქციელში გადადის. გავიხსენოთ თუნდაც ფერნანდო ტორესის მოულოდნელი გადასვლა "ლივერპულიდან". მაშინ ტორესი ვერტმფრენით მოიპარეს "ლივერპულის" ბაზიდან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებიღა რჩებოდა.ამ ზაფხულს
გარდა ამისა, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გუნდმა არამც და არამც არ უნდა გაყიდოს ლიდერები. უკვე მესამე სეზონია, ჟოზე "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა. ამას ახალი გუნდით ვერ გააკეთებ.
"წერტილოვანი სელექცია" - აი, რა სჭირდება მოურინიოს. მას თავიდან არ აქვს ასაწყობი ველოსიპედი და ეს ძალიან კარგია.
დაცვასა და თავდასხმაში პრობლემების გარეშე
პირველი ნომერი "ჩელსიში" ტიბო კურტუაა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბელგიელი გაცემულ ავანსებს კარგი თამაშით ამართლებს.ტერი-კეჰილის წყვილი - ასეთია დაცვის ცენტრი. თუ რამე გაუგებრობა იქნება, ფრანგი ტალანტი კურტ ზუმა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა, ნებისმიერი მათგანი ჩაანაცვლოს. თუ პრობლემები ამითაც არ მორჩა, ჰოლანდიელი ტალანტი ნათან აკე მზადაა, დაცვის ცენტრში წარმოქმნილი ვაკუუმი შეავსოს. მას უფრო მინდვრის ცენტრში თამაში უყვარს, მაგრამ...
ცენტრალური მცველებისა არ იყოს, "ლურჯებს" არც დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებული ვითარება აშფოთებთ. ასპილიკუეტა და ფელიპე ლუიში უმაღლესი კლასის შემსრულებლები არიან.
სხვანაირი ვითარებაა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც სერბ ბრანისლავ ივანოვიჩს არ ჰყავს კონკურენტი. არის 19 წლის დანიელი კრისტიანსენი და 21 წლის ბრაზილიელი უოლასი, მაგრამ ეს მოთამაშეები იმ კლასისანი არ არიან, "ჩელსის" სერიოზულ თამაშებში რომ გამოადგნენ. შევთანხმდეთ: "არისტოკრატებს" სჭირდებათ მარჯვენა მცველი.
რა ხდება საყრდენ ზონაში? ერთი კანდიდატურა აქ აშკარად გამოკვეთილია - ნემანია მატიჩი. საჭიროების შემთხვევაში სერბი შეიძლება შეცვალონ ჯონ ობი მიკელმა, ჩალობამ, ლოფტუს-ჩიკმა...
შემქმნელი ფეხბურთელის ამპლუაში "ჩელსის" მხოლოდ სესკ ფაბრეგასი ჰყავს. ესპანელის შეცვლა ძალიან რთულია. რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია. ფაბრეგასი რომ შეცვალოს, მოურინიომ თვისობრივად ახალი ველოსიპედი უნდა გამოიგონოს. ეს კი რამდენიმე თვის განმავლობაში და ისიც სუპერკლუბში შეუძლებელია.
აი, ფრთებზე კი "ჩელსის" იმაზე მეტი შემქმნელი ფეხბურთელი ჰყავს, ვიდრე საჭიროა. ჩვენ, უბრალოდ, ჩამოვთვალოთ: აზარი, ოსკარი, ვილიანი, კუადრადო, ატსუ, ბერტრან ტრაორე, მოზესი, მარინი, ლუკას პიაზონი, სალაჰი...
ბევრ მათგანი, ალბათ, დატოვებს "ჩელსის", მაგრამ კვალიფიციური ფეხბურთელები მაინც საკმარისად რჩებიან. ეს ფეხბურთელები ერთს კი არა, ბარე ორ გუნდს დააკომპლექტებენ. ეს ფაქტია.
საჭიროა მესამე ფორვარდი
"ჩვენ უნდა ვიყიდოთ მესამე ფორვარდი. ეს აუცილებელია. გუნდი, რომელიც მაღალ მიზნებს ისახავს, ორი ფორვარდის იმედად ვერ იქნება", - ეს ჟოზე მოურინიოს სიტყვებია. არ შეიძლება, ჟოზეს არ დავეთანხმოთ.დღეს "ჩელსიში" უმაღლესი კლასის მხოლოდ ერთი ფორვარდი ირიცხება - დიეგო კოშტა. სწორედ ბრაზილიელ-ესპანელი დაიწყებს სეზონს ძირითადი შემტევის რანგში. პრაქტიკულად, გადაწყვეტილია მეორე ფორვარდის საკითხიც.
"არისტოკრატებს" უახლოეს მომავალში შეურთდება რადამელ ფალკაო. ის ვერ ბრწყინავდა "მანჩესტერში", მაგრამ არავინ იცის, რა იქნება "ჩელსიში". ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ის ამ ფეხბურთელს აუცილებლად აათამაშებს.
აქვე არიან ფრანგი ფორვარდი ლოიკ რემი და ახალგაზრდა, 21 წლის პატრიკ ბემფორდი, ვინც "მიდლსბროში" გატარებული შესანიშნავი წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს.
ერთი ფაქტია - თუ რადამელ ფალკაოს ტრანსფერი ისე სწრაფად შედგა, როგორც ამას ბრიტანული საინფორმაციო საშუალებები ელიან, მაშინ "ჩელსის" თავდასხმაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარებულად უნდა ჩავთვალოთ.
მეორე მეკარის პრობლემა
პეტრ ჩეხის გადასვლა ლონდონის "არსენალში" ძალიან ჰგავს შენელებული მოქმედების ბომბის ისტორიას. ინგლისურმა პრესამ უკვე დიდი ხანია, სააშკარაოზე გამოიტანა გარიგების ყველა დეტალი. ჩეხი ორშაბათს წარუდგინეს მედიას. მოურინიოს წლების განმავლობაში აქვს პრინციპი - არამც და არამც არ გააძლიეროს კონკურენტები. აქედან გამომდინარე, მას ძალიან არ უნდოდა, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე არსენ ვენგერთან წასულიყო.
გასულ სეზონში ჩეხი "ჩელსის" სათადარიგო მეკარე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რომ ამ 7 მატჩიდან "ჩელსიმ" ყველა მოიგო. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სათადარიგო მეკარის მნიშვნელობას.
ვინ იქნება "ჩელსის" რანგით მეორე გოლკიპერი მომავალ სეზონში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა შეუძლებელია. 21 წლის დელაჩი და 22 წლის ბლეკმანი ამ როლისათვის შეუფერებელნი არიან. ასე რომ, რომან აბრამოვიჩს აუცილებლად მოუწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა.
არის ერთი კარგი ვარიანტი - "ჩელსიში" სათადარიგო გოლკიპერის სტატუსით უნდა მივიდეს ბოსნიის ნაკრების მეკარე ასმირ ბეგოვიჩი. აქ არის ერთი "მაგრამ": მოისურვებს კი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი სათადარიგოს სტატუსს? ის ხომ "სტოკის" გამოკვეთილი ლიდერია.
მიზნები
წინა სეზონში "ჩელსიმ" მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ლოგიკურად, თამასა მაღლა უნდა აიწიოს. რომან აბრამოვიჩი ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოსთხოვს. ჟოზე მზადაა ამ გამოწვევისათვის.მთავარია, აღარ მოხდეს ის, რაც გასულ სეზონში მოხდა. მაშინ ათკაციანმა "პარი სენ-ჟერმენმა" ლონდონური ოცნება დაასამარა და ის მატჩი მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.
ცოტა იღბალი და დიდი სიძლიერე - ამან უნდა გაუკვალოს გზა "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისაკენ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"