როი კინის "ავტობიოგრაფია". [გაგრძელება]

AutoSharing Option
ორშაბათი, 17 მაისი
გავიღვიძე და თავს "შესანიშნავად" ვგრძნობდი. ნაბახუსევზე ვიყავი. კოჭი მაწუხებდა და აუცილებელი იყო მისი შემოწმება. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მზად ვიყავი ინგლისის თასის ფინალისთვის "ნიუკასლის" წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ ეს ხუთი დღის შემდეგ მოხდება. იმის გამო, რომ ბარსელონაში ვერ ვითამაშებ, ჩემთვის სეზონი ნაადრევად დასრულდება.

გამოსასვლელი დღე მქონდა და ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა, ექიმთან მივსულიყავი და მისთვის ჩემი დაზიანებული კოჭი მეჩვენებინა. ამის შემდეგ ბიჭებთან ერთად ქალაქში გასვლა გვქონდა დაგეგმილი. "იუნაიტედი" უკვე აღარ არის ის გუნდი, სადაც სმის კულტურა უმაღლეს დონეზე იყო
აყვანილი, რასაც ჩემი აქ მოსვლის დროს ვხედავდი. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა რეგულარული ქეიფი შაბათ საღამოს ბრაიან რობსონთან, სტივ ბრიუსთან, ერიკ კანტონასთან, ლი შარპთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად. თამაში კი უკეთესობისკენ შეიცვალა. გავიზარდეთ. ახლა ჩვენ ყურადღებას ვაქცევდით საკუთარ კომპლექციას, მივირთმევდით მაკარონებს, ვსვამდით კრეატინს და მშვიდად ვვახშმობდით საკუთარ მეუღლეებთან ერთად. პროფესიონალმა როი კინმა სიხარულით მიიღო ახალი რეჟიმი, რომელიც ითხოვდა დისციპლინას, ამას კი მოჰყვებოდა გამარჯვებები.

საღამოს გეგმა შეთანხმებული იყო. ხუთ საათზე ვხვდებით ერთმანეთს მანჩესტერის ირლანდიურ ბარში - "მალიგანსში". პირველ საათზე ექიმთან წავედი. პროგნოზი დამაიმედებელი იყო. შაბათისთვის მწყობრში ვიქნები. ასი პროცენტით არა, მაგრამ საკმარისად მზად იმისთვის, რომ ჩემი ბოლო მატჩი ჩავატარო სეზონში.

"მალიგანსი" - პატარა ირლანდიური პაბია, რომელიც მოფარებულ ადგილას მდებარეობს და ბრწყინვალე ადგილს წარმოადგენს ასეთი სასურველი საღამოებისთვის, რომელზეც კოლეგები იკრიბებიან ნორმალური სამუშაო კვირის შემდეგ. "იუნაიტედის" მოთამაშის პოპულარობას ნეგატიური მხარეც აქვს - ნორმალური სიტუაციის დეფიციტი, რასაც იწვევს ჩვენთან ერთად სამი პირადი მცველის ყოფნა.

მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, შესანიშნავად გავატაროთ დრო. რაიან გიგზი და ნიკი ბატი მსხვერპლს ეძებენ. გარი ნევილი პირს არ ხურავს, პეტერ შმეიხელი მოწყენის საბაბს გვაძლევს. დუაიტ იორკი კარგ ხასიათზეა, დევიდ ბექჰემი გარის უსმენს. ტედი შერინგემი მშვიდადაა და კარგი ბიჭის როლს ირგებს. ის ხომ ლონდონიდანაა! დენის ირვინი და პოლ სქოულზიც მშვიდი ბიჭები არიან.

სხვა ადგილას გადასვლა გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი მცველი ქუჩის მეორე მხარეს გადადის მეორე ბარში სიტუაციის დასაზვერად. არანაირი პრობლემა - გვეუბნება ის. ორ მაგიდას ვიკავებთ და ზეიმს ვაგრძელებთ.

გარკვეული ხანი ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მალე წარმოიშვა პრობლემა ორი ქალისა და ერთი მამაკაცის სახით. რაიან გიგზს ველაპარაკები, როცა ერთ-ერთი ქალი მიახლოვდება და სასმელზე დაპატიჟებას მთხოვს. ჩვენ არ ვიმჩნევთ, მაგრამ ის ჯიუტად დგას თავისაზე. ამასობაში, მას მეგობარი გოგონა და ბიჭი უერთდება. სხვა ადგილას გადავდივართ, ისინი უკან მოგვყვებიან.

"არ გინდა გოგოს სასმელი უყიდო?" - ბიჭი წინ დამიდგა და თან ამ ფრაზას უწმაწური სიტყვები მოაყოლა. აგრესიას აგრესიით ვუპასუხო?.. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში გონივრული საქციელი იქნებოდა მცველების მოხმობა. საუბედუროდ, დალევის შემდეგ გონივრული საქციელი არ გახლავთ ჩემი თვისება.

"გაეთრიე აქედან და თავი დაგვანებე!" - ვპასუხობ მე.
"თავად რატომ არ გაეთრევი აქედან! თავი ვინ გგონია?" - მპასუხობს ქალი ნომერი პირველი.

მოულოდნელად, თვალთან ახლოს ჭიქა მომხვდა. ბიჭს ხელი ვკარი. შემდეგ კი ყველაფერი აირია. მომდევნო წამები თითქოს ბურუსით იყო მოცული. მოგვიანებით გავიგე, რომ ქალები ბარიდან გავიდნენ დასარეკად. ერთს გაზეთ "სანში" უნდა დაერეკა ამ ისტორიის მოსაყოლად, მეორეს - პოლიციაში, რათა როი კინის მხრიდან თავდასხმის შესახებ ეცნობებინა. მოგვიანებით, ეს ბრალდება უარყო ბარის მეპატრონემ. მან დაადასტურა: "როი გაეცალა გოგონებს, რომლებიც მას ეტორღიალებოდნენ, ერთ-ერთმა კი ჭიქა სახეში ესროლა. ამ მომენტში გოგონებს ბარის დატოვება მოსთხოვეს. ისინი ბარის თანამშრომლების მიმართ უხეშად იქცეოდნენ და ამიტომაც დაატოვებინეს იქაურობა".

ხმაურით მოვიდა პოლიცია. შეიკრიბა ადამიანების ჯგუფი. უკვე ვხედავ ხვალინდელი გაზეთების სათაურებს.

"წამობრძანდით, მისტერ კინ", - ზრდილობიანად, მაგრამ მკაცრად მეუბნებიან. პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე ვზივარ. "იდიოტი ხარ. რატომ შენ? როგორც ყოველთვის შენ? ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ისინი აწუხებდნენ, მაგრამ მხოლოდ მე გადავწყვიტე ჩარევა. ისევ", - ვფიქრობდი მე.

პოლიციის განყოფილებაში ვყვები მომხდარის შესახებ. ისინი მისმენენ. საუბედუროდ, ქეიფის შემდეგ ჩემი გარეგნობა ნდობას არ იწვევს. კამერაში მიმაბრძანეს გამოსაძინებლად. ღამე გრძელი იყო და თითქმის არ მძინებია.

პირველ რიგში, ვფიქრობდი ტერეზაზე და შვილებზე. მალე გაფხიზლებს სინანული და სირცხილი. სახლის გარშემო ჟურნალისტების ბრბო იქნება შეკრებილი იმ დროს, როცა შენონი სკოლაში წავა. შემდეგ კლუბი გამახსენდა: მას ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია "იუნაიტედის" ისტორიაში, ამ დროს კი მისი კაპიტანი კამერაში ზის სიმთვრალის ნიადაგზე კონფლიქტისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის!

დიახ, ეს პროვოკაცია იყო, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩემს საქციელს - სულელივით მოვიქეცი. გიჟი და ველური კინი. მაიკლ კენედის დავურეკე, რომელმაც მირჩია, თავი ხელში ამეყვანა და არაფერზე მენერვიულა. კორკში ოჯახის წევრებზეც ვფიქრობდი. ისინი შლიან გაზეთებს, კითხულობენ სათაურებს, ცდილობენ თავიდან აიცილონ მეზობლებთან შეხვედრა და აიტანონ მათი ვაჟის გამო გამოწვეული სირცხვილი. უკვე მერამდენედ. რა სულელი ვარ.

მომდევნო დილას მწვრთნელმა მომაკითხა. მას მაიკლმა დაურეკა, თუმცა საჭირო არ იყო ამის გაკეთება. მანჩესტერი - დიდი სოფელია. თუ რამე დააშავე, მწვრთნელს უკვე მომდევნო დილით ეცოდინება ამის შესახებ. და აზრი არ აქვს თავის მართლებას და მოტყუებას. ყოველთვის პატიოსანი ვიყავი მასთან, მაღლა ვწევდი ხელებს და ახლა გამომადგა ეს პატიოსნება. როცა ბარში მომხდარი მოვუყევი, დამიჯერა. "გამოგიყვან", - მითხრა მან. სულაც არ უხარია ინგლისის თასის ფინალამდე ოთხი დღით ადრე ჩემი პატიმრობა. ასეთ სიტუაციებში მწვრთნელი ყოველთვის პოულობს გამოსავალს და საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს თავს. მან იცის, რა მდგომარობაში ვარ და უმჯობესია, არ დაიწყოს ჩემთან სერიოზული ლაპარაკი.

თავდებში გამომიშვეს. დამარწმუნეს, რომ თუ ბრალდება არ დამტკიცდებოდა, ამ საქმეზე აღარაფერს გავიგებდი. დამშვიდებული გულით წავედი ტერეზასთან და ბავშვებთან. თან დავიფიცე, რომ აღარასოდეს ჩავიდენდი ასეთ რამეს. რა თქმა უნდა, ადრეც დამიდია ასეთი ფიცი.

შაბათი, 22 მაისი, 1999 წელი
ჩემი ბოლო თამაში სეზონში. "ნიუკასლზე" გამარჯვება 90-იან წლებში მესამე დუბლს და ისტორიაში ადგილს მოგვიტანდა.

განსაკუთრებით არასოდეს მაღელვებდა მთელი ეს საუბრები "უემბლიზე" ოცნებების ასრულების შესახებ. მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის იქ მაღალი სტანდარტების დეფიციტია. გეჩვენება, რომ მინდორი ტრიბუნებიდან რამდენიმე მილით არის დაშორებული, ატმოსფეროც არაა სათანადო...

როცა "ნიუკასლთან" მატჩის წინ მოთელვა დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემი მარცხენა კოჭი ბოლომდე აღდგენილი არ იყო. რისკზე წავედი, რადგან არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მთელი მატჩის ჩატარებას.

მხოლოდ რვა წუთის თამაში შევძელი. გარი სპიდმა უხეშად ითამაშა ჩემ წინააღმდეგ - დაგვიანებული ილეთი ართმევისას. მან, რა თქმა უნდა, შეგნებულად იუხეშა. ამჯერად, ჯანმრთელი მარჯვენა კოჭის მყესები გავიწყვიტე. ასი პროცენტით მზად რომ ვყოფილიყავი, სპიდი ვერ დამეწეოდა. ორი წუთის შემდეგ კოჭლობით დავტოვე მინდორი. კიდევ შევხვდები გარის.

მწვრთნელმა მოედანზე ტედი გამოიყვანა, რაც გონივრული სვლა აღმოჩნდა. შერინგემმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი მისცა სქოულზს. დუბლი მოვიგეთ. "უემბლის" "სასწაულებისა" და "ოცნების" მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ნამდვილი კმაყოფილება მივიღე, როცა ბიჭებს წინ გავუძეხი საპატიო ლოჟისკენ და პრინც ჩარლზისგან თასი ჩავიბარე. სამუშაო გაკეთებულია.

შემდეგი სამუშაო, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩემთვის არ არის განკუთვნილი...

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული