როი კინის "ავტობიოგრაფია" [გაგრძელება]

AutoSharing Option
ორშაბათი, 24 მაისი
ჩემპიონთა თასის 1968 წლის ფინალის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება გვიწევდა კლუბის ისტორიაში. "კონკორდით" გაფრენა, შესაძლოა, მწვრთნელის მხრიდან ჩვენთვის იმის შეხსენება იყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. არასოდეს იცი, რას მოიმოქმედებს ალექს ფერგიუსონი. ის ყოველთვის წინ იყურება.

სეზონის დასასრული ისეთი არ გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა და რისი იმედიც მქონდა. კარგი იყო, რომ დუბლი მოვიგეთ და ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გვქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება დაგვემატებინა, რაც მთავარი ამოცანა იყო კლუბისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ისე კარგად ვგრძნობდი თავს იმის
გამო, რომ ღამე პოლიციის კამერაში გავატარე, ტრავმა მივიღე ინგლისის ლიგის თასის ფინალის პირველ წუთებზე და ახლა პირველი კლასით მივფრინავ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩზე, ოღონდ ბალასტის რანგში.

ძალიან მინდოდა, რომ ბიჭებს მოეგოთ. პრემიერლიგაში რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირების მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ ჩვენი ჩავარდნები ევროპაში. ფინალში გასვლა შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევდა, მოგვეშორებინა უიღბლო გუნდის რეპუტაცია.

ძალიან მტკიოდა ის, რომ არ შემეძლო გუნდისთვის დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიხსენებდი მწვრთნელის სიტყვებს კლუბში მოსვლის დროს:

როი, "მანჩესტერ იუნაიტედი" - შენთან ერთად ან შენ გარეშე ინგლისის უძლიერესი კლუბი გახდება. შენთან ერთად შეგვიძლია ევროპაში წარმატების მიღწევა". ახლა, როცა ეს წარმატება ასე ახლოს იყო, მე მხოლოდ დამკვირვებლის როლში ვიქნები. ისევე, როგორც პოლ სქოულზი, რომელმაც ასევე მიიღო გაფრთხილება ტურინში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშსა და მოგებაზე "იუნაიტედში" მისვლის პირველი დღიდან ვფიქრობდი. ახლა, როცა ამ მიზანს მივაღწიე, გუნდს ვერაფრით ვეხმარებოდი. მე მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ვიქნები ამ კინოფილმში. ასევე მენანებოდა სქოულზი. შესაძლოა, ის ჩვენს გუნდში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო. მას ძალიან უჭირდა ამ მოვლენის გამოტოვება, რადგან მისი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც 1992 და 1993 წლებში ახალგაზრდული თასი მოიგო, ახლა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულისთვის იბრძვიან.

პოლი - იდეალური პროფესიონალია. ბრწყინვალე მინდორზე, მოკრძალებული და გაწონასწორებული მოედნის მიღმა. არანაირი "ვარსკვლავური ავადმყოფობა", არანაირი თვითრეკლამა და დიდებაზე ნადირობა. უაღრესად ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც არ გაუფუჭებია პოპულარობას. უცნაურია, მაგრამ ის, რომ ჩვენ ერთ ნავში ვისხედით, ცოტათი ამსუბუქებდა ჩემს იმედგაცრუებას.

* * *
რამდენიმე კათხა ლუდი მივირთვი ოთხშაბათს იქამდე, სანამ სასტუმროდან "კამპ ნოუზე" გავემგზავრებოდით. ავტობუსში სრული სიმშვიდე სუფევდა, არ იყო მატჩის წინ ჩვეულებრივი ლაყბობა. რაიან გიგზი და ნიკი ბატიც კი ჩუმად ისხდნენ. მწვრთნელიც მთლიანად მობილიზებული და სერიოზულია. ჩვენმა გუნდმა გრძელი გზა გაიარა, ბევრი რეკორდი გააუმჯობესა შიდა არენაზე. სამი დუბლი მოვიგეთ, მაგრამ ავტობუსში ყველამ იცოდა, რომ წინ გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. ბევრ ადგილას ვყოფილვართ, მაგრამ აქ - არასოდეს. წინ განსხვავებული მატჩი გველოდა.

მწვრთნელისთვის ფსონი განსაკუთრებით დიდი იყო. იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ის არ ჩათვლიდა საკუთარ სამუშაოს დასრულებულად იქამდე, სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებდით. ბევრი რამის გამო ვართ მისი მადლიერი და ამ საღამოს ვალი უნდა დავუბრუნოთ.

მაგრამ ერთადერთი, რაც შემეძლო, დაკვირვება იყო.

* * *
იმის გამო, რომ მე და პოლს არ შეგვეძლო თამაში, მწვრთნელმა ბექჰემი ცენტრში გადაიყვანა და ნიკი ბატს შეუწყვილა. რაიან გიგზი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, იესპერ ბლუმკვისტი - მარცხნივ დადგა. მე ჯიმი რაიანის, ჰენინგ ბერგისა და პოლის გვერდით ვიჯექი. ვცდილობდი, მხნედ ვყოფილიყავი, მაგრამ გულში უმძიმესი განცდები მქონდა მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის გამო.

"ბაიერნს" შინ და სტუმრად ვეთამაშეთ ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. "ბაიერნი" კარგი გუნდი იყო, მაგრამ მისი დამარცხება შეიძლებოდა. მას არ შეეძლო ჩვენი განადგურება, როგორც "რეალს" ან "ბარსელონას". ის "კერკეტი კაკალია". "ბაიერნი" კარგად დაიცავს თავს, ითამაშებს პასებით, მოთმინებით დაელოდება თავის შანსს. ეფენბერგი მოედნის ცენტრში მათი მთავარი ფიგურაა, ის კარნახობდა გუნდის თამაშის ტემპს.

მეექვსე წუთზე მათ იოლი გოლი ვაჩუქეთ. რონი იონსენი დაჯარიმდა იანკერზე და ბასლერმა გაიტანა საჯარიმო, რომლის აღება შეიძლებოდა. ამის შემდეგ მოედანზე თითქმის არაფერი ხდებოდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ტემპის გაზრდა. რა თქმა უნდა, "ბაიერნმა" გოლი გაიტანა და მისი მოთამაშეები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს თამაშის ასეთი სცენარის ფონზე.

ჩვენ უნდა აგვეღო თამაშზე კონტროლი და არ უნდა დაგვევიწყებინა მეტოქის მხრიდან კონტრშეტევების საფრთხე. ორჯერ მეორე ტაიმში, მათ ძელს მოარტყეს ბურთი. საინტერესოა, რომ მეტოქის მხრიდან ამ გაფუჭებულმა მომენტებმა ჩვენს ფეხბურთელებს აღმაფრენა მოუტანა.

თანდათან ვგრძნობდი, რომ თამაშის მსვლელობა შეიცვალა. საათს შევხედე. თამაშის დამთავრებამდე 15 წუთზე ნაკლები რჩებოდა. მწვრთნელმა ბლუმკვისტი და ენდი კოული ტედი შერინგემითა და ოლე-გუნარ სოლსკიაერით შეცვალა. ვერ იპოვით უკეთეს მოთამაშეებს, რომლებიც შეცვლაზე შედიან მოედანზე. ტედის შეუძლია რეიდების მოწყობა და ბურთის ართმევა, ოლე კი ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია ევროპაში. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იყო თამაშის ტემპის შეცვლა.

თამაშს ვუყურებდი და კინაღამ თავი დავკარგე. "ბაიერნი" მატჩის დასრულებას ელოდა. ახლა მისი ოთხი მცველი საკუთარ კარს არ შორდებოდა, ნახევარმცველებიც წინ შორს არ მიდიოდნენ. "მათი საქმე დამთავრებულია, - ვუთხარი ჯიმი რაიანს. - ჩვენ ისინი გამოვიჭირეთ". გარღვევა გვჭირდებოდა. თუ ყველაფერს სწორად აკეთებ, გარღვევა აუცილებლად იქნება. მაგრამ საკუთარ საჯარიმოსთან ჩამწკრივებული გერმანელები აგრძელებდნენ ერთადერთი გოლის დაცვას. ისეთი რეპუტაციის გუნდისთვის, როგორიც "ბაიერნია", ეს მომენტი საცოდავი სანახაობა იყო, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო... ასეთი თამაშით ისინი ვერ შეძლებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. თუ შეძლებენ? მთელი ამ პრესინგის მიუხედავად, რაც მეტოქის კარზე გვქონდა, "იუნაიტედი" რეალური შანსის შექმნას ვერ ახერხებდა.

* * *
მსაჯმა თამაშს სამი წუთი დაამატა. კიდევ ერთი კუთხური. პეტერ შმეიხელი წინ გარბის. არასოდეს მინახავს, რომ ასეთ ტაქტიკას გაემართლებინოს. საოცარია, მაგრამ ამჯერად ამართლებს. ბექსმა შესანიშნავად ჩააწოდა კუთხური, მოგერიებული ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მყოფ რაიან გიგზს მიუვიდა. ფეხი კარგად ვერ მოახვედრა და ბურთი ტედის მიუვიდა, რომელიც ოდნავი შეხებით უშვებს დარტყმას გერმანელი მეკარის გვერდით.

"ნოუ კამპი" აფეთქდა. ახლაც კი არ შემიძლია ადეკვატურად აღვწერო ის ემოცია, რომელმაც შემიპყრო. შემსუბუქება? დიახ. და დაკმაყოფილება, რადგან ვგრძნობდი, რომ ბიჭებმა დაიმსახურეს გადარჩენა, ხოლო გერმანელები არ იმსახურებდნენ ამ პრიზს, რადგან არაფერი მოიმოქმედეს. მაგრამ ყველაზე მეტად მწვრთნელის გამო მიხაროდა. არც პირველად და არც უკანასკნელად, შეცვლებისას გონივრულად იმოქმედა.

რჩებოდა წუთი, როცა "ბაიერნმა" ცენტრიდან დაიწყო. მან სრულად დაკარგა კონტროლი. სწრაფად დავიბრუნეთ ბურთი. მკვდრეთით აღმდგარნი, ახლა მთელი ძალით ვცდილობდით გამარჯვების გოლის გატანას. "ბაიერნი" კიდევ ერთი კუთხურის ჩაწოდების უფლებას გვაძლევს. ბექსი ახლო კუთხესთან ახვევს ბურთს, ტედი შორეულ კუთხესთან გზავნის და ოლეს გააქვს.

ეჭვი მეპარება, კიდევ ოდესმე ვნახოთ ასეთი ფეხბურთის სამი წუთი. საბოლოოდ, 1998-99 წლების ჩემპიონთა ლიგაზე თასი მიიღო გუნდმა, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა მოგება. იმ დღეს საბრძოლო სულმა გაიმარჯვა. ლიგის 13 მატჩიდან 12-ში ვითამაშე, მაგრამ არც ერთი მატჩის შემდეგ ისე დაღლილი არ ვყოფილვარ, როგორც ბარსელონაში. ყველაზე სასიხარულო მომენტებშიც კი, არასოდეს ვარ მათ რიგებში, ვინც მხურვალედ ზეიმობს მინდორზე (ჩვეულებრივ, ძალებს ბარისთვის ვინახავ).

იმ საღამოს, "ნოუ კამპზე" მწვრთნელმა დიდი ძალისხმევის შემდეგ გვაიძულა მე და პოლი, მედლების მისაღებად წავსულიყავით. დიახ, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი როლი იმ ევროპულ კამპანიაში, მაგრამ ეს საღამო სხვა ბიჭებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც თავიანთი საქმე გააკეთეს "ბაიერნის" წინააღმდეგ.

მე და პოლი თითქოს გარიყულები ვიყავით და პროფესიული ფეხბურთის ჭეშმარიტების მაგალითს წარმოვადგენდით: თამაშობ შენი გუნდისთვის, გულშემატკვრებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ფეხბურთი - საკმაოდ ეგოისტური თამაშია და რამდენიც არ უნდა მელაპარაკონ იმის შესახებ, რომ მე დავიმსახურე ეს მედალი, ვიცი, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩემმა უდისციპლინო საქციელმა კინაღამ გამოიწვია ყველაზე დიდი უსიამოვნება გუნდისთვის.

სასტუმროში ღამე შესანიშნავად გავატარეთ. ის, ვისაც ალექს ფერგიუსონის მიერ შექმნილი გუნდის ნაწილად მიაჩნდა თავი, იზიარებდა რაღაც დიადის მიღწევის ჭეშმარიტ გრძნობას. ევროთასები მძიმე გამოცდას წარმოადგენს, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდით.

მე შემეძლო იოლად დამევიწყებინა ფინალური მატჩის გამოტოვებით მიღებული იმედგაცრუება, რადგან, სინამდვილეში, ჩემთვის საპატიო იყო იმ გუნდის კაპიტნობა, რომელმაც წარმატება მოუტანა დიად მწვრთნელს და დიად კლუბს. სწორედ ამის გამო ვმღეროდი, ვიცინოდი და ვსვამდი მთელი ღამე. ზოგიერთმა ბიჭმა, დუაიტ იორკის მეთაურობით, გადაწყვიტა, უფრო ახლოს გაცნობოდა ბარსელონას ღამის ცხოვრებას. მე კი სასტუმროში დავრჩი. შემდეგ დღეს მოგვიწყვეს დაუვიწყარი მიღება მანჩესტერში.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული