ლონდონის "ჩელსი": არის პეტრ ჩეხის შემცვლელი, ტიბო კურტუასიც?

AutoSharing Option
ფოტოზე: ასმირ ბეგოვიჩის წარდგენა

ასმირ ბეგოვიჩი ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა. პეტრ ჩეხის წასვლის მერე, ცხადი იყო, რომ "ლურჯებს" კარგი მეკარე სჭირდებოდათ, მხოლოდ ტიბო კურტუას ამარა რომ არ დარჩენილიყვნენ და მათმა ნაბიჯმაც არ დაახანა.

ბოსნიელს კი წლებია, გრანდები უტრიალებენ, მაგრამ აქამდე მის ტრანსფერს საშველი არ დაადგა და აი, ახლა, 28 წლის ასაკში, როგორც იქნა, ოცნება აუხდა, იგი პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულსა და მომავალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტში აღმოჩნდა.

ბეგოვიჩმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ჩელსისთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ასმირის ფასი არ ხმაურდება,
მაგრამ არაოფიციალური ცნობებით, საუბარი 8 მილიონ გირვანქაზეა.

"სტოკი" მასში ბევრს ვერ გამოიმუშავებდა, რადგან ბეგოვიჩთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი რჩებოდა და შემდეგ სულ უფასოდ დაკარგავდა მას, ამიტომაც ახლავე გაყიდვა ერჩივნა. "ბრიტანიის" ბინადრებმა კიდევ დიდხანს შეინარჩუნეს ეს სტაბილურად კარგად მოთამაშე მეკარე და მისი გაშვება ახლაც არ სურდათ, მაგრამ...

"ეს შანსი და გამოწვევა სიამოვნებით მივიღე. მინდა, როგორც ფეხბურთელი, განვვითარდე და საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ უფრო მეტი შემიძლია. "სტოკში" გატარებულ მნიშვნელოვან და ჩინებულ პერიოდს ყოველთვის სიყვარულით გავიხსენებ.

ძალიან მიხარია, რომ "ჩელსის" წევრი გავხდი. ჟოზე მოურინიოსთან ხანგრძლივი საუბრის მერე ვიგრძენი, რომ ზრდის საშუალება მექნება და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვიქნები. ახალ თანაკლუბელებს ოთხშაბათს შევხვდები, როდესაც წინასასეზონო ტურით დავიწყებთ მზადებას" - განაცხადა ბეგოვიჩმა.

ბოსნიის ნაკრების კარის დარაჯი ხსენებულ ხანგრძლივ საუბარში, რომელიც მწვრთნელთან ჰქონია, ალბათ, იმის გამორკვევასაც შეეცდებოდა, რამდენად დიდია მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები.

ამჟამად, ტიბო კურტუა ისევ პირველ მეკარედ მოიაზრება და ბელგიელთან კონკურენციის გაწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ბეგოვიჩს ეს შეუძლია და სიმბოლურად გამამხნევებელია ის ფაქტიც, რომ თვით ჩეხის პირველნომრიანი მაისურა სწორედ მას შეხვდება, ხოლო კურტუას მე-13 ნომერი დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რათ უნდათ?
0

სიახლეები პოპულარული