"მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ამბებია - ნამდვილი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. ლუი ვან გაალმა ხელები დაიკაპიწა და გზად აღარც ახლობლებს ინდობს...
"მანჩესტერ იუნაიტედი" ვიქტორ ვალდესს გაყიდის. ასეთი გადაწყვეტილება ლუი ვან გაალმა მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ ესპანელი პირადად მის და შესაბამისად, გუნდის ფილოსოფიას არ იზიარებს, რაც მათ თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის და 33 წლის მეკარისთვის წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამერიკულ ტურნეში ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მარკოს როხო და ანხელ დი მარია არ წაიყოლა, რადგან მათ კოპა ამერიკაზე
განაცხადში ვერ მოხვდა ვერც რაფაელი, რომელიც ტრანსფერზეა დაყენებული. აი, ვალდესის ბორტსმიღმა დატოვება კი ბევრს გაუკვირდა, მით უმეტეს, რომ დავიდ დე ხეას მომავალი ბუნდოვანია, მას "რეალი" არ ეშვება...
"ის ჩემს ფილოსოფიას არ მიჰყვება, ასეთი მოთამაშეებისთვის კი გუნდში ადგილი არ არის" - მოკლედ მოჭრა ბრაზიანმა ვან გაალმა.
საქმე იმაში ყოფილა, რომ ვალდესს სარეზერვო გუნდში თამაშზე უთქვამს უარი...
ამ განცხადების შემდეგ, თითქოს, ყველაფერი გასაგები გახდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა და სიტუაციას ნათელი მოეფინა, მაგრამ პირადად ვალდესისთვის ნათელი ნამდვილად არაფერი ჩანს. მან საკუთარ "თვითერზე" მრავალწერტილს კითხვის ნიშანი დაურთო და ფოტოც დაუმატა, სადაც 21-წლამდელთა გუნდის წევრებთან ერთად არის აღბეჭდილი.
რა მოხდა მერე და რა თქვა ვალდესმა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ თავიდან გამოცდილმა გოლკიპერმა ახალგაზრდებთან ერთად აშკარად ითამაშა.
ფოტოზე: ვიქტორ ვალდესი და ლუი ვან გაალი
არადა, ამ ინფორმაციის და კომენტარების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ვალდესი ძალიან შემართული ჩანდა და წერდა: "დატვირთული ვარჯიშის შემდეგ ისევ შემართული ვარ და მომავალ სეზონს ველოდები. წინ, წითლებო!".
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი "ბარსელონადან" წასვლის მერე რაღაც პერიოდი თავისუფალი აგენტი იყო და მას პრობლემები სერიოზულმა ტრავმამაც შეუქმნა. შემდეგ "მანჩესტერთან" ერთად ვარჯიშობდა, როგორც თავისუფალი აგენტი და საბოლოოდ, "იუნაიტედთან" მოაწერა კიდეც კონტრაქტს ხელი. ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ ნელ-ნელა შანსი მიეცემოდა და ძირითადი შემადგენლობისთვის გაბრძოლებას შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
"მან სარეზერვო გუნდში თამაშზე უარი თქვა, ხოლო, როგორც "მანჩესტერის" მეკარეს და გუნდის წევრს, გარკვეული თვისებები უნდა ჰქონდეს და წესებს იცავდეს. როდესაც ამ პრინციპებს და ფილოსოფიას არ მიჰყვები, ერთადერთი გამოსავალი რჩება - წასვლა.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულდასაწყვეტია, რომ ასე ხდება. მას რეაბილიტაციის საშუალება მივეცით, პირობები შევუქმენით, კონტრაქტი გავუფორმეთ და მწყობრშიც ჩადგა. წინა სეზონის ბოლო ტურშიც ვათამაშე "ჰალთან", რადგან მინდოდა, დავხმარებოდი. მე კომუნიკაციის პრობლემა არასდროს მაქვს", - აღნიშნა ვან გაალმა.
ჰოლანდიელს ვალდესი უმადურად გამოჰყავს. ვიქტორს კი, ალბათ, უბრალოდ ლოდინი მობეზრდა, იგი პატარა ბიჭი აღარ არის და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სიამოვნებს. სარეზერვო გუნდს რაც შეეხება, იქ მან მატჩები "ლივერპულის", "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩაატარა. ძირითად გუნდში, "ჰალთან" შეხვედრის გარდა, არც ერთხელ არ უთამაშია.
როდესაც ვან გაალს დე ხეას მომავალზე და იმაზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა "მანჩესტერი" ახალი მეკარის მოყვანას, მან ასე უპასუხა: "არ ვიცი, ყველაფერი დე ხეაზეა დამოკიდებული. მე ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ დავიდი საოცრად შემართულია და ფანტასტიკურად გამოიყურება, ძალიან მონდომებულია".
გრძელდება საუბრები იმაზე, რომ დი მარიამ უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები "პარი სენ-ჟერმენთან", რაზეც ლუიმ აღნიშნა: "წარმოდგენა არ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება, ჭორები არ მიყვარს. ფაქტია, ახლა ის ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრია".
"ფენერბაჰჩეში" ნანის კვალს გაჰყვა ვან გაალის ძველი ნაცნობ-მეგობარი, მისი თანამემამულე რობინ ვან პერსი, რომელიც "წითელი ეშმაკებისა" და მათი თავკაცის სამომავლო გეგმებში ვეღარ ჩაჯდა, ყოველ შემთხვევაში, ისე და იმ დოზით ვეღარ ჩაჯდა, როგორც თავად 31 წლის თავდამსხმელი ისურვებდა.
"ჩვენ გოლფი ვითამაშეთ და შემდეგ მის მომავალზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რობინმა ძალიან კარგი არჩევანი გააკეთა".
გავიხსენოთ ისიც, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა უკვე გაიფორმეს მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნაიდერლენი.
რაც მთავარია, ამაზე გაჩერებას სულაც არ აპირებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"