როი კინის "ავტობიოგრაფია". XI თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
ბრაზილიაში კარგი განწყობით გავემგზავრეთ. ტურნირის მოგება გვინდოდა. ასეთი სურვილი ყოველთვის გვაქვს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმოვადგენთ. მწვრთნელმა მოვალეობების შესახებ შეგვახსენა - უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სახელს ვატარებდით.

რიოში ცხელოდა. ჩვენი სასტუმრო პლაჟზე იყო. ტურნირის სტატუსი ყველასთვის გასაგები არ ყოფილა. "ნეკაქსა" მექსიკიდან, "ვასკო და გამა" ბრაზილიიდან და "საუთ მელბურნი" ავსტრალიიდან იყვნენ ჩვენი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე. მექსიკური გუნდის წინააღმდეგ პირველ მატჩში განახლებული "მაკარანა" ცარიელი იყო. ბეტონის ფართო ოვალში ჩვენი ხმები ექოდ გაისმოდა. ატმოსფერო - ნული. აუტანელი სიცხე. შედეგი - 1:1.

სამაგიეროდ,
სტადიონი სავსე იყო მეორე მატჩში ადგილობრივი ჩემპიონის - "ვასკო და გამას" წინააღმდეგ. გარი ნევილის ორი უპატიებელი შეცდომის გამო, "ვასკომ" ორი იოლი გოლი გაიტანა, 1:3 წავაგეთ. ტურნირი დასრულებული იყო. მაგრამ არავინ ტიროდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ჩვენი მისია შეუსრულებელი დარჩა.

თანხმლები ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ აქ მხოლოდ დასასვენებლად ვიყავით ჩამოსულნი. და ასეც იყო. მაგრამ ამას საიდუმლოდ ვინახავდით. თუმცა, ამასთან, ვასრულებდით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის, მთავრობისა და ფიფას მოთხოვნას. მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა "საუთ მელბურთან" მატჩში, რომელშიც 2:0 გავიმარჯვეთ.

* * *
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, საჭირო იყო თამაშზე კონცენტრირება. იმის გამო, რომ ინგლისის თასის თამაშებისგან თავისუფალი ვიყავით, შეგვეძლო სრული მობილიზება გამოგვეცხადებინა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. წინ გვქონდა ორი მნიშვნელოვანი მატჩი "არსენალთან" და "მიდლსბროსთან".

"არსენალთან" შეხვედრები ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამჯერად, მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ კრიტიკის გამო, რომელიც ბრაზილიაში მგზავრობის შემდეგ შეგვხვდა. საშინლად ვთამაშობდით - ნელ ტემპში, ვაგებდით ორთაბრძოლებს და... ვაგებდით ერთი ბურთით, სანამ ტედი შერინგემმა არ გადაგვარჩინა, როცა მატჩის ბოლოს გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

მატჩი Sky Sport-ზე შეაჯამა ენდი გრეიმ: "ჩვენ ყველანი ველოდით და ვუყურებდით, როგორ ითამაშებდა "იუნაიტედი". "არსენალის" მოთამაშეები დაფრინავდნენ მოედანზე და "მანჩესტერ იუნაიტედს" მთელი საათი დასჭირდა გააქტურებისთვის. და მხოლოდ როი კინი იყო ბრწყინვალე.

ნებისმიერს, ვისაც ამ მატჩის ვიდეოჩანაწერი აქვს, შეუძლია შეხედოს და დააკვირდეს - როგორ აიყოლია კინმა თავისი გუნდი. ის გამოვიდა მოედანზე და ხისტად დაიწყო თამაში. სწორედ ამით აიხსნება, რატომ მისცა ალექს ფერგიუსონმა მას დიდი ხელფასი იმისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაეტოვებინა".

შემდეგი მატჩი "მიდლსბროში" იყო. კიდევ ერთი სახიფათო შეხვედრა, თუ მას შესაბამისი განწყობით არ შევხვდებოდით. ასეც გამოვიდა. ჩვენი ფიქრები ისევ რიოში იყო. 0:0. ისევ რაღაცას ველოდით. იააპ სტამმა საჯარიმოში წესი დაარღვია - პენალტი. სინამდვილეში, სტამი ბურთს შეეხო მაშინ, როცა ჟუნინიო წინსვლას ცდილობდა.

მსაჯი შეცდა. მასთან მივირბინეთ და პროტესტი დავიწყეთ. ის უკან იხევს, ჩვენ ვუტევთ. დღეს ამ ცნობილი ინციდენტის ფოტოებს გაკვირვებით ვუყურებთ. ეს არანორმალური დაბერილი ვენებით - მე ვარ. მოგვიანებით ვხუმრობდი - მსაჯს წინ და უკან სირბილი რომ არ დაეწყო, შეიძლება მისთვის თავი გაგვენებებინა. ვიცი, რომ არ ვიყავით მართლები, მე კი მთავარი წამქეზებელი გახლდით. ახლა მესმის:

მიუხედავად იმისა, რომ მსაჯი შეცდა, ჩვენ არ უნდა მიგვეტანა მასზე დაგროვილი აგრესია. თავად ვიყავით დამნაშავე იმაში, რომ ანგარიში 0:0 იყო. ამიტომაც გამოვდიოდი ჩვენი თვითდამშვიდების წინააღმდეგ, რაც მსაჯის შეცდომამ კიდევ უფრო დაამძიმა. მისტერ ენდი დ'არსო განტევების ვაცად ვაქციეთ.

ასეთი იყო მომხდარის გონივრული ახსნა. საუბედუროდ, თამაშის დროს საღი აზროვნება ყოველთვის არ ხერხდება. იმ დონეზე, რომელზეც "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოდის, ფეხბურთი ყოველთვის სასტიკი და დაუნდობელია. მასში არ არის უფასო სადილები და რბილი დაშვება ბრაზილიიდან ჩამოფრენის შემდეგ. აი, ასეთი გაკვეთილი მივიღეთ. საბედნიეროდ, მარკ ბოსნიჩმა მოიგერია ჟუნინიოს პენალტი. ბექსმა კი სამი წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ, თითქოს გავიღვიძეთ და ჩემპიონატის დარჩენილ 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ. იმ ერთადერთ წაგებულ მატჩში - "ნიუკასლთან" 0:3 - ორი გაფრთხილების გამო მოედნიდან გამაძევეს. ერთი ყვითელი ბარათი მსაჯთან კამათისთვის მივიღე, მეორე - წესის დარღვევისთვის, რომელიც არ ყოფილა.

* * *
იმ დროისთვის, როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალთან" მატჩები მოახლოვდა, პრემიერლიგაში გამარჯვების ყველანაირი შანსი გვქონდა. პირველ მატჩში, მადრიდში ბევრი სირბილი მოგვიწია. ისინი ძალიან კარგები იყვნენ - რაული, რობერტო კარლოსი, მორიენტესი ყველა მხრიდან გვიტევდნენ.

ძლიერი ბიჭები იყვნენ. მატჩმა სიამოვნება მიანიჭა ყველას, ვინც მაღალი დონის თამაშზე ოცნებობდა. "სანტიაგო ბერნაბეუ" სავსე იყო. ასეთი საღამოები, განსაკუთრებით ესპანეთში ან იტალიაში, შთამბეჭდავი გამოდიოდა - სხვა ხედები, ხმები, სურნელი ეკზოტიკურ ატმოსფეროს ქმნიდა. მადრიდში თავს ვიკლავდით, დავრბოდით, ვაზღვევდით საკუთარ პარტნიორებს, ფეხბურთს ვთამაშობდით მაშინ, როცა ბურთი გვქონდა. ნულოვანი ფრე - მისაღები შედეგი იყო.

განმეორებით მატჩში "ოლდ ტრაფორდი" დამუხტულივით იყო. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" მატჩებს საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომელიც ფესვებით შორს მიდიოდა წარსულში. 1968 წელს, "იუნაიტედმა" "რეალი" ნახევარფინალში დაამარცხა. ამჯერად, ჩვენმა გუნდმა და "რეალმა" საკუთარი სახე აჩვენეს. კლასიკური მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა უამრავი მომენტი შექმნა.

"რეალმა" შეაგდო უმნიშვნელოვანესი გოლი სტუმრად, როცა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, საკუთარ კარში გავუტანე რაიმონდ ვან დერ გოუვს. მეტოქის კართან სიტუაციის დაძაბვა დავიწყეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ, ძალიან მალე რაულმა მეორე გოლი გაიტანა, ორ წუთში კიდევ ერთი დაამატა. გადაულახავი ბარიერი შევუქმენით საკუთარ თავს. ბექსისა და პოლ სქოულზის გოლების მიუხედავად, ვერ შევძელით "რეალის" დამარცხება.

მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კარგ გუნდთან წავაგეთ. რედონდოს გაქცევა ჰენინგს ბერგისგან და მისი გარღვევა, რასაც ერთ-ერთი საგოლე პასი მოჰყვა რაულზე - უმაღლესი დონის ფეხბურთის მაგალითი იყო. მსოფლიო კლასის სწორედ ასეთი სტანდარტებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

"რეალის" თამაშის ბევრმა ასპექტმა გამაკვირვა. ბურთთან დაუჯერებელი მოპყრობა, მოძრაობის ეკონომია, არანაირი უაზრო სირბილი... თითოეულ მოქმედებას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. რაული ელოდება თავის ნახევარშანსს, რომელსაც იყენებს. მეტოქე ყოველგვარი აღელვებისა და ვნების გარეშე თამაშობდა მაშინაც კი, როცა ჩვენ სასტიკები ვიყავით მათ მიმართ.

ისინი იმდენად ტექნიკურები იყვნენ, რომ ისღა დაგვრჩენოდა, მათი ჩრდილებისთვის გვედევნა. და ფიზიკურ მომზადებაშიც არ ჩამოგვრჩებოდნენ. ხშირად ვუყურებ შაბათობით ესპანურ ფეხბურთს. ძალიან მაღალი დონე დააწესეს, რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ. დიახ, წაგება მტკივნეულია, მაგრამ ამ მატჩმა ბევრი საფიქრალი თემა მოგვცა. მაგრამ ყველაზე მთავარია - გვეფიქრა გოლებზე, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" უნდა გაგვეტანა. უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

"რეალთან" მატჩამდე და მატჩის შემდეგ ვითამაშეთ "ვესტ ჰემთან", "მიდლსბროსთან", "სანდერლენდთან" და "საუთჰემპტონთან". გავანადგურეთ "ვესტ ჰემი" - 7:1, მოვუგეთ "მიდლსბროს" სტუმრად 4:3, "სანდერლენდს" - 4:0 და მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული, როცა "საუთჰემპტონი" 3:1 დავამარცხეთ შაბათს, "რეალთან" წაგების შემდეგ. პრემიერლიგაში იოლი გამარჯვების მიუხედავად, თავის მოტყუებისა და თვითდამშვიდების საფრთხე გვემუქრებოდა.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული