კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?

AutoSharing Option
ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ "ლივერპული" კრისტიან ბენტეკეს ხელში ჩაგდებასთან ახლოსაა. მერსისაიდელები ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" გაჯანჯლებული მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოოდ დათანხმებულან გამოსასყიდი თანხის, 32,5 მილიონი გირვანქის გადახდას.

შეთანხმებულია 24 წლის ბელგიელის პირადი კონტრაქტის დეტალებიც. სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა და ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება.

ბენტეკე "ვილაში" 2012 წელს "გენკიდან" 7 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. მან ბირმინგემელთა მაისურით 101 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. წინა სეზონის მიწურულს კრისტიანმა ფორმა აღიდგინა და ტიმ შერვუდის ხელმძღვანელობით 12 შეხვედრაში 12 ბურთი შეაგდო, რითაც კლუბი გავარდნას გადაარჩინა.

რაც შეეხება "ასტონ
ვილას", წავიდა ფაბიან დელფი, წავიდა რონ ვლაარი, მიდის ბენტეკე, გაუშვეს ანდრეას ვაიმანი... სხვა სახის სიახლეებისა და მომსვლელებისა კი რა გითხრათ. სიახლე ის არის, რომ გუნდის მმართველი აქციებს ისევ ყიდის.

ვთქვათ ისიც, რომ ბენტეკეს შემცვლელად "ვილა პარკზე" კალუმ უილსონი წარმოუდგენიათ და "ბორნმუთისგან" 23 წლის თავდამსხმელის შეძენას აპირებენ. უილსონმა წინა სეზონში ჩემპიონშიპში 20 გოლი გაიტანა (აქედან მხოლოდ ერთი პენალტით) და "ალუბლების" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სწორედ მისი გოლებით გავიდა "ბორნმუთი" პირველ ადგილზე და მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

კიდევ ერთი ვერსიით, შერვუდს ჩარლი ოსტინის მიყვანა სურს და ბენტეკეში აღებული თანხის ნაწილს სწორედ ამას მოახმარებს.

"ქუინზ პარკ რეინჯესი" მზად არის, 26 წლის ფეხბურთელი გაუშვას და უმაღლეს ლიგაში თამაშის მისი სურვილი გაითვალისწინოს, ოღონდ შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. ამ მხრივ, "ვილას" შემცილებლებად "ნიუკასლი" და "ლესტერი" ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული