ეიფელის კოშკი კი მიყვარს, მაგრამ ეზოში ვერ დავიდგამ - მოურინიო პოგბაზე

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ადასტურებს, რომ პოლ პოგბა ძალიან ესიმპათიურება, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის შეძენის მცდელობა არ გვექნებაო... პორტუგალიელმა თავის სტილში, საინტერესო განცხადება გააკეთა და სახალისო პარალელიც შემოგვთავაზა.

არადა, ლონდონელთა კონკურენტები საკმაოდ ბევრს ხარჯავენ და "ლურჯების" ფანები სატრანსფერო ბაზარზე "ჩელსისგან" აქტიურობას ელიან. თუმცა, მოუმ ერთი-ორჯერ უკვე აღნიშნა, სერიოზული ცვლილებები არ გვესაჭიროებაო.

"პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. პოგბა ნებისმიერ გუნდში გადასვლისას ავტომატურად გააძლიერებს მას. ვფიქრობ, მისით ყველა დაინტერესებულია. თუმცა არის რაღაც, რაც შეგიძლია გააკეთო და რაღაც, რაც არ შეგიძლია. მე მიყვარს ეიფელის კოშკი, მაგრამ ეზოში
ვერ დავიდგამ მას. ლას ვეგასის ეიფელის კოშკიც კი ვერ მექნება", - აღნიშნა "განსაკუთრებულმა".

მოურინიომ იმაზეც გააკეთა კომენტარი, რომ მას ფრთის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და ფლანგის შემტევი აღარ დასჭირდება, თუ რამდენიმე მათგანი არ წავა. წასვლით კი, შესაძლოა, ხუან კუადრადო წავიდეს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პორტუგალიელი ადვილად შეელევა, რადგან კოლუმბიელით ძალიან უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ კუადრადომ "ლირჯებში" მხოლოდ ნახევარი წელიწადი გატარა.

თუმცა, ჟოზეს მის ნაცვლად შესაბამისი კომპენსაცია უნდა. ხუანის სანაცვლოდ, 26,1 მილიონი გირვანქაა გადახდილი.

აი, "ბარსელონას" პედრო როდრიგესის ყიდვას კი, როგორც ჩანს, "ჩელსი" არ აპირებს.

"სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მაგრამ მე მყავს ედენ აზარი, ვილიანი, ბერტრან ტრაორე, ვიქტორ მოზესი და კუადრადო. თუ ამ ტიპის მოთამაშის შეძენას დავაპირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე წავა. თუ ვინმეს დავკარგავ, ეს იმიტომ არ იქნება, რომ ასე მინდა, იქნება იმიტომ, რომ ვინმეს თავად ენდომება წასვლა ან ძალიან კარგ წინადადებას მივიღებთ მის სანაცვლოდ.

ამ მომენტში 5 ასეთი ფეხბურთელი მყავს და მეექვსეს დამატებას არ ვაპირებ", - აღნიშნა მოურინიომ.

"ჩელსის" მწვრთნელს ჩამოწერილი ჰყავს მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა "ფიორენტინას" უარი უთხრა, იჯარის წესით, კიდევ ერთი სეზონის გატარება არ მინდაო, რითაც ფლორენციელები გააბრაზა. თუმცა მას არც "სტემფორდ ბრიჯზე" დაედგომება.

"მის მომავალს სადმე სხვაგან ვხედავ, განათხოვრების წესით თუ გაყიდვით. ვნახოთ, რა წინადადებებს მივიღებთ. როგორც უკვე ვთქვი, ამ პოზიციაზე 5 მოთამაშე გვყავს და ეს უკვე გადატვირთვაა", - დასძინა ჟოზემ.

ამასობაში, მადრიდის "ატლეტიკოს" ფილიპე ლუიშის უკან დაბრუნება უნდა. "ჩელსიმ" იგი "ათლეტებისგან" 16 მილიონ გირვანქად იყიდა.

ველოდით, რომ ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ "ლურჯების" თავკაცს ფილიპე ლუიში შორიდან უფრო მოსწონდა, ახლოდან კი - იმდენად აღარ. თუმცა, ლონდონურ გუნდს სურს, რომ მადრიდელებმა კარგად გადაიხადონ, ხოლო "ატლეტიკოს" მიზანი, ცხადია, რაც შეიძლება ნაკლების დახარჯვაა.

"თუ "ატლეტიკოს" მისი დაბრუნება სურს, უნდა გადაიხადოს კიდეც და შეთავაზებას განვიხილავთ. თუ ფილიპე ლუიში წავა, მოქმედება გახდება საჭირო, ანუ შემცვლელის პოვნა", - ამბობს მოურინიო.

აბა, ისე როგორ იქნებოდა, მოურინიოს კბილი იკერ კასილიასისთვის არ გაეკრა, როგორც იცით, მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ არის. "სამეფო გუნდში" კასილიასის უპირობო პირველ ნომრობას წყალი სწორედ პორტუგალიელმა შეუყენა, მაგრამ მადრიდიდან ჯერ სწორედ მოურინიო გაუშვეს, ახლა კი - იკერიც, რომელიც კარიერას "პორტუში" აგრძელებს.

"განსაკუთრებული" განსაკუთრებულ მეკარეს იქაც "გაჰყვა" და აღშფოთებას ვერ მალავს იმით, რომ "დრაკონებმა" ჯიანელი იმბულაში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო კასილიასს წელიწადში 2,5 მილიონს გადაუხდიან.

"ვერ ვიჯერებ, რომ "პორტუმ" იმბულაში 20 მილიონი ევრო გადაიხადა და კასილიასს ამხელა ხელფასს უხდის. ასეთი ხარჯები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება", - აღნიშნა მოურინიომ.

"ჩელსის" მესაჭემ თავისი აზრი გუნდში მისულ რადამელ ფალკაოზეც გამოთქვა. მისი აზრით, კოლუმბიელი ძალიან შემართულია და იმის დამტკიცების წყურვილი, რომ პრემიერლიგაში კარგად თამაში შეუძლია, 29 წლის თავდამსხმელს ადაპტაციაში დაეხმარება.

მოუს ფალკაოსადმი დიდი სიმპათიები აქვს და დარწმუნებულია, რომ მის ხელში გოლის ალღოთი დაჯილდოებული ფეხბურთელი ძველებურად პროდუქტიული იქნება.

პრემიერლიგის ჩემპიონების სამიზნეებს რაც შეეხება, ახლა პირველი მათგანი ჯონ სტოუნსია. დედაქალაქელებს 20 წლის მცველის ხელში ჩაგდება ძალიან უნდათ. "ევერტონის" ფეხბურთელი უკვე ინგლისის ნაკრების წევრია.

კიდევ ერთი სამიზნე "აუგსბურგის" მარცხენა მცველი აბდულ ბაბა რაჰმანია. ამ უკანასკნელმა "რომასგან" წინადადება მიიღო და თითქოს, გერმანული გუნდიც თანახმაა, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, თავად მცველს ინგლისი ურჩევნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული