20 წლის ნიჭიერმა შემტევმა ფანები მოიმდურა და მას ობსტრუქცია არ ასცდება. ვინ იცის, "ენფილდზე" ჩასვლის წინ სტერლინგი ისევე "გაციებული" აღმოჩნდეს, როგორც იმ ვარჯიშის დღეს გახლდათ, რომელიც გააცდინა "ლივერპულში" ყოფნის ბოლო დღეებში. თუმცა, სტერლინგი ირწმუნება, მართლა გაციებული ვიყავი და არაფერი მომიგონიაო.
"ტრანსფერი ძალიან მახარებს, მაგრამ ერთადერთი ამ სიტუაციაში ის არ მომწონს, თუ როგორ წამოვედი "ლივერპულიდან", უსიამოვნოდ გამოვიდა. იქ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა - მწვრთნელთან, უფროსობასთან, ფეხბურთელებთან...
ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი ძალიან ბედნიერია თავისი გადაწყვეტილებით და ახალი კლუბით, რომელსაც აზიურ ტურნეში გაჰყვა და ერთი სული აქვს, "ქალაქელების" მაისურით როდის ათამაშდება. სეზონის დაწყებამდეც ცოტა დრო დარჩა...
"როდესაც "სიტის" ინტერესის შესახებ შევიტყვე, იმ მომენტიდანვე აქ გადმოსვლა მინდოდა, რადგან კლუბის მიერ არჩეული გზა და მიზანი ვიცი და მაკმაყოფილებს. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ახალ გუნდში უკვე რამდენიმე მშვენიერი დღე გავატარე, თანაკლუბელები გავიცანი, რომლებიც თბილად დამხვდნენ და კარგად მიმიღეს. "სიტიში" შესანიშნავი ატმოსფეროა.
ფეხბურთელზე, რომელიც პრემიერლიგაში ასეთი დიდი გუნდის რიგებშია, ყოველთვის არის ზეწოლა. ეს უნდა მიიღო და ამას გაუმკლავდე. მე ჩემი პირადი მიზნები, გეგმები და ამბიციები მაქვს. იმედია, ოცნებების ახდენა გამომივა. მსურს, კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგო" - დასძინა სტერლინგმა, რომელშიც მანჩესტერელებმა "ლივერპულს" 49 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"