როი კინის "ავტობიოგრაფია". [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემი სიტყვები ბუტერბროდებზე მომდევნო დღეს ბევრ გაზეთში მოხვდა. მაბრალებდნენ იმას, თითქოს მხედველობაში მყავდა გულშემატკივრები VIP-ლოჟებში. სინამდვილეში, ასე არ იყო.

კლუბს სჭირდებოდა VIP-ლოჟებში გაყიდული ადგილებიდან შემოსული ფული. ასეთია ცხოვრება. რეალურად, ვლაპარაკობდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარზე. კლუბს არ გააჩნია ღმერთისგან ბოძებული უფლება წარმატებაზე. ნამდვილ გულშემატკივრებს, რომლებიც ფეხბურთში ერკვევიან, ეს კარგად ესმოდათ.

მხოლოდ გულშემატკივართა საქციელი არ მაწუხებდა. სადღაც გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ გუნდი დეგრადაციის გზას ადგა. ატმოსფერო არ იყო სახარბიელო. წარმატებები, განსაკუთრებით, პრემიერლიგაში, თვითდამშვიდებას იწვევდა. კლუბში ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოწამლული ჰეთ-თრიკით. გახსენება,
აღფრთოვანება, ლეგენდებსა და გმირებზე საუბარი, "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო გუნდად მოხსენიება და ა. შ. პეტერ შმეიხელის სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი 1968 წლის გუნდს 10:0-ს მოუგებდა, ამგვარი საუბრების კულმინაცია გახდა. საიდან იცოდა ამის შესახებ?

მაშინაც არსებობდნენ გმირები: ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ, ჯორჯ ბესტი... რა უფლება გვქონდა, გვევარაუდა, რომ ეს ფეხბურთელები ვერაფერს მიაღწევდნენ თანამედროვე ფეხბურთში. ჰეთ-თრიკი უკვე ისტორიის კუთვნილება იყო. მაგრამ ხალხს არ სურდა ამის გაგება. ასეთ მდგომარეობას ზიანი მოჰქონდა ჩვენთვის. ვგრძნობდი და ვხედავდი ამას საწვრთნელ მოედანზე. ფეხბურთელები აგვიანებდნენ ვარჯიშებზე, მოვალეობას იხდიდნენ... მაგრამ ყოველ კვირას იგებდნენ მატჩებს პრემიერლიგის სუსტ გუნდებთან.

და ამის შემდეგ კიევის "დინამომ" (და არა მადრიდის "რეალმა") კინაღამ გამოგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. გადავხედე გასახდელს და მივხვდი, რომ "დინამოსთან" მატჩმა საკმარისად ვერ გამოგვაფხიზლა.

* * *
თებერვლის დასაწყისში, პრემიერლიგაში ჩვენი ლიდერობა 16 ქულას უტოლდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე გავუსწორდით "პანათინაიკოსსა" და "შტურმს". აისბერგის მწვერვალი ანათებდა, მაგრამ წყალქვეშ ყველაფერი ცუდად იყო.

აპრილი. 13-ქულიანი ლიდერობა საჩემპიონო რბოლაში, რომელსაც ერთი მონაწილე ჰყავდა. "ბაიერნი" ჩამოდის "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში. სისუსტის ნიშნები გამოჩნდა "ლივერპულთან" შეხვედრაში, რომელმაც "ბაიერნთან" მატჩამდე სამი დღით ადრე, "ენფილდზე" 2:0 მოგვიგო.

"ბაიერნი" - კარგი, პროფესიული გუნდია. ისინი ასე უბრალოდ არ მოგვცემენ იმას, რისი მიღებაც გვსურს. ეფენბერგი, შოლი, იერემისი, რომელიც ხისტი და მუშა ფეხბურთელია ნახევარდაცვაში, ელბერი და პაულო სერჟიო, რომლებიც შეტევაში ბრაზილიურ დუეტს ქმნიდნენ. ამ გუნდში ყველა რგოლი იდეალურია, მათ არ აქვთ სისუტეები. ეს რგოლები მწვრთნელ ჰიტცფელდის მიერ არის შექმნილი. ჩვენ აქამდე ვერ მივალთ. პაულო სერჟიომ, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე, გამარჯვების გოლი დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანა. ისინი შორს წავიდნენ 1999 წელთან შედარებით, ჩვენ კი ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს წინ.

მიუნხენში საპასუხო მატჩამდე, იოლად ვამარცხებთ "ჩარლტონსა" და "ქოვენთრის". გამარჯვებულის საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, როცა ელბერმა მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში. საკუთარ თავს ვატყუებდით. ბევრს ვლაპარაკობდით და ცოტას ვაკეთებდით. რელსებიდან გადავედით.

ამასობაში, ვიგებთ პრემიერლიგას 10-ქულიანი უპირატესობით.

არასასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, როცა მიუნხენიდან შინ ვბრუნდებოდით. ჰეთ-თრიკის მოპოვების შემდეგ დიდი ფული უნდა დაგვეხარჯა ახალ მოთამაშეებზე, მიგვეღო საუკეთესო, რაც კი ევროპაში არსებობს, გადაგვეხალისებინა გუნდი, უნდა ვყოფილიყავით დაუნდობლები. გვებრძოლა თვითდამშვიდების წინააღმდეგ... სავარაუდოდ, ეს გუნდი დამთავრებულია. ჩემი ჩათვლით. მიუნხენურ მატჩში არაფერი გამიკეთებია. გამოვიფიტე. პრემიერლიგამ შემიწოვა. უკეთ ითამაშე, როი, თორემ დაიკარგები.

* * *
პარასკევს ვარჯიშზე მივედით. "კერინგტონი" - ჩვენი ახალი საწვრთნელი სტადიონი პროფესიონალის ოცნება იყო. გვქონდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო ოპტიმალური მომზადებისთვის. ყველაფერი შესანიშნავადაა. ხვალ საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით "მანჩესტერ სიტის". მისი ფეხბურთელი ალფი ჰაალანდი პირს არ აჩერებს: "თუ როი კინს ასე აღელვებს გულშემატკივრები და VIP-ბოქსები, რატომ არ მოიკლებს ხელფასს?" მე არ დამვიწყებია ალფი და მის მიერ მოყენებული ტრავმა. ბრაიან რობსონმა მირჩია, არ ავჩქარებულიყავი. "შენ მიიღებ შანსს, როი. დაელოდე".

კიდევ ერთი საშინელი თამაში. მეტოქე სერიოზულად არის განწყობილი. ჩვენ - არა. "სიტის" შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ იქვე ტედი შერინგემმა გამოიყენა პენალტი. რჩებოდა 20 წუთი. ჰოუიმ საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში. ალფის თითქმის 180 წუთი ველოდი, ან სამი წელი - როგორც გენებოთ. გვერდით ხაზთან ჰქონდა ბურთი. თითქოს დაგვცინოდა. დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს. მიიღე, ნაძირალა! უხეში ილეთის შემდეგ აღარ დაველოდე, სანამ ელერეი წითელ ბარათს მომცემდა. შევბრუნდი და გასახდელისკენ გავემართე.

* * *
"ბაიერნთან" მატჩის შემდეგ სტივ მაკლარენთან მივედი ჩემი წუხილისა და შეშფოთების გასაზიარებლად. სტივი კარგი მწვრთნელი იყო, ნოვატორი, რომელიც ყოველთვის ეძებდა გადაწყვეტილების ოპტიმალურ გზებს. პატივს ვცემდი მას. ის უკეთესისკენ ისწრაფვოდა. ამბიციური იყო და ტიტულები სწყუროდა. მოვუყევი ჩემი გრძნობების შესახებ. რომ ეს ის ძველი გუნდი აღარ არის და პრემიერლიგაში არავინ გვყავს კონკურენტად. "არსენალები", "ლივერპულები", "ჩელსები" და "ლიდსები" უბრალოდ ვერაფერს გვიპირისპირებენ. ამის გამო, ფეხბურთელებმა დავიწყეთ ფიქრი, რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მან იცოდა, რაზეც ვლაპარაკობდი.

მიუნხენური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ დღევანდელი გუნდი, შესაძლოა, ისეთი ძლიერი აღარ არის. შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი გადახალისება, ახალი მოთამაშეების აყვანა და ყველაფრის თავიდან დაწყება. "კინი თანაგუნდელებს დაერია", - ასეთი იყო მომდევნო დილას ერთ-ერთი გაზეთის სათაური. არადა, საკუთარ თავსაც ვგულისხმობდი. მეც თითქმის ვგრძნობდი თვითდამშვიდებას.

სტივმა დამარწმუნა, რომ გარდაქმნები მალე დაიწყებოდა: "მწვრთნელი აპირებს გუნდში რამდენიმე ძლიერი მოთამაშის აყვანას". ის დაეთანხმა პრემიერლიგაში ჩვენი მეტოქეების ჩემეულ დახასიათებას. ასევე გაიზიარა ჩემი აზრი იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წყალობით, რომელიც შიდა ჩემპიონატის სამ საუკეთესო გუნდს აძლევდა ტურნირზე თამაშის შესაძლებლობას, აუცილებელი აღარ იყო პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის ბრძოლა. მაგრამ, თუ არ გვჭირდება ჩემპიონატის მოგება, შევძლებთ კი გუნდში იმ ხასიათის შენარჩუნებას, რაც ახლა სუფევს შემადგენლობაში?

თვითდამშვიდების შიშმა 29 წლის ასაკში კიდევ უფრო იჩინა თავი, როცა შინ "დერბის" დამარცხების შემდეგ, პრემიერლიგის თასი გადმოგვცეს. გულშემატკივრებს ძალიან უხაროდათ. დიდების ზენიტში ვიყავით. ეს მოგვწონდა. შემდეგ წავაგებ ბოლო ორი მატჩი.

მაგრამ ერთი მიღწევა მაინც აღსანიშნავი იყო. ალექს ფერგიუსონი გახდა ინგლისის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონატი ერთი და იგივე გუნდთან ერთად. მან დაიმსახურა თავისი ადგილი ისტორიაში. და მისთვის ეს ცოტა იყო.

* * *
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2002 წელს გლაზგოში, მწვრთნელის მშობლიურ ქალაქში გაიმართება. მან სწორედ იქ მოხვედრის მიზანი დაგვისახა ახალ სეზონში. ასევე გამოაცხადა, რომ ეს იქნებოდა მისი ბოლო სეზონი კლუბში. არაფერი მაკვირვებს ფეხბურთში. დღეს აქ ხარ, ხვალ შეიძლება არ იყო. ეს ეხება ისეთ ადამიანსაც კი, როგორიც ფერგიუსონია.

ძვირადღირებული ფეხბურთელები შევიძინეთ და კარგი გარიგება დავდეთ თავისუფალ აგენტთან. ხუან სებასტიან ვერონი "ლაციოდან" 28 მილიონ გირვანქად მოვიდა. სება მსოფლიო დონის ნახევარმცველი იყო. რუუდ ვან ნისტელროის, რომელშიც 19 მილიონი გადაუხადეს "ეინდჰოვენს", შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. ლორან ბლანი ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ მცველით, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე და ევრო 2000-ზე.

ყველა ელოდა მყისიერ შედეგებს, მაგრამ ფეხბურთი არ არის მარტივი თამაში. განსაკუთრებით უცხოელი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეულნი ინგლისში თამაშს და არ იცნობდნენ ყოველდღიური ცხოვრების კულტურას. სასწაულებს არ უნდა ველოდით. საწუხაროდ, ხალხი თავიდანვე შედეგებს ითხოვდა. კრიტიკა ძალიან სერიოზული იყო.

იააპ სტამი 15 მილიონ გირვანქად გაიყიდა. კლუბმა 5 მილიონი მოგება ნახა. მწვრთნელმა ამისთვის საკუთარი პორცია კრიტიკა მიიღო. ძირითადად იმის გამო, რომ ლორან ბლანი არადამაჯერებლად მოქმედებდა დაცვაში. ძალიან ნელი იყო და ალღო ვერ აუღო ადგილობრივ ფეხბურთს.

მიუხედავად იმისა, რომ იააპი შესანიშნავი ბიჭი გახლდათ, მაღალ დონეზე სათამაშოდ მისი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ბრწყინვალედ გრძნობდა თავს ბურთისთვის ბრძოლაში, სწრაფი იყო და მისი ყოფნა მინდორზე იგრძნობოდა. მაგრამ მოიკოჭლებდა პოზიციურ თამაშში. იააპი გაჭირვებით უმკლავდებოდა საუკეთესო ფორვარდებს. მას არ ჰქონდა ინსტინქტური გრძნობა, რომელიც ახასიათებთ ძლიერ მოთამაშეებს.

და მაინც, სტამის გაყიდვა შეცდომა იყო. მომწონდა ის და მისი ოჯახი. გულწრფელად ერთგული იყო "მანჩესტერ იუნაიტედის". მან შეიძინა სახლი უილსმსლოუში - ჩვენს სტადიონთან ახლოს. ის პოპულარობით სარგებლობდა გასახდელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული