მართალია, მანუელ პელეგრინის შემადგენლობა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გადახალისებული იყო, ხოლო რაფაელ ბენიტესმა თავისი წამყვანი ვარსკვლავები ათამაშა, მაგრამ ეს "ქალაქელების" ცუდი თამაშის გასამართლებლად არ გამოდგება. მათი მხრიდან ერთადერთი გოლი იაია ტურემ გაიტანა, ისიც პენალტით.
თუმცა ეს მაინც ამხანაგური თამაში გახლდათ, რომლის შედეგზე უფრო ცუდი ამბავი ის არის, რომ ფაბიან დელფს დებიუტი ჩაშხამდა, რადგან მე-18 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ბირმინგემის "ასტონ ვილა
"სამწუხაროდ, ფაბიანს ტრავმა ცოტათი აწუხებდა და ვფიქრობდით, რომ 45 წუთი მინდორზე გასვლა მას წაადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ძალიან ცუდი ამბავია, რომ დაშავდა, მაგრამ იმედია, სერიოზულად არა, ექიმების დიაგნოზს ველოდებით" - თქვა პელეგრინიმ.
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, "სიტი" იშვიათად უტევდა და თუკი ვინმე აქტიურობდა, პირველ რიგში, რაჰიმ სტერლინგი. სწორედ მან გამოიმუშავა პენალტი, რომლითაც მანჩესტერელებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს. იმ მომენტისთვის ისინის უკვე 0:3-ს აგებდნენ.
"ჩვენ მატჩამდეც ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა თამაში ასეთი ბრწყინვალე თავდამსხმელების წინააღმდეგ ელიაკიმ მანგალას, ვენსან კომპანისა და მარტინ დემიკელისის გარეშე. გარდა ცენტრალური მცველებისა, ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ უილფრიდ ბონი, სერხიო აგუერო, ფერნანდინიო და პაბლო საბალეტაც არ იყვნენ. შეწუხებული არ ვარ, რადგან უამრავი ფეხბურთელი გვაკლდა, ზოგი კი გვიან შემოგვიერთდა და მათ მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ სავარჯიშოდ, ისინი მომზადებას რეალურად ახლა იწყებენ და გუნდი სრული შემადგენლობით ჯერ ისევ არ შეკრებილა.
წინასასეზონო პერიოდში კარგად მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თავდაუზოგავად უნდა იშრომო, მაგრამ ამხანაგური შეხვედრების შედეგს, წაგებას ან მოგებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს" - თავი იმართლა პელეგრინიმ.
მელბურნში გამართულ შეხვედრაში "სიტის" რიგებში, დელფის გარდა, 16 წლის კამერონ ჰამფრის, 20 წლის ჯეისონ დენაიერისა და "ფულემიდან" მოყვანილი პატრიკ რობერტსის დებიუტი შედგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"