"ჩელსიმ" პენალტებში იმარჯვა - გმირი კურტუა, დებიუტანტი ფალკაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბანკ ოფ ამერიკა სტედიუმზე" ერთმანეთს ძველი ნაცნობები - "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" შეხვდნენ. მათ შორის მატჩი ამჯერადაც დაძაბული გამოვიდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. 1:1-ის მერე, პენალტების სერიაში ინგლისელებმა იმარჯვეს. როგორც ლორან ბლანმა, ასევე ჟოზე მოურინიომ საბრძოლო შემადგენლობებით ითამაშეს. ცხადია, ერთი-ორი ექსპერიმენტი და ცვლილებების სიმრავლე მაინც იყო.

ფრანგული გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააწინაურა, მან დამატებაზე გაიტანა. ამ გოლში უფრო დიდი დამსახურება პარიზელთა ახალგაზრდა ტალანტის, ჟან-კევინ აგუსტენისაა. ვუნდერკინდმა მშვენივრად ითამაშა და დარტყმაც არ გამოუვიდა ცუდი, ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო იბრას ისღა დარჩენოდა,
ფაქტობრივად ცარიელ კარში ზუსტად დაერტყა.

"ჩელსის" მხრიდან ვიქტორ მოზესმა იხეირა, მაგრამ აქ სესკ ფაბრეგასის საუცხოო გადაცემაა პირველ რიგში გამოსარჩევი. ფრანსესკმა ნიგერიელს ულამაზესი გადაცემა დაუხატა, გოლი ლანგრით მიართვა. თუმცა ნიგერიელსაც არ დავუკარგოთ ის, რომ კარგად გაიხსნა და საერთოდ, მას "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა სურს და ამისთვის იბრძვის, უნდა, რომ მოუს თავი მოაწონოს, რადგან პორტუგალიელს აზრად მისი კვლავაც განათხოვრება ისევ ექნება.

"ჩელსის" რიგებში რადამელ ფალკაოს დებიუტი შედგა და კოლუმბიელის თავდაჯერებისთვის კარგია ის, რომ პენალტების სერიაში გატანა მოახერხა. "განსაკუთრებულმა" დანაპირები აასრულა და ასმირ ბეგოვიჩი ძირითადში დააყენა. ბოსნიელი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ჯერ ადაპტაციის პერიოდი აქვს და შესვენებაზე "ლურჯების" ძირითადმა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ ჩაანაცვლა, რომელიც იქცა კიდეც დუელის გმირად. ბელგიელმა ორი პენალტი აიღო - იბრაჰიმოვიჩის მაგივრად გამოსული ჟან-კრისტოფ ბაებეკის დარტყმული და ტიაგო სილვასი, რის მერეც თავად გაიტანა უძლიერესი გასროლილით, რომელიც ცხრიანს დაუმიზნა და "ჩელსის" მოაგებინა.

"პსჟ ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ფრანგებმა მოსამზადებელი პერიოდი უფრო ადრე დაიწყეს და ჩვენთან შედარებით ეს უპირატესობა ჰქონდათ. ამიტომაც მშვენიერი ტესტი გამოგვივიდა. სერჟ ორიე ძალიან აგრესიული და შემართული იყო და პრობლემები შეგვიქმნა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ პარიზელთა ძირითადში ყოველთვის ვერ ხვდება და განსაკუთრებით აქტიურობდა. "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება ცოტა ხნით რომ მოგვიხდეს, ვისურვებდი, რომ რამდენიმე მატჩი შარლოტში ჩაგვეტარებინა.

აქ ძალიან კარგად გვგულშემატკივრობენ. ამერიკაში ფეხბურთისადმი ინტერესი და ვნება უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, მე ქუჩებში თავისუფლად უკვე ვეღარ დავდივარ, ხალხმა ჩემი ცნობა დაიწყო" - თქვა მოურინიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული