მას მერე ფრანგი "არსენალის" მთაა, ღამითაც და დღისითაც. იგი ძველებური შემართებით ემზადება ახალი, საიუბილეო მე-20 სეზონისთვის და საკუთარ მოსაზრებებსაც გვიზიარებს.
ძნელია ფეხბურთში ისეთი ხანგრძლივი დაპირისპირება იპოვო, როგორიც არსენ ვენგერსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის იყო. მართალია, ძირითადად, შოტლანდიელი გამოდიოდა გამარჯვებული, მაგრამ თუკი ვინმე მას წინააღმდეგობას უწევდა და ხანდახ სჯობნიდა, ეს სწორედ ფრანგი გახლდათ.
სანამ "ჩელსი" და ჟოზე მოურინიო გამოჩნდებოდნენ,
"მე ვუთხარი - კარგი რა, ნუთუ არ მოგენატრება? ის "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მერე ხელის ჩამოსართმევად მოვიდა და მიპასუხა - არა, საკმარისიაო. ის ისევ ყველა თამაშზე დადის. მას ცხენები ჰყავს, მე არ მყავს ცხენები" - განაცხადა ვენგერმა.
როგორც იცით, ფერგიუსონს ცხენები ძალიან უყვარს და ეს მისი ჰობია, მაგრამ ფეხბურთს შოტლანდიელი ვერ ივიწყებს და არ ეშვება. 65 წლის ვენგერი მასზე 8 წლით უმცროსია, მაგრამ ამ ასაკშიც ბევი ფიქრობს ხოლმე წასვლაზე. ვენგერი აღიარებს, რომ ეს აზრი წამიერად გაუელვებს ხოლმე, მაგრამ...
"ხანდახან ეს აზრი გამიელვებს ხოლმე, მაგრამ 5 წამზე დიდი ხნით არა, მერე ცოტათი ვპანიკდები" - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
ვენგერის სამწვრთნელო კარიერა "ნანსიში" დაიწყო, რასაც "მონაკო" მოჰყვა, შემდეგ ერთი სეზონი "ნაგოიაში" და იაპონიიდან ის "არსენალში" მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი ათეული წელი გავიდა, ვენგერი ისევ ენთუზიაზმითაა სავსე და შემართება არ აკლია.
"ასეთი მოტივირებული იშვიათად ვყოფილვარ. ახალი სეზონის დაწყებას ისე ველოდები, როგორც არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გაიარე ეს პროცესი, რამდენი სეზონი ჩაატარე. მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ხოლო სიყვარული რაოდენობით არ იზომება. თანაც, ფეხბურთი ყოველწლიურად სიახლეებითაა სავსე. ეს ამ სახეობის დიდი პლუსია. ყველა წაგების მერე ამბობენ, რა აკეთებს ეს კაციო... მუდმივი ზეწოლაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდე.
თითქმის ყოველ სამ დღეში გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი. უკან დასახევი გზა არ გაქვს, მუდამ მომავალი გამოცდისთვის უნდა ემზადო და წარმატებით ჩააბარო ის. ჩემდამი ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც სხვებისადმი. წააგებ სამ თამაშს და... იწყება კრიტიკა, მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ და გავაანალიზებთ, გამოჩნდება, რომ სამი მატჩი ზედიზედ ხშირად არ მაქვს წაგებული. მწვრთნელის საქმე კრიზისის დროის შემცირებაცაა. მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ერთ დღესაც, როდესაც წავალ, მინდა კლუბი ისეთ მდგომარეობაში დავტოვო, რომ ფეხზე მყარად იდგეს და დიდი პოტენციალი ჰქონდეს" - აღნიშნა ვენგერმა.
არადა, მიუხედავად ვენგერის ასეთი სიტყვებისა, მას ყველაზე მძიმე სეზონი სწორედ ბოლო ჰქონდა, რომლის სტარტიც "მეთოფეებს" ძალიან უფერული და მძიმე გამოუვიდათ და წარმოუდგენელი რაღაც მოხდა - ფრანგის მოხსნაზე სერიოზულად დაიწყეს ლაპარაკი და გაირკვა ისიც, რომ კლუბის აქციონერთა შორის ვენგერს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. თვით ფანთა ნაწილიც კი განუდგა ვენგერს; იყო ორი შემთხვევა, როდესაც მუსიე არსენთან მინდორზე შეჭრილი ფანები მიიჭრნენ, რამდენიმე საპროტესტო ბანერიც კი გამოჩნდა და "სტოკთან" მარცხის მერე ვენგერს რკინიგზის სადგურზე ობსტრუქცია მოუწყვეს.
თუმცა სეზონის მეორე ნახევარი და განსაკუთრებით, დასკვნითი ნაწილი ლონდონელების შესრულებით იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გუნდის მარადმწვანე მწვრთნელისთვის წითლის ანთებაზე საუბარი მყისიერად შეწყდა. თანაც, "არსენალი" ფულის ხარჯვას აპირებს და ამბობენ, კიდევ გაძლიერდებაო. "მეთოფეები" მიხვდნენ, რომ ძვირად ღირებული ტრანსფერები უნდა გააკეთონ, თორემ სერიოზულ კონკურენციას სხვა "მონსტრებს" ვერ გაუწევენ.
"დიდი გამოცდილება გეხმარება იმის მიხვედრაში, თუ რა შეიძლება გელოდოს და რას უნდა გაუმკლავდე. კრიტიკაც ჩვეულებრივი მომენტია. თუმცა სიურპრიზები აქაც არსებობს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მატარებელში ჩაჯდომამდე შეურაცხყოფას მოგაყენებენ. მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელსა თუ პრესაში გამოთქმულ მოსაზრებებს, რადგან მირჩევნია დისტანციაზე ვიყო, აქაც გამოცდილება გეხმარება და უკეთ აფასებ საკუთარ თავს, სხვების გავლენის ქვეშ არ ექცევი და დიდ ყურადღებას არ აქცევ შეფასებებს, იქნება ეს გადამეტებულად ნეგატიური თუ გადამეტებულად პოზიტიური" - თქვა "არსენალის" მესაჭემ.
ვენგერისთვის სასიხარულო და იმედისმომცემია ისიც, რომ მისმა კლუბმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი და იგი მიიჩნევს, რომ ეს სტაბილურობისა და ტიტულების ეკლიანი გზისკენ შემობრუნების ნიშანია. ახლა "მეთოფეებს" ასოციაციის თასი სულ 12-ჯერ აქვთ მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. სწორედ ეს ტურნირი მოიგო ვენგერმა 2005 წელსაც და მას მერე უტიტულოდ გახლდათ. ამას იგი, დიდწილად, ახალ სტადიონზე გადასვლას აბრალებს - "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო". უშუალოდ პრემიერლიგა კი "არსენალმა" ბოლოჯერ 2004 წელს მოიგო.
"ფაქტია, ახლა ისეთი სტაბილურობა გვაქვს, როგორიც აქამდე არ გვქონდა. გარდა ამისა, თუ ადრე ის კითხვა უფრო აქტუალური იყო - "ვინ წავა?" - ახლა უფრო აქტუალური ეს კითხვაა - "ვინ მოვა?" დიდი პოტენციალი გვაქვს და ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა შეიცვალა.
თუ მკითხავთ, მოიგებთ თუ არა პრემიერლიგასო, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ამის გაკეთება ნამდვილად გვინდა. ცდას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. თუმცა კონკურენცია ძალიან სერიოზული იქნება. შანსი გვაქვს, ყველაფერი კარგად მიდის. წინა სეზონში ჩვენი ყველაზე დიდსხვაობიანი წაგება 0:2 იყო და ისიც "ჩელსისთან". სხვაობა შევამცირეთ და დარწმუნებული ვარ, მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ" - აღნიშნა ვენგერმა.
მუსიე არსენის კლუბს წინა სეზონში არც საშინაო არენაზე და არც ევროსარბიელზე ორბურთიან სხვაობაზე მეტით მართლაც არ წაუგია. თუმცა ვენგერს, ალბათ, გამორჩა ის, რომ "ჩელსის" გარდა, 0:2 მისმა ბიჭებმა "საუთჰემპტონთანაც" წააგეს.
"რასაკვირველია, ვერანაირ გარანტიაზე ვერ ვისაუბრებთ. შეუძლებელია, პრემიერლიგის მოგება დაგეგმო და ამის გარანტია მისცე ვინმეს. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ პირველობის 5-6 რეალური მსურველია. თანაც, ახლა რთული და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენად ძლიერები იქნებიან სხვა კლუბები. კონკურენტებს თავიანთი გეგმები და ოცნებები აქვთ, ისინიც ძლიერდებიან" - დაამატა მან.
ვენგერი არც იმას უარყოფს, რომ იყო სეზონები, როდესაც წინასწარ იცოდა, რომ მის გუნდს ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ჰქონდა:
"როდესაც საუკეთესო მოთამაშეებს მუდმივად კარგავ, შეუძლებელია, პირველობაზე იფიქრო და ამის იმედი გქონდეს. თანაც მაშინ, როდესაც შემადგენლობით შენზე უკვე ძლიერი კონკურენტები კიდევ უფრო ძლიერდებიან. ოთხეულში შესვლას ახერხებ და შენ თავზე მყოფი გუნდები ისევ ძლიერდებიან, შენ კი წამყვანი ფეხბურთელების კარგვას აგრძელებ და პრემიერლიგის მოგებაზე ფიქრს აზრი ეკარგება. იგრძნობა ხოლმე, როდის შეგიძლია პირველობა და როდის არა.
თუმცა მახსენდება 2007/08 წლების სეზონი, როდესაც ბირმინგემში დავმარცხდით და პირველობა ხელიდან გავუშვით. არადა, მაშინ ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით. შეგვეძლო თუ არა წინა წელს ჩემპიონობა? არა, რადგან 6 შეხვედრის მერე "ჩელსის" უკვე 11 ქულით ჩამოვრჩებოდით და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი გახლდათ".
შეგახსენებთ, რომ ლონდონელები ისეთ ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებდნენ ხოლმე, როგორებიც რობინ ვან პერსი, სამირ ნასრი, პატრიკ ვიეირა, სესკ ფაბრეგასი, ეშლი კოული და ტიერი ანრი არიან. სამაგიეროდ, ახლა მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესისნაირი მოთამაშეები მოდიან და "არსენალი" მზად არის, სასურველ ფეხბურთელში რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადოს.
რასაკვირველია, ცალკე აღნიშვნის ღირსია პეტრ ჩეხი, რომლის სახითაც "მეთოფეებმა" უმაღლესი დონის მეკარე შეიძინეს, რომელსაც პირადად შეუძლია არაერთი ქულის მოტანა "არსენალისთვის". ერთიც, მართალია, ამჯერად ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ "ემირატების" ბინადრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისიც, როგორმე თავი აარიდონ ტრავმების ყბადაღებულ ეპიდემიასა და პრობლემას, ყოველ შემთხვევაში, ის მასშტაბები მაინც შეკვეცონ, როგორიც წინა წლებში იყო.
"სტაბილურობის მნიშვნელობა ბევრს კარგად არ ესმის, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ამას დავამტკიცებთ. ჩვენ სიტუაცია დავაბალანსეთ და ახლა სტაბილურობა გვაქვს, რაც ძალას გვაძლევს. "ჩელსიც" ამით გამოირჩეოდა, განსაკუთრებულად სტაბილური ეს გუნდი დაცვაში იყო და ამის ხარჯზე მთელი სეზონის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს მძიმე სტარტს წინა სეზონში, ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.
ერთ-ერთი ის გახლდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი არც ფსიქოლოგიურად იყო მზად და არც ფიზიკურად. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგვიხდა თამაში და "ბეშიქთაშთან" პაექრობამ ძალიან დიდი ენერგია წაგვართვა. ახლაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, თავიდანვე რთული მატჩები გვაქვს "ვესტ ჰემთან" და "კრისტალ პალასთან", ისინი ძლიერი გუნდები არიან" - ამბობს ვენგერი.
საინტერესოა, რომ უკანასკნელად "არსენალმა" პრემიერლიგა სწორედ მაშინ მოიგო, როდესაც ზაფხულის მთავარი შენაძენი მეკარე გახლდათ - იენს ლემანი. ახლაც, დავიდ ოსპინასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი აღნიშნავდა, რომ "მეთოფეებს" პრემიერლიგაში პირველობისთვის საბრძოლველად ექსტრაკლასის მეკარე აკლდათ. ჩეხი ნამდვილად ასეთია და თანაც, უკვე ამდენი ხანია, ინგლისის ჩემპიონატშია.
სხვათა შორის, ამ ტრანსფერს ვენგერი რომან აბრამოვიჩს უნდა უმადლოდეს, რადგან ჩეხისნაირ ფეხბურთელებს, როგორც წესი, უშუალო კონკურენტებში და იმავე ჩემპიონატის გუნდებში არ უშვებენ ხოლმე, მაგრამ პეტრს "ლურჯების" მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვს და რუსმა მილიარდერმა 33 წლის გოლკიპერს იქვე მეზობლად, "არსენალში" გადაბარგების ნება დართო.
როდესაც ფრანგს ჰკითხეს, ემადლიერებით თუ არა აბრამოვიჩსო, ვენგერმა ღიმილიანი სახით მშვენიერი ხუმრობით უპასუხა...
"მან უკვე საკმარისი პრობლემები შეგვიქმნა" - თქვა მუსიე არსენმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"