"მანჩესტერ სიტი": ვიეტნამელთა სასტიკი რბევა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ადგილობრივ ნაკრებს უმოწყალოდ გაუსწორდა. მანუელ პელეგრინის გუნდმა მე-11 წუთიდან მოყოლებული, დაიწყო ვიეტნამელების დაბომბვა და 78-ე წუთზე დაასრულა. ამ მონაკვეთში "ქალაქელებმა" მეტოქეს 8 გოლი გაუტანეს.

ბოლოს კი, შესაძლოა, ვიეტნამი შეეცოდათ და ერთი გოლი თავადაც გაუშვეს. 8:1 ვისაც არ უნდა მოუგო, სასიამოვნო ანგარიშია და ხასიათზე მოგიყვანს. ალბათ, ჩილელ მწვრთნელსაც ეს გათვლა ჰქონდა და ამიტომ დაგეშა ასე თავისი ბიჭები.

პრინციპში, რაჰიმ სტერლინგს რა მოტივირება სჭირდება, იგი ისედაც ძალიან მონდომებულია და ამ შეხვედრაში ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

დუბლი გაახერხა ალექსანდრ კოლაროვმაც, რომელმაც ორიდან ერთი ბურთი პენალტით შეაგდო. თანაგუნდელებს არც დავიდ სილვა ჩამორჩა და ესპანელმაც დუბლი გაიფორმა.

19 წლის პორტუგალიელი მარკუს ლოპეში და მისი თანატოლი ესპანელი ხოსე ანხელ პოსო კი თითო გოლს დასჯერდნენ. ნიგერიელი ტალანტი კელეჩი იჰეანაჩო ძირითადში იყო და ფორვარდის პოზიციაზე თავმომწონედ ითამაშა შეუცვლელად. 18 წლის აფრიკელმა ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ ერთხელ სტერლინგს გაუწია ასისტენტობა.

პელეგრინი ძალიან კმაყოფილი ჩანდა და ახლა იგი ბიჭებს შემდეგი და ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურისთვის მოამზადებს, რომელიც "სიტის" "შტუტგარტთან" აქვს 1-ელ აგვისტოს. 10-ში კი "ქალაქელები" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ეწვევიან პრემიერლიგის პირველი ტურის ეგიდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული