ჯონ ტერი: კონკურენტები ძლიერდებიან

AutoSharing Option
პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი ამბობს, რომ "ლურჯების" უშუალო კონკურენტი და წინა სეზონში მეორე ადგილზე გასული "მანჩესტერ სიტი" რაჰიმ სტერლინგის შეძენით ძალიან გაძლიერდა და 20 წლის შემტევში ამხელა თანხის გადახდა ღირდა.

"ქალაქელებმა" "ლივერპულს" 49 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. სიმბოლურია, რომ ფეხბურთელი, გვარად სტერლინგი, ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა.

"სტერლინგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც წინა სეზონში მომიხდა თამაში, მან ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. იგი "სიტიში", წესით, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს. 49 მილიონი ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ
ვფიქრობ, მისი გადახდა ღირდა. სტერლინგი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სასიამოვნოა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ამდენად ფასობს.

შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა და რაღაც-რაღაცებთან გამკლავება გაუჭირდა, მაგრამ იგი ჯერ პატარა ბიჭია და უმაღლეს დონეზე სურს თამაში. ეს მისი ბრალი არ არის, ბუნებრივია. მას ამბიციების დასაკმაყოფილებლად "სიტიში" წასვლა მოუხდა, რადგან "ლივერპულმა" წინა სეზონში ბევრი ვერ შესთავაზა. ვიცი, რა აქვს გამოვლილი და საიდან მოდის, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ და ფული გვერდზე რომ გადავდოთ, ჩემი აზრით, იგი ამჟამად საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია" - ამბობს ტერი.

"ჩელსის" ლიდერმა მომავალ სეზონზეც ისაუბრა. პრემიერლიგის ჩემპიონობის მაძიებელი სხვა გუნდებისგან განსხვავებით, "ჩელსი" ამ ზაფხულს დიდ თანხებს არ ხარჯავს და არც აპირებს ამის გაკეთებას, მაგრამ ტიტულის დაცვა უნდა.

ტერისა და კომპანიას ესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან კონკურენცია სერიოზულად გაიზრდება, "სიტის" გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპულიც" სერიოზულად გაძლიერდნენ, თავისი გეგმები და მიზნები აქვს "არსენალსაც" და ასე შემდეგ.

"მიმაჩნია, რომ წინა სეზონში მშვენივრად გამოვაჩინეთ, რომ მაღალი კლასის გუნდი გვყავს და მთელი სეზონის განმავლობაში შთამბეჭდავი და სტაბილურად შედეგიანი ფეხბურთი ვითამაშეთ, რამაც დამსახურებული ჩემპიონობა გამოიწვია. ჩვენს მეტოქეებს გაძლიერება სჭირდებოდათ და მათ ეს გააკეთეს კიდეც.

ახლა ისინი ორმაგი შემართებით და გამარჯვების წყურვილით დაუბრუნდებიან ბრძოლას. მათ სჯერათ, რომ ჩვენი ჯობნა შეუძლიათ. დიახ, ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ ვუბიძგეთ კონკურენტებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერებულიყვნენ. მათაც დიდი თანხები დახარჯეს ახალი მოთამაშეების მისაყვანად. ჩვენ კი კვლავ ძლიერი გუნდი გვყავს და ისევ ჩემპიონობას ვაპირებთ" - დაამატა ტერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული