როი კინის "ავტობიოგრაფია" [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემპიონატის პირველ თვეებში ძლივს გაგვქონდა თავი. დეკემბრის დასაწყისში საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემთან" 0:1 წაგება მეექვსე იყო სეზონში. უბრალო გამოთვლები გვკარნახობდა - ხუთი ან ექვსი წაგებით არ შეიძლება ჩემპიონობის მოპოვება. ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ კრიზისში ვიყავით.

კრიტიკა გაისმოდა ლორან ბლანისა და ხუან ვერონის მისამართით. ეს აბსოლუტური უსამართლობა იყო. ამბობდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ პრემიერლიგასთან შეგუება. მსოფლიო დონის ფეხბურთელებს არ შეუძლიათ შეეწყონ სირბილსა და უაზრო დარტყმებს? სისულელეა. ლორანი და სება ბრწყინვალე პროფესიონალები გახლდნენ. არა მხოლოდ ძლიერები, ამტანებიც იყვნენ იმისთვის, რომ გაეძლოთ
ინგლისური ფეხბურთის გიჟური რიტმისთვის. დიახ, ამას შეჩვევა სჭირდებოდა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელები უფრო სერიოზულ ამოცანებს წყვეტენ, ვიდრე ეს პრემიერლიგის ფეხბურთია.

გუნდი გოლებს უშვებდა და არ იყო აუცილებლობა, თითი გაეშვირათ ცალკეული მოთამაშეებისკენ. ჩვენ ჩავიძირებით ან გადავრჩებით ერთად. "არსენალთან" მატჩში სრულად ვიწვნიეთ კრიზისის ნიშნები. ბარტეზი მთელი ძალით ცდილობდა ჩვენ გადარჩენას, მაგრამ თამაშის ბოლოს მანაც დათმო. თუმცა მარცხი ყველა ფეხბურთელს ეხებოდა, მათ შორის, მეც.

სხვა დამკვირვებლები ჩვენი ფორმის დაკარგვას იმით ხსნიდნენ, რომ მწვრთნელმა წინასწარ გამოაცხადა წასვლის შესახებ. შესაძლოა, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ ამით არ აიხსნებოდა ჩავარდნა. გარდა ამისა, კრიზისის მიზეზს ხედავდნენ იმაშიც, რომ სტივ მაკლარენი წავიდა "მიდლსბროში" მთავარ მწვრთნელად. სტივი ბრწყინვალე იყო, მაგრამ არ მგონია, ეს ყოფილიყო კრიზისის მიზეზი.

ჩვენ ვეღარ ვგრძნობდით გამარჯვებისთვის ბრძოლის სურვილს. გავიხსენე ის გრძნობა, რომელიც ბარსელონაში განვიცადე ჰეთ-თრიკის მოგების შემდეგ. ეჭვი აკვიატებულ იდეად გადაიქცა. განვიცადეთ დიდება, გავხდით გმირები, ლეგენდები ვიყავით... ჩემპიონატი ათი ქულის სხვაობით მოვიგეთ. რა გჭირს, როი? ვგრძნობდი, საითკენაც მივდიოდით. გაქრა სურვილი. ის არც ერთ ჩვენგანს აღარ ჰქონდა.

ყოველ შემთხვევაში, საკმარისი ოდენობით. იმის ნაცვლად, რომ თავად აქტიურად წავსულიყავით წინ, ველოდებოდით, "იუნაიტედის" რომელიმე გმირი ჩვენ ნაცვლად გააკეთებდა საქმეს. წინ, ბექსს, მოგვიტანე მოგება. ახლა ჩემი ჯერია, შემდეგ სქოულზის, რაიანის, ვერონის, რომელიც 28 მილიონი ღირს... იქნებ მოიგოთ ეს მატჩი ჩვენთვის. რუუდ, მიდი, შენ ეს გამოგივა. ვან ნისტელროიმ მართლაც გაიტანა გამარჯვების რამდენიმე გოლი. ბექსმაც ასევე ჩაიწერა თავის ანგარიშზე ბრწყინვალე გოლები (სულ 16 სეზონში), თან რამდენჯერმე წარმატებით შეასრულა ასისტენტის როლი. ოლე, როგორც ყოველთვის, გადამრჩენის როლში იყო. და იმ დროს, როცა ერთმანეთისგან ველოდით თამაშის მომატებას, პროგრესი არ ჩანდა.

სხვა რამეც გავაცნობიერე. სუპერთასის მატჩში "ლივერპულმა" 2:1 მოგვიგო. "არსენალიც" პროგრესირებდა. ახლა მათ ჰქონდათ გამარჯვებისკენ დიდი სწრაფვა. უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ.

ჩემპიონატი საკუთარ მოედანზე "ფულჰემზე" მძიმე გამარჯვებით დავიწყეთ - 3:2. მეტოქე ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ რუუდ ვან ნისტელროიმ ყოველ ჯერზე გადაგვარჩინა. შემდეგ იყო ფრე "ბლექბერნთან", რომელმაც, "ფულჰემის" მსგავსად, გასული სეზონის შემდეგ მოიპოვა პრემიერლიგაში თამაშის უფლება. კიდევ ერთი ფრე "ასტონ ვილასთან" იქამდე, სანამ საშინელ გუნდს, "ევერტონს" არ გადავუარეთ. ბედნიერი დღეები დაბრუნდა?

სექტემბრის შუაში ვთამაშობთ "ნიუკასლთან". 1:3-ს ვაგებთ. გიგზი და ვერონი ათანაბრებენ ანგარიშს. შირერს გააქვს გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე რვა წუთით ადრე. ღმერთო, რა საშინელი თამაშია, რომელშიც მე ყველაზე ცუდად გამოვიყურები. ვიღებ ბურთს, რომ აუტიდან განვაახლო თამაში.

დამატებული დრო მიდის, საკუთარ ნახევარზე ვიმყოფებით. შირერი ბურთის შემოტანაში ხელს მიშლის. ის დაგვცინის. საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ და ბურთს ვესვრი. "მახინჯო", - დამიყვირა მან. ამას დამაჯერებლად და თვითკმაყოფილებით აკეთებს. მივდევ მას, რომ ყელში ვწვდე. ის იცინის: "მახინჯო". წითელი ბარათი ააფრიალეს. შირერი მართალია. მახინჯი ვარ. ხაფანგში მოვექეცი.

გასახდელში ყველა ჩუმადაა. მე ვარ ამ "ზეიმის" ინიციატორი. შემიძლია ვთქვა, რომ მწვრთნელი აღშფოთების უმაღლეს წერტილამდე მივიყვანე. სიცარიელეს ვგრძნობ. მხოლოდ წუხილი. ჩვეულებრივ, ვპოულობ საკუთარი საქციელის გამართლებას, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მართლა ვგრძნობ, რომ დავაღალატე ყველა, ვინც ადრე მიცავდა. ტერეზა, ჩემი ოჯახი, ბიჭები, მწვრთნელი, კლუბი. ამჯერად, გამართლება არ მაქვს.

შინ დაბრუნებისას, მწვრთნელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ბოლოს ძილი ნებისა მისურვა. რაღაც ჩავილაპარაკე პასუხად.
"ნუ აკეთებ სისულელეებს, როი".

* * *
იმ ღამით დანებება გადავწყვიტე. სულ ახლახან შეგისრულდა 30 წელი, როი. წადი, დატოვე ყველაფერი და სხვა საქმეში სცადე ბედი. აღარ უნდა მიაყენო ტკივილი საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს. ტერეზას დაველაპარაკე. მან მითხრა, რომ ძალიან მომენატრებოდა ფეხბურთი. "არ მომენატრება", - ვუპასუხე მე. ნებისმიერი საქმე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს საგიჟეთი, საიდანაც მოდის მრისხანებაა, უწეობა, ბოღმის სხვებზე ამონთხევა.

ვგრძნობდი, რომ გასახდელში არავის ესმოდა ჩემი აზრი თვითდამშვიდების შესახებ. ეს დავაც წავაგე. ძალიან დიდხანს ვტკბებოდით დიდებით და კმაყოფილები ვიყავით იმით, რაც უკვე გვქონდა. დაე, იყოს ისე, როგორც სურთ. ეს ჩემთვის არ არის, ამიტომაც უნდა წავიდე.

მომდევნო დილას, რვა საათზე მწვრთნელს "კერინგტონთან" ახლოს ველოდი. ამჯერად, მან დააგვიანა. 9 საათსა და 15 წუთზე, როცა უკვე წასვლას ვაპირებდი, ფერგიუსონი გამოჩნდა. კაბინეტში შევედით და დავსხედით. მოვახსენე, რომ წასვლას ვაპირებდი.

"არა, როი, ეს მხოლოდ იმპულსია". "არა, ასე არ არის, - ავხსენი მე. - ვერ ვუმკლავდები ჩემს მოვალეობებს. ვერავინ ვერ უმკლავდება. ასე აღარ შემიძლია". დიდი ხანი ვილაპარაკეთ. მწვრთნელი, ძირითადად, ჩუმად იყო. მან ყველაფერი გაიგო. დაეთანხმა ჩემს დასკვნებს თვითდამშვიდების შესახებ. იმის შესახებ, რომ ყველაფერი იშლება და რა გველოდება წინ, თუ რაიმეს არ მოვიმოქმედებთ. ვუმტკიცებდი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ბოლოს ისიც ვუთხარი, რომ არ ვითამაშებდი შემდეგ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე "ლილის" წინააღმდეგ.

ორშაბათს, შუადღეზე თავად მწვრთნელი მოვიდა ჩემთან. "როი, ყველაფერი სწორად აღნიშნე ცუდი შედეგებისა და სუსტი თამაშის შესახებ. შენ ყოვლად გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტილებას მიიღებ, თუ ფეხბურთიდან წახვალ. იფიქრე შენს ოჯახზე".
"მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე".
"თუ შენ ახლა წახვალ, კარიერის ზენიტში, მერე მთელი ცხოვრება ინანებ ამას", - ჯიუტობდა ის. ტერეზამ ჩემი მხარე დაიჭირა.
"ხვალ ითამაშე, როი. ყველა პრობლემას მოვუვლით".
"საკუთარი გონება მეუბნება, რომ მართალი ვარ. ვგრძნობ, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა. აღარ შემიძლია ამ ბლეფის მოთმენა. საკუთარ თავს ვატყუებთ".
"იფიქრე, როი. ხვალ მოდი, თუ სურვილი გექნება".

ხანგრძლივი ფიქრისა და ტერეზასთან საუბრის შემდეგ კლუბში დაბრუნება და "ლილთან" თამაში გადავწყვიტე. ეს ალექს ფერგიუსონისთვის გავაკეთე. რაც უნდა მომხდარიყო, ის ჩემ მხარეს იყო და ამ მომენტში წასვლა მისთვის სილის გაწნასავით იქნებოდა. ეს კი არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ კლუბში ყველაფერი კარგად ვერ მიდიოდა.

* * *
გაჭირვებით ვთამაშობდით "ლილის" წინააღმდეგ. ამ გუნდს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ უკვე 20 წუთის გასვლის შემდეგ მივხვდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ბექსმა გაიტანა 90-ე წუთზე. 1:0 "ლილის" წინააღმდეგ!

ორი კვირის შემდეგ ლა-კორუნიაში გავემგზავრეთ. შესვენების წინ სქოულზმა წინ გაგვიყვანა. მეორე ტაიმში მეტოქემ მოუმატა თამაშს, მაგრამ თავს დამაჯერებლად ვგრძნობდით. ასე იყო იქამდე, სანამ მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, მათ ანგარიში არ გაათანაბრეს. ბოლო წუთზე კი გარი ნევილმა ვერ ჩატოვა თამაშგარეში ნაიბეტი - 1:2. არ უნდა გაგვეშვა ორი გოლი ბოლო ხუთ წუთში.

"დეპორტივოსთან" საშინაო შეხვედრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მოთელვაზე მუხლი საშინლად ამტკივდა. ფეხის მოხრაც კი მიჭირდა. "ვერ შევძლებ თამაშს, - გავიფიქრე მე. - არადა, უნდა ვითამაშო, რადგან ეს შეხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს. მისი გამოტოვება არ შეიძლება". დიდი გაჭირვებით გავძელი მოედანზე 90 წუთი. გიჟური მატჩი გამოვიდა. ვან ნისტელროიმ წინ გაგვიყვანა, მაგრამ ბარტეზმა ორი შეცდომა დაუშვა და 2:3 წავაგეთ, თუმცა ჩვენ და "დეპორტივო" გავედით შემდეგ ეტაპზე.

მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო იყო თამაში იყო ნოემბერში "ენფილდზე". არ ვიყავი მოედანზე ტრავმის გამო. "ლივერპულმა" 3:1 მოიგო, თუმცა ექვსი გოლის გატანა შეეძლო. ახლა უკვე "ლივერპული" იჩენდა იმ მიზანდასახულობას, რაც ჩვენთვის იყო დამახასიათებელი. ოუენი, ჯერარდი, მერფი, კარაგერი - ყველანი "ლივერპულის" სახეები იყვნენ. ისინი გააფთრებით იბრძოდნენ, ჩვენ კი მოვალეობას ვიხდიდით. იმ დღეს სხვაობა ჩვენს გუნდსა და დანარჩენებს შორის საბოლოოდ გაქრა.

შემდეგ იყო "ჰაიბერი" და კიდევ ერთი გაკვეთილი აღმავლობის გზაზე მყოფი კიდევ ერთი გუნდისგან. ძლივს ვაჩერებდით მეტოქის შეტევებს. "არსენალთან" სტუმრად თამაში ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა. პოლ სქოულზის გოლის წყალობით, ანგარიში გავხსენით. შესვენების შემდეგ კი გარი ნევილმა დაკარგა ბურთი ცენტრთან ახლოს. პირესმა მეკარესთან გაიყვანა ფრედი იუნგბერგი - 1:1. გარი ამბობს და ის მართალია, ფეხბურთი გუნდური თამაშია. და ჩვენ გვქონდა მისი შეცდომის გამოსწორების ბევრი შანსი. "არსენალი" მომენტს მომენტზე ქმნიდა. ბარტეზმა არაერთხელ გადაგვარჩინა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ფაბიენმა ცუდად მოიგერია ბურთი და ანრიმ გაიტანა. ვიერისგან გრძელი პასით ანრიმ დუბლიც შეასრულა. ახლა უკვე ფაბიენ ბარტეზს ბრალდებოდა ყველაფერი.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული