არ არის საჭირო კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ დიდ პატივს ვცემდი ალექს ფერგიუსონს. არ მინდოდა მისი კლუბიდან წასვლა და არც ის მჯეროდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" წასვლის საშუალებას მისცემდა. ამავდროულად, დამაინტრიგებელი იყო საკითხი ჩვენს მომავალ მწვრთნელზე. რაღაც რადიკალური ზომები იყო მისაღები ვარდნის შესაჩერებლად.
ერთხელ, თებერვლის ბოლოს, მწვრთნელმა მითხრა, რომ შეიძლება გადაიფიქროს წასვლა და გუნდში დარჩეს. "შენ შეიშალე", - გამეცინა მე. მაგრამ ის სერიოზულად იყო განწყობილი და მოელაპარაკა ახალ კონტრაქტზე ხელმძღვანელობას.
მალე მან გუნდი შეკრიბა და ოფიციალურად გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ვიღაცამ დაწერა, რომ ამ კრებაზე რამდენიმე ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა და მათ ტაში დაუკრეს მწვრთნელს. სინამდვილეში, ორმა ფეხბურთელმა მოვალეობის მოხდის მიზნით დაუკრა ტაში იმ დროს, როცა შენობიდან გამოვდიოდით. მწვრთნელი შემობრუნდა და თქვა: "წადით, თქვენი!" მან იფიქრა, რომ დავცინოდით. რა თქმა უნდა, ასე არ იყო და მისი ამბავი ყველას უხაროდა.
* * *
სეზონის გადასარჩენად გარდამტეხი მომენტი გვიან დადგა. იყო მნიშვნელოვანი მატჩები, რომლებშიც მხოლოდ კლასის ხარჯზე ვიგებდით. ვან ნისტელროი თითქმის ყველა მატჩში იტანდა. ბარტეზმა ბევრ შეხვედრაში გადაგვარჩინა. იყო საშინელი შეცდომებიც, თუმცა ვახერხებდით მათ გადაფარვას კარგი თამაშით.
მუხლი დავიზიანე "დეპორტივოსთან" კიდევ ერთ დუელში. ამ გუნდს მეოთხედფინალში ორჯერ მოვუგეთ - 2:0 და 3:2. ოთხი მატჩი თამაშგარეთ დავრჩი.
"ლევერკუზენთან" პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის დაბრუნება შევძელი. შეცვლაზე შევედი მოედანზე. 2:2 ვითამაშეთ, რაც არ იყო კარგი შედეგი, რადგან წინ სტუმრად მატჩი გველოდა.
განმეორებით მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი და 28-ე წუთზე გავიტანე. პირველი ტაიმის ბოლოს "ლევერკუზენმა" გაათანაბრა ანგარიში. 1:1 მათთვის საკმარისი იყო. ვერ შევძელით ნამდვილი დიდებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. დავმშვიდდით იმით, რომ ჰეთ-თრიკი მოვიგეთ. ბოლო სეზონში დავიმსახურეთ ის, რაც დავიმსახურეთ - არაფერი.
მატჩის შემდეგ გასახდელს მოვავლე თვალი. ზოგიერთი მოთამაშე საერთოდ არ წუხდა მარცხის გამო. ბლანი თავს საშინლად გრძნობდა. ვერონი გულწრფელად შემეცოდა. ის თავისი 28 მილიონით, ჩავარდნილი სეზონისთვის განტევების ვაცად აქციეს. სხვებმა თავიდან აიცილეს სასჯელი. ყველაფერი სებას გადააბრალეს. ძალიან მარტივად. და არასწორად. დიდება, დაუმარცხებლობის მითი, რომელიც პრესის მიერ იყო შექმნილი, ძვირად დაგვიჯდა. "როლექსის" საათები, მანქანების სავსე ავტოფარეხები, მდიდრული სახლები, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველი არსებობა - დაგვავიწყდა თამაში.
სეზონის ბოლოსწინა მატჩმა, რომელშიც საკუთარ მოედანზე ვეთამაშებოდით "არსენალს", კიდევ უფრო გააშიშვლა არსებული პრობლემები. კაცები ბავშვების წინააღმდეგ. მათ, უბრალოდ, გაგვანადგურეს. მეტოქის კართან მიახლოებაც კი ვერ შევძელით. ბრძოლა ვერ მოვახვიეთ თავს. უფსკრულისკენ მივექანებოდით - ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. აი, სადამდე მივედით გუშინდელი დღეების გმირები.
* * *
1996 წლის თებერვალში მიკ მაკარტიმ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა დიდი ჯეკი. მანამდე ის "მილუოლს" ავარჯიშებდა. მაკარტი იცნობდა ირლანდიის ნაკრებს და სასურველი კანდიდატი იყო მწვრთნელის პოსტზე. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ახლო მეგობრები. ადრე მაკარტი, ბონერი, პეიტონი და ო'ლირი იყვნენ ირლანდიის ნაკრებში ძირითადი მოთამაშეები. მე კი ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა. დიდი ბიჭები, ჩვეულებრივ, ერთად მიდიოდნენ სავახშმოდ, ჩვენ კი ლუდს ვანიჭებდით უპირატესობას. მაკარტი ჯეკ ჩარლტონის შესახებ შექმნილი ლეგენდის ნაწილი იყო.
მაკარტის ხელმძღვანელობით ჩემი პირველი შეხვედრა "ლენსდაუნ როუდზე" რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. იმ მატჩში კაპიტანი ენდი თაუნსენდი იყო. როცა ის შეცვალეს, კაპიტნის სამკლავური მე გადმომეცა. ცოტა ხანში კი მოედნიდან გამაძევეს იმის გამო, რომ რუს ფეხბურთელს ჩავარტყი. "კინის უღირსი საქციელი", - ასეთი იყო მომდევნო დღეს ერთ-ერთი სათაური.
ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოვტოვე, გაზეთები კი წერდნენ, რომ თურმე არ მინდოდა საკუთარი ქვეყნისთვის თამაში. მსგავსი საუბრები ჩემში პროტესტს იწვევდა. ჩემში უფრო მეტი იყო ირლანდიური, ვიდრე ეს პატრიოტული სისულელეები, რაც ირლანდიის ნაკრებს გასდევდა ფონს. რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ შინ ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩზე გამომიძახეს. მაკარტიმ ბოლო მცველის ადგილზე დამაყენა. მწვრთნელის მეგობარმა კეტეპ დერვენმა იმ დილით, თავის საგაზეთო სვეტში დამადანაშაულა საკუთარი ქვეყნის მიმართ ღალატში და მოუწოდა გულშემატკივრებს - სტვენა აეტეხათ ჩემთვის, როგორც კი მოედანზე გამოვჩნდებოდი. ვიღაცამ აიტაცა მისი რჩევა. ფრედ - 0:0 ვითამაშეთ.
ვერ შევძელით მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გასვლა - წავაგეთ პლეი ოფი ბელგიასთან. დუბლინში ისლანდიის ნაკრები რომ დაგვემარცხებინა, გავიდოდით ჩემპიონატზე. ამასთან, სამართლიანები რომ ვიყოთ მაკარტის მიმართ - მან შეცვალა ნაკრების თამაშის სტილი. მისი სურვილი იყო - პასი გვეთამაშა. მსიამოვნებდა 90 წუთი მოედანზე ყოფნა. როცა ენდი თაუნსენდი გუნდიდან წავიდა, კაპიტნად დამნიშნეს. ახლოს ვიყავით ევროპის 2000 წელს ჩემპიონატზე გასვლასთან, მაგრამ წავაგეთ კიდევ ერთი პლეი ოფი თურქეთთან.
* * *
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის წილისყრამ ირლანდიის ნაკრები რთულ ჯგუფში მოახვედრა. პორტუგალია და ჰოლანდია ძალიან სახიფათო მეტოქეები იყვნენ. პირველი ორი მატჩი გასვლაზე სწორედ ამ გუნდების წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა.
წილისყრის შემდეგ, მანჩესტერში შეხვედრაზე მოველაპარაკე მაკარტის. ის ჩემთან სახლში მოვიდა. როგორც კაპიტანი, გადავწყვიტე, მასთან ერთ დონეზე ვყოფილიყავი, რათა დამემტკიცებინა რეფორმების აუცილებლობა. მიმდინარე პრობლემები განვიხილეთ. ის დამეთანხმა. "რა თქმა უნდა, მართალი ხარ", - მითხრა მან.
ყველაფერთან ერთად, დიეტის თემას შევეხეთ. "იუნაიტედში" და სხვა წამყვან კლუბებში იცოდნენ, რომ მაკარონი, ხილი და სხვადასხვაგვარი ფაფა საუკეთესო კერძები იყო მატჩებისთვის მოსამზადებლად. გასაგები იყო, რომ კვებას მატჩამდე ერთი დღით ადრე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე კვებას მატჩის დღეს. დიეტოლოგებმა იმდენად დაწვრილებით გამოიკვლიეს მატჩებისთვის მზადების თემა, რომ უკვე ვიცოდით - უმჯობესია მიირთვა მატჩამდე სამი საათით ადრე, ვიდრე უფრო ადრე ან გვიან. მწვრთნელი ყველაფერში დამეთანხმა. მიმაჩნდა, რომ მოვილაპარაკეთ ერთმანეთში.
მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი უფრო გართულდა.
პირველ შესარჩევ მატჩს ამსტერდამში, ჰოლანდიის წინააღმდეგ ვთამაშობდით. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვარჯიში უნდა ჩაგვეტარებინა "აიაქსის" მოედანზე. სასტუმროდან გასვლამდე სადილი გვქონდა. რესტორანში ჩავედი და დავინახე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ყველის სენდვიჩებს მიირთმევდა. საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. ჩვენ ხომ განვიხილეთ დიეტის საკითხები. ეს საშინელი ყველის სენდვიჩები თამაშამდე ერთი დღით ადრე! ჰოლანდიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
იმ მაგიდასთან მივედი, რომელთანაც ხელმძღვანელობა იჯდა.
"სად არის მაკარონი, ხილი და ფაფა?" - ვიკითხე მე.
სიჩუმე. როცა ზიზღნარევი სახით შევბრუნდი და გაცლა დავაპირე, ხმა გაისმა: "თავად უნდა შეგეკვეთა". ეს იყო იან ივანსი - მაკარტის მარჯვენა ხელი.
ნომერში დავბრუნდი. ღმერთო, ნუთუ ტყუილად დავხარჯე დრო? "ოლდ ტრაფორდზე" მწვრთნელი ყველას უსმენდა, სურდა გაეგო შენი აზრი ყველაფერზე, რაც კი ოდნავ უპირატესობას მაინც მოგვცემდა მეტოქეზე. "თავად უნდა შეგეკვეთა". ასეც მოვიქეცი. პიცა შევუკვეთე, რადგან დარჩენილ დროში, სასტუმროში უკეთეს ვერაფერს მოამზადებდნენ.
როცა სტადიონზე მივედით, მაკარტი მომიახლოვდა.
"რა დაგემართა?" - მკითხა მან.
"რა დამემართა?! - ვუპასუხე მე. - რა დამემართა?! ხვალ ჰოლანდიას ვეთამაშებით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში! როგორ ფიქრობ, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ახლა ყველის სენდვიჩებს ან პიცას მიირთმევს?"
მატჩს 2:0-ს ვიგებდით. ჰოლანდიელები, როგორც ყოველთვის, ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ჩვენ ისინი ძალიან ვანერვიულეთ. მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქემ მთელი ძალით ითამაშა და ძლივს შევინარჩუნეთ საყაიმო ანგარიში - 2:2.
საშინელ ხასიათზე ვიყავი. ასეთ ჯგუფში თითოეული ქულა გვჭირდება, ჩვენ კი ამ წუთას ორი ქულა დავკარგეთ. გარშემო კი ყველა ხარობდა.
პორტუგალიაშიც ფრე ვითამაშეთ - 1:1. მოთამაშეები ყველა აკვირვებდნენ - ისინი დებდნენ შედეგს, ყველა პრობლემის მიუხედავად.
მიუხედავად იმისა, რომ გაგვიჭირდა კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ბოლოს მაინც მივაღწიეთ გამარჯვებას. ორი გოლი გავიტანე. ძალიან მონდომებული ვიყავი. მიუხედავად ყველაფერისა, ძალიან მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. უფრო მეტად, ვიდრე 1994 წელს, აშშ-ის ჩემპიონატზე. რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა: რობი კინი, დამიენ დაფი, სტივენ კარი, სტივ ფინენი, შეი გივენი... აგრეთვე, რამდენიმე კარგი პროფესიონალი: მარკ კინსელა, სტენ სტონტონი, დიდი ქუინი, კენი კანინგემი. საკმარისი პოტენციალი გვქონდა იმისთვის, რომ დიდ ამოცანებზე გვეფიქრა. საბრძოლო სული გუნდში ბრწყინვალე იყო. ყოველთვის გვქონდა მოგების შესაძლებლობა, თან ვცდილობდით. მცდელობა კი საერთაშორისო მატჩებში ნახევარი საქმეა.
ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და პლეი ოფში ირანის დამარცხებით მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით. ირანთან "ლენსდაუნ როუდზე" პირველი მატჩის წინ "იუნაიტედის" შემადგენლობაში სამკვირანახევარი არ ვთამაშობდი - მუხლი მტკიოდა. ვუთხარი ალექს ფერგიუსონს, რომ ძალიან მინდოდა ნაკრებში თამაში. მას ეშინოდა, რომ მუხლის ტრავმას გავიმიზეზებდი და ვერ დავეხმარებოდი "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე.
ლიგაზე კლუბისა და მწვრთნელის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის, თავისი ხასიათის საუკეთესო თვისებები გამოავლინა. "ო'ქეი, რონ. ვიცი, როგორ ძალიან გინდა ეს. წადი და ითამაშე საშინაო მატჩში. და თუ საჭირო შედეგს მიაღწევთ, გამოტოვე საპასუხო შეხვედრა".
ირანი 2:0 დავამარცხეთ. მეტოქეს არ უჩვენებია კარგი თამაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისინი საპასუხო შეხვედრაში ირლანდიას სამი ბურთის სხვაობით მოუგებდნენ. მუხლი მთელი მატჩის განმავლობაში მაწუხებდა, მეორე დილას კი ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მწვრთნელს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მან მაკარტის დაურეკა. არ არის პრობლემა - დაეთანხმა ის. შემეძლო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება და მკურნალობის კურსის გავლა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"