ლონდონის "ჩელსის" არ დაუმალავს, რომ სტოუნსის შეძენა სურს, მაგრამ მაგალითად, რიო ფერდინანდი, რომელსაც ჭკუა ნამდვილად მოეკითხება, სტოუნსს "მანჩესტერ იუნაიტედში" ურჩევს გადასვლას. რა მოხდება, ძნელი სათქმელია და სტოუნსისთვის ბრძოლაში ჯერ ისევ "ჩელსია" ფავორიტი, მაგრამ ფაქტია ის, რომ "კანფეტებს" ნორჩი უკანახაზელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, მიუხედავად რობერტო მარტინესის სურვილისა და სავარაუდოდ, მას დაკარგავენ.
ბრიტანული პრესის ცნობით, "ლურჯებმა" "ევერტონს" 20 მილიონი გირვანქა შესთავაზეს,
"თუ იგი "ჩელსიში" გადავა, ყოველ ტურში ვერ ითამაშებს. ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელს ისეთ გუნდში გადასვლას ურჩევს, სადაც ის სათადარიგოთა სკამზე იქნება და საკმარისი პრაქტიკა არ ექნება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად იქცევა. ჩემი აზრით, სტოუნსს "მანჩესტერ იუნაიტედში" მეტი სათამაშო დრო ექნება, იქ ყველა პირობაა მისი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის" - ამბობს ფერდინანდი.
ფერდინანდს "წითელი ეშმაკების" მაისურით 453 მატჩი აქვს ჩატარებული. "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა თავკაცს, ლუი ვან გაალს კი იდეალური დაცვის ხაზი ნამდვილად არ ჰყავს. მართალია, ჰოლანდიელის განკარგულებაში ტაილერ ბლეკეტი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, მარკოს როხო, ჯონი ევანსი და პედი მაკნეირი არიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
რიო ფერდინანდი: "ჩემი აზრით, პრობლემა ისიცაა, რომ ვან გაალმა ჯერ თავადაც არ იცის, რომელია ოპტიმალური დაცვის ხაზი. მას ამის გასარკვევად არც საკმარისი დრო ჰქონია და არც საშუალება, რადგან ერთი და იგივე შემადგენლობას გადაბმულად არ მოუხდა თამაში. სტაბილურობა კი ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად დაცვა სათანადაოდ საიმედო და დაბალანსებული ვერ იქნება".
ფერდინანდმა საკუთარი მოსაზრება ანხელ დი მარიაზეც გაგვიზიარა, რომელიც როგორც ჩანს, დიდად არ ესიმპათიურება. რიოს თქმით, არგენტინელმა "ოლდ ტრაფორდზე" აშკარა ფიასკო განიცადა და ეს მის რეზიუმეში სამუდამოდ დარჩება. ფერდინანდი დი მარიას წარუმატებლობას სწორედ მას აბრალებს და არა მწვრთნელს, ტრავმებს ან რამე სხვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"