პრემიერლიგა 2015/16: რატომ იქნება მომავალი პრემიერლიგა წინაზე მრავალფეროვანი?

AutoSharing Option
პრემიერლიგას სეზონთაშორის პერიოდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი და მწვრთნელი შეემატა, რომლებმაც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახადონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა.

ბასტიან შვაინშტაიგერი, მანჩესტერ იუნაიტედი
პირველი გერმანელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში. მას წარდგენა არ სჭირდება. მან ყველაფერი მოიგო "ბაიერნთან" ერთად და ახლა ეცდება, იგივე "იუნაიტედში" გააკეთოს.

ლუი ვან გაალი მიხვდა, რომ უნდა ჰყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ გამარჯვებულის ფსიქოლოგია. შვაინშტაიგერი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება. არავინ იცის, რატომ გახდა ის ზედმეტი პეპ გვარდიოლასათვის.

ვან გაალს ახლა ნახევარდაცვაში არაერთი ვარიანტი აქვს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა "საუთჰემპტონიდან"
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მორგან შნედერლინიც გადაიბირა.

მემფის დეპაი, მანჩესტერ იუნაიტედი
ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე უწოდებენ ახალ კრიშტიანო რონალდოს. "წითელმა ეშმაკებმა" დეპაიში 30 მილიონი ევრო არ დაინანეს. ვან გაალი დეპაის შესანიშნავად იცნობს - ის მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წვრთნიდა.

დეპაის დიდებული სეზონი ჰქონდა "ეინდჰოვენში". მან არა მარტო მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, არამედ გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. საკმარისია აღინიშნოს, რომ დეპაიმ სეზონი 22 გოლით დაასრულა.

უეინ რუნისთან და ხუან მატასთან ერთად, დეპაიმ უნდა ჩამოაყალიბოს ჯადოსნური შემტევი სამკუთხედი. ის უნდა იქცეს მომავალი ინგლისური სეზონის აღმოჩენად. მას ამისათვის ყველანაირი მონაცემი აქვს.

რობერტო ფირმინო, ლივერპული
ბუნდესლიგაში გატარებული 7 წლის განმავლობაში "ჰოფენჰაიმი" მიეჩვია ისეთი ფეხბურთელების აღმოჩენას, რომელთაც მანამდე არავინ იცნობდა. კარლოს ედუარდოსა და ლუის გუსტავოს შემდეგ "ჰოფემ" ძალიან სარფიანად გაყიდა მესამე ბრაზილიელი.

ახალი ბრაზილიელი ძალიან მაგარი ინდივიდუალისტია. "ლივერპულში" მან დუეტი უნდა შექმნას თანამემამულე ფილიპე კოუტინიოსთან. ორი სამხრეთამერიკელი ძალიან სასარგებლო უნდა იყოს ენფილდელთათვის.

ფირმინოს ბოლო დროს სისტემატურად იწვევენ ბრაზილიის ნაკრებში. "ლივერპულმა" ამ ფეხბურთელში ძალიან დიდი თანხა, 41მილიონი ევრო გადაიხადა.

იორდი კლასი, საუთჰემპტონი
რონალდ კუმანი კლასის კარგად იცნობს, ისინი ერთად მუშაობდნენ "ფეიენოორდში". კუმანის მისვლამდე ჰოლანდიურ გრანდში კლასი იქ სათადარიგოთა სკამს ხეხავდა. მას ჰოლანდიური პრესა "ნიდერლანდელ ჩავის" ეძახის.

კლასის ლიდერის თვისებების გამოვლენა აუცილებლად დასჭირდება "წმინდანებში". მან უნდა შეცვალოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებული მორგან შნედერლინი. ეს კი იოლი საქმე ნამდვილად არ არის.

ანდრე აიუ, სუონსი
აბედი პელეს შვილმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები "მარსელსა" და განის ნაკრებში. მას მთელი 90 წუთის განმავლობაში დაუღალავად შეუძლია მოწინააღმდეგის მცველების დატერორება.

გასულ სეზონში აიუმ შესანიშნავად ითამაშა "მარსელში", მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით. მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. კარგი ტრიო შექმნა აიუმ დიმიტრი პაიეტთან და ანდრე ჟინიაკთან ერთად.

"სუონსიში" განელს კვლავ ფრანგის მხარდამხარ მოუწევს თამაში. უელსურ კლუბში ამ დროისათვის მთავარი შემტევი ბაფეტიმბი გომისია. "სუონსის" მთავარი მწვრთნელი გარი მონკი კი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია.

იოან კაბაი, კრისტალ პალასი
კაბაიმ ორი წელი გაატარა პრემიერლიგაში და ამ დროის განმავლობაში ის "ნიუკასლის" ლიდერი იყო. "კაჭკაჭების" შემადგენლობაში მან ასზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ყველას კარგად გვახსოვს მისი უძლიერესი დარტყმები.

კაბაიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ზევარსკვლავურ "პარი სენ-ჟერმენში" თავის დამკვიდრება გაუჭირდა. ფრანგი ფეხბურთელის გადაწყვეტილება მტკიცე იყო - კვლავ დაბრუნებულიყო "ნისლიან ალბიონზე".

"ნიუკასლმა" ოდინდელი ლიდერის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ კაბაიმ იუარა. ის მივიდა "კრისტალ პალასში", სადაც მას დახვდა ძველი დამრიგებელი, ალან პარდიუ.

კლაუდიო რანიერი, ლესტერი
თავის დროზე იტალიელი სპეციალისტი იყო პირველი, ვისაც "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა გუნდის გაძღოლა ანდო. რანიერის სამწვრთნელო გამოცდილება და დოსიე არ დაეწუნება. სხვა საქმეა, რომ ბევრს მისი გაწვრთნილი გუნდების სათამაშო სტილი არ მოსწონს.

"ლესტერმა" გააგდო ნაიჯელ პირსონი, ვისი ხელმძღვანელობითაც "მელიებმა" დიდებულად ჩაატარეს დასრულებული პრემიერლიგის ბოლო მონაკვეთი და რაღაც სასწაულით შეინარჩუნეს ადგილი უძლიერესთა შორის.

რანიერი "ლესტერში" კი მართლაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, იტალიელ დამრიგებელს მაინცდამაინც არ უყვარს შეტევა. არადა, "ლესტერის" საფირმო ნიშანი სწორედ ესაა.

ჟორჟინიო ვეინალდუმი, ნიუკასლი
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც დატოვა ერედივიზიონი და გადავიდა პრემიერლიგაში. ვეინალდუმი ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა ჰოლანდიურ ლიგაში გამოჩნდა "ფეიენოორდის" შემადგენლობაში.

გასულ სეზონში "ეინდჰოვენის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. "ნიუკასლის" უამრავ პრობლემას მხოლოდ ვეინალდუმის გაქანება არ ეყოფა, მაგრამ ფაქტია, რომ "კაჭკაჭების" შუახაზი უკეთესი იქნება.

ედი ჰოუ, ბორნმუთი
"ბორნმუთი" სულ რაღაც ორ სეზონში უსწრაფესად აღზევდა პრემიერლიგაში, მაგრამ ამ გუნდმა სხვა რამით მოიპოვა ქომაგთა სიმპათია - უაღრესად შედეგიანად და შემტევი ფეხბურთით. გუნდის ყველა მიღწევა ედი ჰოუს უკავშირდება.

ის ჯერ 31 წლის იყო, როცა მწვრთნელობა დაიწყო. მართალია, გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ გაძლიერებულა, თუმცა ორი აზრი არ არის - გუნდი მომავალ სეზონშიც გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს და შეუტევს.

პრემიერლიგაში სატრანსფერო სეზონი ჯერ არ დასრულებულა.

დიდი ალბათობით, იქ კიდევ გამოჩნდებიან ახალი ფეხბურთელები, თუმცა ეს უკვე სხვა წერილის თემაა. ვფიქრობთ, ის ინდივიდები, ვისაც ჩვენს მასალაში შევეხეთ, კიდევ უფრო უკეთესს და მიმზიდველს გახდიან ისედაც გამორჩეულ ლიგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული