იმ საღამოს მწვრთნელთან მივედი. მის ნომერში სიმშვიდე იყო.
"რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მიკ?"
"მათ დამაღალატეს", - მპასუხობს მწვრთნელი.
"ვინ არიან ისინი?" - ჩემთვის გავიფიქრე, მას კი ვუთხარი, რომ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა, ორი კვირის წინ უნდა მოეტანათ. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვართ.
მომდევნო დილას
ორშაბათს საღამოს ჩვენი ბარგი ჩამოვიდა. მოედნის გვერდით სარწყავი მანქანა იდგა. მოედანი გუბეებით გაივსო, დანარჩენი ნაწილი ისევ ქვასავით იყო. მასზე სახიფათოა თამაში. მაინც ჩავატარეთ ვარჯიში, რომელმაც საშინლად ჩაიარა. ისევ ფარსი, როგორც ყოველთვის, ფარსი.
ლი კარსლიმ და სტივ ფინენმა ამ ე. წ. მინდორზე ტრავმები მიიღეს. ასეთი მომზადება ნამდვილად არ გამოგვადგებოდა ჩვენი ცხოვრების მთავარ ტურნირზე. ნუთუ ვინმე წარმოიდგენდა ასეთ პირობებში მოვარჯიშე გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს ან ინგლისელებს? ნებისმიერ ნაკრებს, გარდა ირლანდიისა. სასტუმროში დაბრუნებულმა სრული სიცარიელე ვიგრძენი. საკმარისია. ეს ჩემთვის არ არის. ამისთვის არ მივარჯიშია თავდაუზოგავად მთელი სეზონი.
სასტუმროში შხაპი მივიღე და დამშვიდება ვცადე. ოთახიდან გამოვედი, დერეფანში მაკარტის შევხვდი.
"შეიძლება დაგელაპარაკო, მიკ?"
"რა თქმა უნდა, რაშია საქმე?"
"ყელამდე ვარ. სახლში უნდა წავიდე".
"რას გულისხმობ?"
"შინ ვბრუნდები".
"დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი?"
"დიახ და არ სცადო ჩემი გადარწმუნება. უბრალოდ, საშუალება მომეცი, წავიდე".
"რატომ? ჩემ გამო თუ ვარჯიშებისა და მინდვრის გამო?"
რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი უნდა გამეცა: შენ გამოც და ვარჯიშებისა და ასეთი მომზადების გამო. ეს ყველაფერი სამარცხვინო იყო. მაგრამ ეს არ ვთქვი.
"არა, უბრალოდ, საქმე ჩემშია. საკმარისია".
"შესანიშნავია, - მითხრა მან. - პრესას რა უნდა ვუთხრა?"
"უთხარი მათ... პირადი ხასიათის პრობლემები".
მოვილაპარაკეთ, რომ ედი კორკორენი (პასუხისმგებელი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე) ბილეთებს დამიჯავშნიდა თვითმფრინავზე. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს.
"ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს", - ვუთხარი მას.
"რა თქმა უნდა", - დამეთანხმა მაკარტი.
სასეირნოდ გავედი. როცა დავბრუნდი, ჩემთან ექიმი მიკ ბუირნი მოვიდა.
"რა მოხდა, როი?"
"ყველაფერი მომბეზრდა, მიკ. ამის მოთმენა აღარ მინდა. ეს, უბრალოდ, ცუდი სიზმარია, ღამის კოშმარი. მთელი ძალით ვარჯიში მიყვარს. მეც მომწონს ხუმრობა, ღამის გართობები, დალევა, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატია..." რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით. "ვიცი, მიკ, უნდა მომეცადა ჩემპიონატის დასრულებამდე და ხმა არ ამომეღო".
"როი, მოიცადე, სანამ ჩემპიონატი ჩაივლის. ნება მომეცი, ყველაფერი გამოვასწორო".
"ჯანდაბას, - ვუპასუხე მას. - წადი, უთხარი მაკარტის, რომ ტურნირის ბოლომდე მოვიცდი".
"შესანიშნავია", - მითხრა მიკმა.
ორი წუთის შემდეგ მიკი მაკარტისთან ერთად დაბრუნდა. მწვრთნელი საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი.
"რა ხდება, როი?"
"ვიფიქრე, რომ ტურნირის ბოლომდე უნდა მოვიცადო. დარჩენა მინდა".
"უკვე დავურეკე კოლინ ჰილის, რომ ჩამოვიდეს და შეგცვალოს", - მითხრა მან.
"ასე მალე", - გავიფიქრე მე. პაუზა ჩამოვარდა. ახლა მე ვიყავი ოდნავ შეწუხებული.მომწონდა კოლინი. შესანიშნავი ბიჭი იყო და მან დაიმსახურა ეს გამოძახება.
"ო'ქეი, - ვუთხარი მე. - შესაძლოა, მართალი ხარ. გავფრინდები. მოდით, დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის".
"სასურველი იქნებოდა, ჩემზეც თუ იფიქრებდი", - მითხრა მწვრთნელმა.
"მიკ, ცუდად ვარ ამ ყველაფრის გამო. შენი საქციელიდან შემიძლია დავასკვნა, რომ მოგეწონა ჩემი გადაწყვეტილება... მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ გადაწყვეტილების შეცვლის უფლება მქონდა. იქნებ ვიმსახურებ ამ პრივილეგიას. ადამიანები ხომ სწრაფად იცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს".
"რა გინდა ჩემგან მოისმინო?" - მკითხა მან.
"მწვრთნელი შენ ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო".
მან არაფერი მითხრა. ნომრიდან გავიდა.
დიახ, ვიცი, რომ ბავშვივით ვიქცევი და ეს ცუდად მოქმედებს ჩემს იმიჯზე, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ვგრძნობდი, რომ უნდა მეთქვა ყველაფერი. გაურკვევლობაში ვიყავი. ვორჭოფობდი - ძალიან მინდოდა თამაში, მაგრამ ვერ ვიტანდი ყოველგვარ სისულელეს. ასეთ სიტუაციებში გმირი არავინაა.
მიკ ბუირნის ნომერში შევედი.
"უთხარი, რომ მივდივარ".
სინამდვილეში, ვისურვებდი ღირსეულ და გულწრფელ პასუხს: შეცდომა დაუშვი, მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი.
მალე ყველამ გაიგო მომხდარის შესახებ. ინგლისიდან მაიკლმა დამირეკა. ვილაპარაკეთ. ყველაფერი მოვუყევი. მან შემახსენა იმ შედეგების შესახებ, რაც ჩემ წასვლას მოჰყვებოდა. მე კი მას ვუთხარი, რომ თუ დავრჩებოდი, შესაძლოა, სხვა შედეგები მიგვეღო. უბრალოდ, გავგიჟდები. მაიკლმა მთხოვა - ალექს ფერგიუსონისთვის დამერეკა. მან უკვე ყველაფერი იცოდა. "მწვრთნელი შვებულებაშია მალტაზე, - მითხრა მაიკლმა. - მობილურზე დაურეკე".
"არა, მაიკლ".
"როი, ეს მისთვის უნდა გააკეთო".
ფერგიუსონს ნახევარი საათის განმავლობაში ველაპარაკე. ყველაფერი მოვუყევი. ის დამეთანხმა, რომ ყველაფერი ფარსს ჰგავდა. როგორც მაიკლმა, ისიც ალაპარაკდა ჩემი გადაწყვეტილების შედეგებზე. ალექს ფერგიუსონი ასევე დაეთანხმა იმას, რომ მაქვს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება.
საღამოს, რვა საათზე კარზე დააკაკუნეს. ეს მიკ ბიურნი იყო.
"როი, სამი წუთი გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ფიფაში შემადგენლობა უნდა გავგზავნოთ".
"ვრჩები", - ვთქვი მე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"