როი კინის "ავტობიოგრაფია" [დასასრული]

AutoSharing Option
მომდევნო დღეს, სადილზე მაკარტიმ გუნდი შეკრიბა.

"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ".

"კი, - გავიფიქრე მე. - ძალიან მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, თორემ... ენას კბილი დააჭირე".

ორ ინტერვიუს დავთანხმდი ტომ ჰემფრიზთან და პოლ კიმიჯთან. პატივს ვცემდი ამ ორ ბიჭს. მათთან საინტერესოა ურთიერთობა. საინტერესო ჭრილში მახვილგონივრულ კითხვებს სვამენ და არა ასეთებს: "ვინ მოიგებს?" "ვინ არის საუკეთესო მოთამაშე?" და ა. შ. მათ ინტერვიუერის ნიჭი ჰქონდათ. ისინი გულწრფელები იყვნენ და მეც იმავეთი ვპასუხობდი.

ხუთშაბათს დილით,
7:45-ზე ჰემფრიზმა დამირეკა. დუბლინთან დროში სხვაობა რვა საათს შეადგენდა და გაზეთი Irish Times-ი დასაბეჭდად უნდა ჩაეშვათ.

"როი, შეიძლება შეგხვდე და ერთად გადავხედოთ ინტერვიუს? დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად არის გადმოცემული". ქვემოთ ჩავედი, სტატია წავიკითხე და დადებითი პასუხი მივეცი. ტომის მადლობელი ვიყავი იმის გამო, რომ ასეთი თხოვნით მომმართა.

სტატია მეორე დღეს გამოქვეყნდა. მასში ზუსტად იყო გადმოცემული ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი. მიმაჩნდა, რომ ადამიანებს ჩემს ქვეყანაში უფლება აქვთ, იცოდნენ სიმართლე. ათასობით მათგანმა შეიძინა ძვირად ღირებული საგზურები, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენთვის მხარი დაეჭირა. ჩემი ძმებიც აპირებდნენ ჩამოსვლას. მათთვის ეს მგზავრობა უმნიშვნელოვანესი იყო ცხოვრებაში. კიდევ მილიონობით ადამიანი მატჩებს შინ მიადევნებს თვალს, როგორც მე ვაკეთებდი 1988 და 1990 წლებში.

დაიმსახურეს ამ ადამიანებმა უპატივცემულო მოპყრობა? მათ მძიმე შრომით მოპოვებული ფული დახარჯეს. სწორედ მათგან ვიღებდით ხელფასს, ჩვენ კი შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ყველა შესაძლო პიარ-ნაბიჯით. უმჯობესია, პატივი ვცეთ და ყველა ვალი დავუბრუნოთ. მაგალითად, გავერთიანდეთ და ერთად ვიაროთ დასახული მიზნისკენ და დაუყოვნებლივ მოვუყვეთ მათ სიმართლე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის რანგში ხშირად ვაკეთებ ასეთ განცხადებებს. იმ მომენტში ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა - პუბლიკას ვაცნობოთ მომხდარის შესახებ. ირლანდიის ნაკრების გარშემო არსებული იდუმალება დიდი ხანი იყო ჰაერში გამოკიდებული.

6:30-ზე სავახშმოდ წავედი. მაგიდასთან არც ერთი ხელმძღვანელი არ იჯდა. გვითხრეს, რომ 7:30-ზე გუნდის კრება გაიმართება. შესანიშნავად ვიცოდი, რაც ხდებოდა. ტომის სტატია.

7:30-ზე რესტორანში მაკარტი მოვიდა. გუნდის სხვა ხელმძღვანელებიც მასთან იყვნენ.

"კარგით, ბიჭებო, ხვალ, დილის რვა საათზე უნდა დავიძრათ. ჩემოდნები ჩაალაგეთ. ახლა კი, სანამ აქ ვართ, - გააგრძელა მან. - მინდა მოვუსმინო ნებისმიერს, ვისაც გუნდში რაიმე არ მოსწონს".

მივხვდი, საითკენაც მიჰყავდა სიტუაცია, მაგრამ მშვიდად ვიყავი - ჩემი სინდისი სუფთა იყო. მე ხომ ყველაფერი მოვუყევი ერთი-ერთზე საუბრისას. როგორც გუნდის კაპიტანმა, უკვე ყველაფერი ვთქვი და გამეორება საჭირო არ იყო.

ყველა გრძნობდა, რომ სკანდალი იწყებოდა. ყველამ იცოდა, რისთვისაც ტარდებოდა ეს კრება. ის ყველას თვალწინ აპირებდა ჩემთვის ანგარიშის გასწორებას.
მშვიდად ვიყავი.
"როი, მე მგონი, შენ რაღაც არ მოგწონს".

"შესანიშნავია, მიკ, - ვუპასუხე მე. - პირდაპირ ამით რატომ არ დაიწყე? ამის შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. იქნებ საუბარი სხვებისგან განცალკევებით გავაგრძელოთ?"
"შენ თვითონ გამოიტანე ყველაფერი სააშკარაოზე", - თქვა მან, თან ზურგსუკან გაზეთი ჰქონდა დამალული.
"რას ნიშნავს - სააშკარაოზე გამოვიტანე?"
"ეს ინტერვიუ Times-ში".

"მომისმინე, მე ვნახე ეს ინტერვიუ. ტომს კვირას დავპირდი, რომ დაველაპარაკებოდი. არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს. შესანიშნავი ინტერვიუა".

"შენი პარტნიორების წინააღმდეგ წახვედი, - გაიმეორა მან. - არასოდეს გინდოდა საკუთარი ქვეყნისთვის თამაში. ირანში უნდა წამოსულიყავი, მაგრამ ტრავმა მოიმიზეზე, რომ შენი ქვეყნისთვის არ გეთამაშა". მწვრთნელი ფორმაში იყო.

"შენ იცი, რომ ეს არ არის მართალი, - ვუპასუხე მე. - შენ ელაპარაკე ჩემს მწვრთნელს და იცი, რომ არ ვიყავი ფორმაში დუბლინში ირანთან მატჩის წინ. თავად გადამიხადე მადლობა იმისთვის, რომ დუბლინში მაინც ვითამაშე. დამეთანხმე, რომ 2:0 - შესანიშნავი შედეგია".

გაცეცხლებული ვიყავი იმის გამო, რომ ფაქტებს ამახინჯებდა: "ხომ იცოდი სრული სიმართლე. მატყუარა ხარ!"

ამ ცუდ ფილმში ცუდი გმირი უნდა ვყოფილიყავი. ვიჯექი და ვისმენდი ყველაზე დაუჯერებელ და ამაზრზენ ბრალდებებს. ბრალს მდებდნენ იმაში, რომ ტრავმის სიმულაციაზე წავედი. ამის ატანა არ შემეძლო. თან ამ მატყუარასგან. შესარჩევ მატჩში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ მაკარტი მინდორზე გამორბის და კისერზე მეხვევა. "უბრალოდ, ჩემ გვერდით დადექი, როი, 15 წამი. ერთად გადაგვიღონ ფოტო. სურათში კარგად გამოვალ".

"არარაობა ხარ. არასოდეს მიმაჩნდი კარგ ფეხბურთელად, არც კარგ მწვრთნელად მიმაჩნიხარ და არც კარგ ადამიანად. არარაობა ხარ და შეგიძლია ერთ ადგილას შეიტენო მსოფლიოს თასი. შენ მიმართ არანაირი პატივისცემა არ მაქვს".

"თუ პატივს არ მცემ, არ მგონია, რომ ჩემს გუნდში შენთვის ადგილი იყოს".

ამის შემდეგ რესტორნიდან გავედი. ხალხი ამბობს, რომ ალექს ფერგიუსონთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ფერგიუსონს ტრავმის სიმულაციაში რომ დავედანაშაულებინე, მასაც იმავეს ვეტყოდი. მთელი კარიერის განმავლობაში, ბევრი შეხვედრა მითამაშია ტკივილით, მათ შორის, დუბლინში ირანის წინააღმდეგ. ჩემთვის ეს ძალიან სერიოზული ბრალდება იყო, რაც კი შეიძლება ოდესმე ვინმემ მოიფიქროს.

ნომერში დაბრუნებისას მივხვდი, რომ მან მიიღო ის, რაც სურდა. მათ მახე დამიგეს. ის განზრახ მაქეზებდა და საპასუხო რეაქციას ელოდა. დამცირება ფეხბურთელების წინაშე - სწორედ ეს უნდოდა. შესაძლოა, ასეთი რეაქციის იმედი არც ჰქონდა.

მალე კარზე დააკაკუნეს. სტენი და ქუინი მოვიდნენ. "რა უნდათ ამ მარიონეტებს?" - გავიფიქრე მე.

"როი, არ გვჯერა შენი სიტყვების. არ გვჯერა, რაც მოხდა", - თქვა ქუინმა.
და გააგრძელა: "არ გვინდა იმის დაჯერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებ. შენს მხარეს ვართ".
"მადლობა, ბიჭებო, ყველას საუკეთესოს გისურვებთ", - ვთქვი მე და ისინი ოთახიდან გავისტუმრე.

მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ვიდრე ჩემთან ოთახში მოვიდოდნენ და თანაგრძნობას გამომიცხადებდნენ, მაკარტისთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარეს.

ალან კელი მოვიდა. "როი, მე მგონი, გადააჭარბე, - მითხრა მან და გააგრძელა: "შენ გაქვს საკუთარი აზრის უფლება". ტელეფონმა დარეკა. მაიკლ კენედი იყო.

"ახლახან ნაკრებიდან გაგაგდეს", - მითხრა მან.
"ღმერთო, მაიკლ, რა სწრაფად ვრცელდება ახალი ამბები". მხოლოდ 8:15 იყო.
"ამის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენში წერია".
"როგორ? უკვე?" კელის მივუბრუნდი: "უკვე ყველაფერი გამოაცხადეს ახალ ამბებში".

"ასეა, - მიპასუხა მან. - ჩვენ პრესკონფერენცია ჩავატარეთ. მე, სტენმა, ნეილმა და მიკმა. კრების შემდეგ მიკმა მთხოვა, მის გვერდით დავმდგარიყავით და მისთვის მხარი დაგვეჭირა. მე გამოვთქვი ჩემი აზრი. ალბათ, გეზიზღები".
"არა, ალან. შენ გაქვს საკუთარი აზრის უფლება".
მორჩა.

"იუნაიტედში" დავრეკე. ენ უილის ავუხსენი, რომ მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი შინ.

ჩემი ცხოვრების წიგნში მორიგი თავი დაიხურა. იმან, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ განვიცადე, კიდევ უფრო გაამძაფრა პატივისცემა იმ კლუბის მიმართ, რომელშიც ვთამაშობდი, კიდევ უფრო შევიგრძენი მისი სიდიადე და უფრო მეტად დავუახლოვდი მეგობრებს - ძველებს და ახლებს. გავამყარე მეგობრობა, რომელიც ჩემი ცხოვრების ქვაკუთხედი იყო.

როგორიც უნდა ყოფილიყო შერიგების შანსი, ნაკრებში დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ხელი მოაწერეს განცხადებას იმაზე, რომ გუნდში არ უნდა დავბრუნებულიყავი. მხოლოდ ხელს შევუშლიდი მათ. არ ვიცი, ვინ შეთხზა ასეთი განცხადება და ვინ აიძულა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მასზე ხელის მოწერა.

იმედი მაქვს, რომ ოდესღაც ისევ ვითამაშებ ირლანდიის ნაკრებში, ოღონდ არა მაკარტისთან. ისევე, როგორც მე, მანაც თავისი გზა აირჩია. პრინციპულ საფეხბურთო საკითხებში ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ მას აქვს არჩევანის უფლება, ისევე, როგორც მე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული