პრემიერლიგა. I ტურის წინ: "ნისლიანი ალბიონი" იწყებს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი ისეთივე ამოუცნობი ჩანს, როგორც კონკრეტულად მატჩი, რომელიც ჩემპიონატს ხსნის - "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ტოტენჰემი".

ძალიან ძნელი სათქმელია, რას უნდა ველოდოთ მნიშვნელოვნად გარდაქმნილი და იდეაში გაძლიერებული მანჩესტერელებისგან, რომელთაგანაც ფანები პირველობისთვის ბრძოლას ითხოვენ. ბუნდოვანია "დეზების" მომავალიც, მაურისიო პოჩეტინოს თითქოს, დაწყებული აქვს "წმენდა" და კლუბში სიტუაციას ნელნელა ალაგებს, მაგრამ შევსება ჯერ ისეთი არ არის როგორსაც ქომაგები და თავად მწვრთნელი ინებებდნენ.

ზოგადად, "ტოტენჰემს" მანჩესტერელების წინააღმდეგ ძალიან უჭირს ხოლმე და იოლი გასეირნება არც ახლა იქნება. თანაც, ლუი ვან გაალმა მოსამზადებელი პერიოდისას არაერთხელ ისაუბრა
კარგი სტარტის აუცილებლობაზე და წინა სეზონში წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ჩემპიონატის მძიმედ დაწყება დაასახელა.

"ბორნმუთმა" წინა სეზონში საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა თავისი გმირული მსვლელობით და მწირი რესურსის მიუხედავად, ჩემპიონშიპის მოგებით. პირველი გამოცდა "ალუბლებმა" "ასტონ ვილასთან" უნდა ჩააბარონ, მაგრამ ეს შესაძლოა, ბირმინგემელებისთვის უფრო იყოს გამოცდა, რომლებიც ორი ლიდერის, ფაბიან დელფისა და კრისტიან ბენტეკეს გარეშე დარჩნენ. ტიმ შერვუდი ყველაფერს თავიდან იწყებს.

პრემიერლიგაში დაბრუნებული "ნორვიჩი", რომელიც აქ ფეხის მოკიდებას აპირებს და ამისთვის კარგი სტარტი სჭირდება, "კრისტალ პალასს" მასპინძლობს. ალან პარდიუს მისვლის მერე, "არწივებმა" ფრთები გაშალეს და გვაფიქრებინებენ, რომ ამ სეზონში მათი თამაში საინტერესო სანახავი იქნება.

მწვრთნელშეცვლილი "ლესტერი" პოსტიდან წასულ-დაბრუნებული დიკ ადვოკაატის "სანდერლენდს" მასპინძლობს. ლესტერშირელებში კლაუდიო რანიერის ერა იწყება და ესეც დამატებითი ინტრიგაა. ეს კლუბები ერთმანეთის პოტენციურ მეტოქეებად ითვლებიან გადარჩენისთვის ბრძოლაში.

პრემიერლიგის კიდევ ერთი ძველ-ახალი ბინადარი "უოტფორდი" "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" სტუმრობს. ლივერპულელებმა წინა სეზონი ჩააგდეს და ფანები "კანფეტებისგან" ახალი ჩემპიონატის ომახიანად დაწყებას ელიან.

ჩემპიონი "ჩელსი" საქმეში შაბათის ბოლო მატჩით ჩებმება და "სტემფოდ ბრიჯზე" "სუონსის" შეებმება. "თეთრი გედები" წინა სეზონის ერთ-ერთ სიურპრიზს წარმოადგენენ და ახლაც შეეცდებიან ჩვენს გაოცებას, თანაც ამხანაგური მატჩების შედეგებზე მეტად, თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ და ასევე სუპერთასის წაგებით, "ჩელსი" სეზონს ოპტიმალურ კონდიციაში ვერ ხვდება. "ლურჯების" თავკაცი ჟოზე მოურინიო ხვდება, თუ რა მნიშვნელოვანია ახლა მოგებით დაწყება და შეეცდება ბიჭებსაც კარგად აუხსნას ეს, რამაც წესით, მინდორზე ძალიან შემართული თერთმეტეულის გასვლა უნდა გამოიწვიოს.

კიდევ ერთი ამოუცნობი და ამავდროულად ,ძალიან საინტერესო თამაში "სენტ ჯეიმს პარკზეა", სადაც სახეცვლილი "ნიუკასლი", რომელიც გავარდნას ძლივს გადაურჩა სტივ მაკლარენთან ერთად, ახალ ცხოვრებას იწყებს. არა მხოლოდ, მაკლარენთან ერთად, გუნდმა შემადგენლობა ვეინალდუმისა და მიტრივიჩის დარი ნიჭიერი შემტევებით გააძლიერა. "საუთჰემპტონმა" კი წინა ორ სეზონში იმდენად გაგვაოცა, რომ "წმინდანებისგან" ამჯერადაც დიდი მოლოდინია, თანაც რონალდ კუმანმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

სლავენ ბილიჩი კი პრემიერლიგაში მწვრთნელობას გემოს პირდაპირ ლონდონური დერბით გაუსინჯავს. "ვესტ ჰემში" სემ ალარდაისის ნაცვლად მისული ხორვატი სპეციალისტის "ემირატებზე" "არსენალს" ესტუმრება. "ჩაქუჩებისადმი" პატივისცემის მიუხედავად, გულშემატკივრის დიდ ნაწილს უფრო "მეთოფეების" თამაში აინტერესებს. არსენ ვენგერის გუნდი ისე მოყოჩაღდა, რომ ბევრის აზრით, ჩემპიონობისთვის სერიოზულად იბრძოლებს. ვენგერმა და მისმა ბიჭებმა დიდი ფსიქოლოგიური მუხტიც მიიღეს, როდესაც მოსამზადებელი პერიოდის შთამბეჭდავად ჩატარების შემდეგ, ადგნენ და სუპერთასის მატჩში "ჩელსის" და თვით მოურინიოს მოუგეს.

მოგეხსენებათ, მუსიე არსენს აქამდე ჟოზე არც ერთხელ დაემარცხებინა. ფრანგი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, ეს არ მაწუხებდაო, მაგრამ... თანაც აღიარებს, რომ ჩემთვის თუ არა, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელისთვის არის მნიშვნელოვანი რომ ნავსი გავტეხეთ და მოურინიოს "ჩელსის" მოვუგეთო.

თუ ცვლილებებზე, ინტრიგასა და ინტერესზე მიდგა საქმე, მაშინ ვერ გავექცევით "ლივეპულს", რომელიც გვარიანად გაძლიერდა - ბრენდან როჯერსის პროგრამა მინიმუმი ოთხეულია. მერსისაიდელები იმით იწყებენ, რითაც დაამთავრეს ანუ "ბრიტანიაზე" სტუმრობით, მაგრამ მთავარია, ისევე არ გააგრძელონ, რადგან წინა სეზონის ბოლო ტურში ისინი "სტოკისგან" შერცხვნენ - 1:6.

"ლივერპულს" შურისძიება და პრემიერლიგის კარგად დაწყება კი უნდა, მაგრამ მარკ ჰიუზი რომ აღარ ხუმრობს, ამაზე წინა სეზონის ბოლო მეორე ნახევარი და ზაფხულში გაკეთებული ტრანსფერებიც მეტყველებს.

პირველი ტური ორშაბათს დასრულდება, როდესაც რაჰიმ სტერლინგით გაძლიერებული "მანჩესტერ სიტი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ესტუმრება და ტონი პულისის ტაქტიკური კლიტეებისთვის გასაღების მორგებას შეეცდება.

მანუელ პელეგრინის ისედაც წყალი აქვს შემდგარი და ჩილელმა კარგად უნდა დაიწყოს და ზოგადად ამ სეზონში წარმატების მიღწევა სცადოს. ყველაზე ძვირადღირებულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა 49 მილიონ გირვანქად ნაყიდმა სტერლინგმა "ქალაქელთა" მაისურით უკვე ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური მატჩი და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

პრემიერლიგა. I ტური
8 აგვისტო
მანჩესტერი-ტოტენჰემი 15:45
ბორნმუთი-ასტონ ვილა 18:00
ნორვიჩი-კრ. პალასი 18:00
ლესტერი-სანდერლენდი 18:00
ევერტონი-უოტფორდი 18:00
ჩელსი-სუონსი 20:30

9 აგვისტო
ნიუკასლი-საუთჰემპტონი 16:30
არსენალი-ვესტ ჰემი 16:30
სტოკი-ლივერპული 19:00

10 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-სიტი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული