საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ჩელსი" საკუთარ თავს არ ჰგავს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩიც წააგო. "ლურჯები" "სტემფორდ ბრიჯზე" ფლორენციის "ფიორენტინასთან" დამარცხდნენ. "იებს" ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ, რადგან მათ ჯერ წინა სეზონის სრულ ტრიუმფატორს, კატალონიურ "ბარსელონას" მოუგეს, ახლა კი პრემიერლიგის ჩემპიონი "ჩელსიც" წააქციეს, თუნდაც ამხანაგურად.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა. ბედის ირონიით, "ჩელსის", რომელიც თავდასხმაში მცველების აქტიური მონაწილეობითა და შედეგიანობით გამოირჩევა, სწორედ მცველმა გაუტანა - გონსალო როდრიგესმა დამატებაზე იყოჩაღა. ზოგადად, შეტევაში ყოჩაღობის კუთხით "ფიორენტინას" უკანახაზელებიც გამოირჩევიან და ეს ამ შეტევის დროსაც გამოჩნდა.

ისიც დავინახეთ, რომ ასმირ ბეგოვიჩმა მთლად
დამაჯერებლად ვერ ითამაშა და ბურთი უხერხულად მოიგერია, მაგრამ გოლს მხოლოდ მეკარეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ისე კი, ბოსნიელმა შეუცვლელად ითამაშა.

მთლიანობაში, ორივე გუნდის შემადგენლობა ცოტათი გადახალისებული გახლდათ. მაგალითად, "ჩელსის" რიგებში აზარი-ვილიანი-ფაბრეგასის მძიმე არტილერია მოგვიანებით ჩაერთო თამაშში. ფლორენციელთა რიგებში ცვლილებაზე ჯუზეპე როსი ვიხილეთ. ახალდაბრუნებულ თავდამსხმელს პაულო სოუზამ ამჯერად მთელი ტაიმი გამოუყო. "იების" კარს 24 წლის ლუიჯი სეპე იცავდა და ცუდად სულაც არ გამოიყურებოდა, რამდეჯერმე იყოჩაღა კიდეც, თუმცა სახიფათო მომენტები ამ შეხვედაში "ფიორენტინას" უფრო ჰქონდა, ვიდრე "ჩელსის".

ჟოზე მოურინიო ყოველთვის ამბობს ხოლმე, ამხანაგური მატჩების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო და პორტუგალიელი აზრს არც ამ შეხვედრის მერე შეიცვლიდა. პრინციპში, ის მართალიც არის, მაგრამ ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ "ლურჯები" ამ მოსამზადებელი პერიოდისას მძიმედ გამოიყურებოდნენ, წააგეს სუპერთასი "არსენალთანაც"... არადა, მეორე ტურში "ჩელსი" "სიტის" სტუმრობს.

"ფიორენტინა" კი ახალ სეზონამდე კარგად გახურდა. ახლა ფლორენციელები 23 აგვისტომდე დაისვენებენ და საკუთარ "არტემიო ფრანკიზე" "მილანს" შეებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული