"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ფაბიან დელფი და კრისტიან ბენტეკე დაკარგა, რაც ცხადია, დიდი დარტყმაა და ბევრმა "ვილა" წინასწარ ჩამოწერა, მაგრამ ტიმ შერვუდს სხვა გეგმები აქვს და მან სეზონი გამარჯვებით დაიწყო (1:0 სტუმრად "ბორნმუთთან").

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შერვუდის ბიჭებს სერიოზული ბრძოლა არ მოუწევთ და ელიტაში დარჩენა გარანტირებული აქვთ, რადგან იგივე დებიუტანტ "ბორნმუთთან" "ვილა პარკის" მკვიდრებს გაუმართლათ, რადგან გამოუცდელმა მეტოქემ, რომელიც უმაღლეს ლიგაში ისტორიაში პირველ შეხვედრას ატარებდა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა.

შერვუდმა, რომელმაც, როგორც მწვრთნელმა, სეზონი პირველად დაიწყო, ერთბაშად 6 დებიუტანტი
ათამაშა და ადვილი მისახვედრია, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია პირველ ტურში. ბირმინგემელებმა ამ მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აჯობეს, რომელსაც უნდა უმასპინძლონ კიდეც შემდეგ ტურში და ეს შერვუდის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება ამ სეზონში.

"ვილას" შედეგები ბოლო ოთხ სეზონში ასეთია - მე-16, მე-15, მე-15 და მე-17 ადგილები. ასე რომ, გუნდმა რამე უნდა შეცვალოს და თამაში გამოასწოროს, თორემ ამ სეზონში შესაძლოა, მართლაც გავარდეს. "ბორნმუთმა" კი ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა აუღოს ალღო პრემიერლიგას, უფრო დაბალანსებული და ცივსისხლიანი გახდეს, მომენტების გამოყენებას მიაქციოს ყურადღება, თორემ მარტო შემართება და პოტენციალი რომ არ კმარა, ეს წინა სეზონში თუნდაც "ბარნლის" "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და იგივე "ჰალის" მაგალითზე დამტკიცდა.

"ასტონ ვილას" ახალი სახეებიდან განსაკუთრებით ჯორდან ამავი უნდა გამოვარჩიოთ, არც გეიეს, ვერეტოს და სხვებს დაეწუნებოდათ რამე. თუმცა სხვების, იმავე ამავის კარგი თამაში საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ბენინელმა რუდი ჟესტედმა გადაფარა. ეს 193 სანტიმეტრის სიმაღლის მძლავრი, აგრესიული სტილის მქონე ფორვარდი მინდორზე კიდევ ერთი ახალწვეულის, ჯორდან აიუს ნაცვლად გამოვიდა მინდორზე და გამარჯვების გოლი შეაგდო.

ეს მან თავური დარტყმით გააკეთა და საინტერესოა, რომ 2013-14 წლების სეზონის დაწყების მერე ეს ჟესტედის მე-20 თავური გოლი გახლდათ, რაც ხუთით მეტია პირველ ოთხ ლიგაში მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელის შედეგთან შედარებით. ამ ბურთით ჟესტედმა "ბორნმუთს" იშვიათი საშინაო წაგება აგემა, რადგან წინა სეზონის ჩემპიონშიპში ბოლო 19 მატჩიდან, რომელიც "ალუბლებმა" საკუთარ კედლებში გამართეს, მხოლოდ 1 დათმეს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონები ჟესტედმაც ჩემპიონშიპში გაატარა, იგი "ბლექბერნში" ირიცხებოდა, რომლის მაისურითაც 66 მატჩში 33 ბურთი გაიტანა.

"ვფიქრობ, ჩვენი მცველებიც კი არ არიან კმაყოფილები იმით, რომ ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ უწევთ თამაში. თავით თამაშის მხრივ, ის საოცრად აკურატული და ძლიერია. თუმცა სხვა მხრივაც ძლიერია. ის ბურთზე აგრესიულად, აქტიურად მიდის და მეტოქეებს ტერორში აგდებს.

შესაძლოა, მოწინააღმდეგეებს შემთხვევით ატკინოს კიდეც, როდესაც ბურთზე მიდის, რადგან თავის თავსაც არ ზოგავს. მიხარია, რომ ის ჩემ განკარგულებაშია. რუდის ჩვენთან ერთად ბევრი არ უვარჯიშია, მაგრამ ვიცოდი, რომ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებდა. რაც შეეხება მატჩს, ცოტა დუნედ დავიწყეთ და პირველი ტაიმი მძიმე გამოგვივიდა. შემდეგ საზეიმო ატმოსფეროს ალღო ავუღეთ და უკეთ ავთამაშდით, ბიჭებმა იბრძოლეს და ეს წარმატება დაიმსახურეს" - თქვა შერვუდმა.

"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰოუი: "ვფიქრობ, ჩვენ ვდომინირებდით და პირველ ტაიმში არაერთი მომენტი გავაცუდეთ. თუ შენ მომენტებს ანიავებ და მეტოქის საჯარიმოში საქმე ბოლომდე ვერ მიგყავს, ხოლო შემდეგ ჟესტედის დარი ფეხბურთელი გამოდის, პრობლემა გაქვს... ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მომენტების გამოყენება იქნება. მიუხედავად წაგებისა, ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლდათ და ჩვენს ისტორიაში დარჩება. დიდი მადლობა ფანებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერი შექმნეს და მხურვალედ გვქომაგობდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი დიდი სტატის ღირსია ასტონ ვილა ?))
akin
08:58 13-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული