"მანჩესტერ იუნაიტედი": შთამბეჭდავი დარმიანი და სხვა ახალწვეულები

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედი", როგორც წესი, პირველი ტურის მატჩს იგებს ხოლმე. ბოლო 24 საშინაო შეხვედრიდან, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონატის საწყის ტურში, საკუთარ კედლებში გამართეს, მხოლოდ ერთხელ წააგეს, ისიც წინა სეზონში "სუონსისთან".

ლუი ვან გაალი მთელი ზაფხულია იმაზე საუბრობს, თუ რა მნიშვნელოვანია სეზონის სტარტი და წინა სეზონის წარუმატებლობა ლამის პირველ რიგში სწორედ მძიმე დასაწყისს დააბრალა. ამიტომაც მოგება ჰოლანდიელისა და სრულიად "იუნაიტედისთვის" უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.

"ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშსა და პრესინგის შემოთავაზებას ცდილობდა. ჩვენ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ვუმკლავდებოდით. საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ
დაგვრჩა და ეს ძალიან მახარებს, რადგან რთული მატჩი იყო.

მეტოქის შეცდომით ვისარგებლეთ და გოლი გავიტანეთ. უფრო უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე ტურნეს დროს გამართული ამხანაგური მატჩებისას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უკეთეს თამაშს ველოდი. თუმცა მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, კარგი შეხვედრა ჩაატარა და ესეც გასათვალისწინებელია. ლონდონელები სივრცეს არ გვიტოვებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მომავალში უკეთ გავუმკლავდეთ მეტოქეების ასეთ თამაშს" - თქვა ვან გაალმა.

შთამბეჭდავი დარმიანი და სხვა ახალწვეულები
საქმეში უნდა გვეხილა მანჩესტერელთა ახალწვეულები, რომელთაგანაც მორგან შნეიდერლენი, მემფის დეპაი, მატეო დარმიანი და მეკარე სერხიო რომერო ვან გაალმა ძირითადში დააყენა, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი მოგვიანებით შეცვლაზე შემოიყვანა. ყველა ახალწვეული მოწადინებული იყო, და მათ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს.

შნეიდერლენი ნახევარდაცვაში ენერგიულად გამოიყურებოდა და მაიკლ კერიკთან ერთად მშვენიერ დასაყრდენს ქმნიდა. მემფის დეპაი ძალიან აქტიური გახლდათ, ზოგჯერ შეიძლება ცოტა ზედმეტადაც და ყველანაირად ცდილობდა, თავი გამოეჩინა. რომერომ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და დამაჯერებელი იყო. კერიკის მაგივრად გამოსულ შვაინშტაიგერსაც არაფერი გაუფუჭებია.

მწვრთნელს კი თავი ყველაზე მეტად დარმიანმა მოაწონა. იტალიელი თავდაჯერებულად აკონტროლებდა თავის ფლანგს და შეტევებსაც აქტიურად ეხმარებოდა. ჰოლანდიელი სპეციალისტისგან მან გამორჩევა და საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

"ყველა ახალწვეული მონდომებული იყო. ყოველთვის დიდი მოვლენაა, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" შენ პირველ თამაშს ატარებ, რადგან აქ საოცარი ატმოსფერო და გულშემატკივრობაა. ალბათ, ნახეთ, როგორი ოვაციები დაიმსახურა შვაინშტაიგერმა მოთელვისას, სანამ თამაშში ჩაერთვებოდა და ესეც გამოსარჩევი მომენტი გახლდათ. თუმცა, თუ ერთი უნდა დავასახელო, ვიტყვი, რომ დარმიანმა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყველაფერს გააზრებულად, ზომიერად და სასარგებლოდ აკეთებდა. ვულოცავ ასეთ კარგ თამაშს" - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

რაც შეეხება დეპაის, შესაძლოა, ვან გაალი კი ამბობს, იგი ზედმეტად მონდომებულიც კი იყოო, მაგრამ ფაქტია, მემფისს ყველაზე მეტი (42) "სპრინტი" ჰქონდა შესრულებული. ამ მხრივ, მეორეზე მუსა დემბელე გავიდა (36), შემდეგ კი - ნასერ შადლი (35), მორგან შნეიდერლენი (31), მატეო დარმიანი (31), კაილ უოკერი (30).

საუკეთესო მაინც სმოლინგია
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი კრის სმოლინგი დასახელდა, რომელიც თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობდა, რადგან წინ საიმედო საყრდენები ჰყავდა და შნეიდერლენის გამოჩენამ საქმე უფრო გაუადვილა და შეუმსუბუქა. თანაც, ახალწვეულებისგან განსხვავებით, ის უფრო თავდაჯერებული იყო და თავგამოდების გარეშე, მშვიდად და კარგად აკეთებდა თავის საქმეს. შეგახსენებთ, რომ სმოლინგი ის ფეხბურთელია, რომლის სახელიც ლუი ვან გაალს შეეშალა ცოტა ხნის წინანდელ პრესკონფერენციაზე.

"სმოლინგი გამოცდილი ფეხბურთელია და დიდი ხანია, "მანჩესტერშია" იმავე დარმიანისგან განსხვავებით. ასე რომ, მან კარგად იცოდა, რას აკეთებდა და კარგი მატჩი ჩაატარა. ის შეიძლება გმირია, მაგრამ მისი კარგი თამაში მთლიანად გუნდის დამსახურებაც არის" - განმარტა მისტერ ლუიმ.

დე ხეა ოფსაიდში
ცხადია, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, რატომ არ იყო განაცხადში დავიდ დე ხეა. როგორც წესი, მსგავსი რამ იმიტომ ხდება ხოლმე, რომ განაცხადს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელი წასვლის პირასაა და საუბრები ესპანელის მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე გაათკეცდა.

დე ხეა ვიქტორ ვალდესთან და ანდრეს ლინგარდთან ერთად ტრიბუნაზე იჯდა, სადღაც ინგლისის ნაკრების თავკაცის, როი ჰოჯსონის სიახლოვეს და იქიდან უყურებდა რომეროს თამაშს, რომლის დუბლიორადაც სათადარიგოთა სკამზე სემ ჯონსტონი გვევლინებოდა. ვან გაალს ამაზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

"როგორც ხედავთ, რომერო ძალიან კარგი მეკარეა და ორჯერ გადაგვარჩინა კიდეც. კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ახალია, ფეხბურთელებს ახლა ეცნობა და გარდა ამისა, შუა კვირამდე ვვარჯიშობდით ისე, რომ კარში დე ხეა იდგა და "ტოტენჰემთანაც" მის გამოშვებას ვაპირებდი, რადგან მისი შენარჩუნება მსურს.

თუმცა ვფიქრობ, გოლკიპერი მინდორზე ყველაზე მეტად კონცენტრირებული უნდა იყოს და მხოლოდ მატჩზე უნდა ფიქრობდეს, არა სხვა რამეებზე. დავიდი ახლა რთულ მდგომარეობაშია და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ იგი დაგვესვენებინა" - თქვა ვან გაალმა.

ცოტა ხნით ადრე კი ვან გაალმა ისიც თქვა, დაახლოებით ბოლო 2 წლის განმავლობაში დავიდი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ახლა მოსამზადებელი პერიოდისას და ვარჯიშებზე რომ ვაკვირდებოდი, საკუთარ თავს აღარ ჰგავს, ეს ის დე ხეა აღარ არისო... მიზეზიც გასაგებია. ვერაფრით გაირკვა და გადაწყდა, წავა თუ დარჩება.

ბოლო ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" "იუნაიტედს" ულტიმატუმი წაუყენა, ბოლო წინადადებით მიმართა და პასუხის დროულად გაცემა მოსთხოვა. ამიტომაც ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

რატომ ვერ ითამაშა დი მარიამ?
ვან გაალმა ანხელ დი მარიას წასვლაზეც ისაუბრა და იმის მიზეზებზე, თუ რატომ ვერ ითამაშა არგენტინელმა მის გუნდში. თუმცა იქამდე უმჯობესი იქნება, თუ "პარი სენ-ჟერმენში" გადასული შემტევის კომენტარსაც გავიხსენებთ.

"მერწმუნეთ, შემართების ნაკლებობა არაფერ შუაშია. ყველანაირად ვცდილობდი, გუნდისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი. უბრალოდ, ფეხბურთი მათემატიკა არ არის და ჩვენ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. არის ფაქტორები, რომლებიც შედეგზე ჩვენი სურვილების საპირისპიროდ ახდენს გავლენას. ვწუხვარ, რომ საქმე ისე არ წავიდა, როგორც გვსურდა და ამ შესანიშნავ კლუბში ისე ვერ ვითამაშე, როგორც მინდოდა" - განაცხადა დი მარიამ.

"ეს დიდი დანაკარგია. მე მეტი სწრაფი შემტევი მჭირდება, კრეატიული ფეხბურთელები. დი მარია ასეთი მოთამაშეა და მსგავსი სტილის ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის, ასევე უნდა შეგეძლოს ინგლისურ ფეხბურთს, აქაურ რიტმს მოერგო. ეს ადვილი არ არის და ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ვერ თამაშობს ყველა წარმატებულად პრემიერლიგაში. რიტმი და ინგლისური კულტურა განსხვავებულია, იგივე ლათინური კულტურისგან" - ახსნა ვან გაალმა.

ეშლი იანგზე
წინა სეზონში კარგი თამაში "ასტონ ვილას" ყოფილ ფეხბურთელს "წითელმა ეშმაკებმა" ახალი კონტრაქტით დაუფასეს. მასთან შეთანხმება 2018 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 30 წლის იანგს ვან გაალი მრავალმხრივ და სასარგებლო ფეხბურთელს უწოდებს.

"საბრძოლო სული და შემართება ამ გუნდში ძალიან მაღალ დონეზეა. ყველას გვსურს, ეს სეზონი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. ეშლი ძალიან მოტივირებულია და მრავალმხრივი ფეხბურთელია" - განაცხადა მისტერ ლუიმ.

სტატისტიკა
როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კაილ უოკერის ავტოგოლით მოიგო. აქამდე პრემიერლიგის სეზონის პირველი ბურთი ავტოგოლით არასოდეს გასულა.

2010 წლის მერე "მანჩესტერ იუნაიტედმა" გახსნით შეხვედრაში კარი მშრალად პირველად შეინახა.

"წითელ ეშმაკებს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო 24 პირველი ტურის მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (17 მოგება, 1 ფრე).

"იუნაიტედს" ახლა მიჯრით ორჯერ ჰყავს "დეზები" დამარცხებული მათთან 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის მერე.

მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" უკვე სამი მატჩია, მანჩესტერელების წინააღმდეგ გოლი ვერ გააქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული