პრემიერლიგა. III ტურის წინ: უეინ რუნის დიდი იმედები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ასპროცენტიანი მსვლელობის გაგრძელებას "ნიუკასლთან" შეხვედრაში შეეცდება.

"წითელი ეშმაკები" ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რადგან "ბრიუგეს" წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშეს და 3:1 მოიგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. თანაც შეუდარებელი გახლდათ მემფის დეპაი, მისი მონაგარი ორი ძალიან ლამაზი გოლი და საგოლე გადაცემაა. ჰოლანდიელს ასეთი შთამბეჭდავი თამაში სჭირდებოდა და, ახლა, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში სწორედ ის იქნება.

უიენ რუნიც უნდა ვახსენოთ, რომელიც თავისი პირველი გოლის მოლოდინშია და ნავსის გატეხვას "ჯორდების" წინააღმდეგ შეეცდება. 29 წლის თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ მალე ყველაფერი
ისე წავა, როგორც მას სურს.

"ამ სეზონში ჯერ სულ სამი მატჩი ჩავატარეთ, აქედან ერთში ვითამაშე ცუდად და ყველა ამაზე ლაპარაკობს. იმედი მაქვს ამ უქმეებზე გატანას მოვახერხებ. სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და კრიტიკასაც მიჩვეული ვარ, მსგავი პერიოდი ადრეც მქონია, მაგრამ ვიცი, რომ გოლები იქნება.

მესმის, რომ ჩემგან უკეთეს თამაშს ელიან, გოლების გატანას და მეც ეს მინდა. "ასტონ ვილასთან" ჩემი თამაში ჩემივე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, ამას ვაღიარებ. მთავარია შანსები მივიღო და გამოვიყენო. ვიმედოვნებ, მალე ასეც იქნება", - თქვა რუნიმ.

რას იმედოვნებს და რისი იმედი აქვს სტივ მაკლარენს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. "ნიუკასლში" ცვლილებებია, "კაჭკაჭებს" ჯერ მოგება არ აქვთ და სამი ქულის "ოლდ ტრაფორდზე" დაგეგმვა ცოტა რთულია, მაგრამ მათ თავისი უნდა სცადონ.

ზოგადად გუნდს რთული კალენდარი აქვს და ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება საწყის ტურებს მაკლარენი.

* * *
ტურის პირველი მატჩიდან, მის უკანასკნელ და ცენტრალურ შეხვედრაზე გადავინაცვლოთ, რომელიც "ემირატებზე" იმართება.

"არსენალთან" სტუმრად "ლივერპულმა" ბოლოს 2011 წელს მოიგო და ზოგადად, "მეთოფეებთან" გამართული უკანასკნელი რვა შეხვედრიდან, მერსისაიდელებს მხოლოდ ერთში აქვთ გამარჯვება მოპოვებული (5 წაგება). ეს ექვსი ქულით თავმომწონე ბრენდან როჯერსის კლუბის პირველი სერიოზული გამოცდაა ამ სეზონში და შეხვედრა თვალსასეიროც უნდა გამოვიდეს.

არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი საშინაო თამაში "არსენალმა" "ვესტ ჰემთან" წააგო. ახლა კი არსენ ვენგერის შეგირდებს მარცხის უფლება უბრალოდ არ აქვთ, თორემ მათი საჩემპიონო ამბიციები თავიდანვე ჩაიფუშება და შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ახალწვეულებით მოძლიერებული როჯერსი შეეცდება გასვლაზე არ წააგოს მაინც. ვენგერი კი ცხადია მოსაგებად ითამაშებს. მისი "არსენალი" პირველ ორ ტურში მძიმე იყო. და მომენტების რეალიზაციის პრობლემა ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.

* * *
უაღრესად საინტერესო მატჩი იქნება "კინგ პოუერ სტედიუმზე". სენსაციური, ხმაურიანი, ლამაზი, შთამბეჭდავი, შედეგიანი, თამამი სტარტის შემდეგ, პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ლესტერი" "ტოტენჰემს" დაუხვდება, რომელმაც, პირიქით, ძალიან ცუდად დაიწყო და მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

წინა ტურში მაურისიო პოჩეტინოს ბიჭები თითქოს მშვიდად უგებდნენ "სტოკს", მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა რამდენიმე წუთში გაფლანგეს.

გაგრძელდება თუ არა კლაუდიო რანიერის ავანტიურისტული მსვლელობა ან "დეზების" უიღბლო სერია, ამას ერთად ვიხილავთ.

* * *
ექვსი ქულა არ აქვს, მაგრამ "სუოსნის" ოთხი ქულა, უფრო მეტსაც კი უდრის. "თეთრმა გედებმა" პირველ ტურში გასვლაზე ითამაშეს ფრე მოქმედ ჩემპიონ "ჩელსისთან", შემდეგ კი ცალი ფეხით დაამარცხეს "ნიუკასლი".

უელსური გუნდი შესაშურ ტალღაზეა და ახლა, "სანდერლენდის" დაბრიყვებას შეეცდება. იდეაში ეს რთული გასაკეთებელი არ უნდა იყოს, რადგან ამ მოკლე დროში, ყველაზე უსუსური შთაბეჭდილება სწორედ "შავმა კატებმა" დატოვეს, მაგრამ "ლაითზე" თამაში ყოველთვის არალაითია. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ.

* * *
სიტყვამაც მოიტანა და ჯერაც მოუგებელი "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩს" სტუმრობს. "სელჰარსტ პარკზე" "ლურჯების" ბოლო ვიზიტი ცუდად დასრულდა - "ჩელსიმ" 0:3 წააგო.

ჟოზე მოურინიოს შურისძიებაც სურს, მაგრამ მარტო ამაზე საფიქრალად როდი სცალია - მას გუნდში სიტუაცია ცოტა აერია, დაცვა შეცდომებს უშვებს, ტიბო კურტუა დისკვალიფიცირებული იყო, და ასმირ ბეგოვიჩმა ძალიან კარგად ითამაშა, შესაბამისად, მეკარეების სერიოზული კონკურენციაც უკვე დაიწყო.

თავდამსხმელები პასიურობენ, პირველ რიგში დიეგო კოშტა. მარტო აზარის მცდელობები არ კმარა, მას აქტიურად ვერ ეხმარებიან. ევა კარნეიროს გაშვების გამო, კრიტიკის მოსმენა მოუხდა და კრიტიკა "სიტისთან" 0:3-ის მერე იყო თუ იყო. დედაქალაქელები უშანსოდ დამარცხდნენ და ლიდერებს უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან.

არადა, აქეთ "ალბიონი" მოუგებლადაა და ტონი პულისი კბილებს ილესავს. ეს წინა ორი სეზონის ორი საუკეთესო მწვრთნელის დაძაბული ტაქტიკური დუელი იქნება. მართლაც დიდი ბრძოლა გველის.

* * *
უბრძოლველად არც "ევერტონის" დაუთმობს რამეს "მანჩესტერ სიტის". მერე რა რომ "ქალაქელებმა" საოცრად შთამბეჭდავად დაიწყეს, ცუდად არც"გუდისონ პარკის" მკვიდრნი გამოიყურებიან.

რობერტო მარტინესმა "კანფეტები" ძველებურად აათამაშა, რომელუ ლუკაკუმ გოლების გატანა დაიწყო, როს ბარკლი ისევ ფორმაშია და ასე შემდეგ. ხოლო ჯერჯერობით შეუჩერებელმა "სიტიმ", ძალიან მძლავრად ჩაატარა პირველი ორი შეხვედრა და აბა ვნახოთ, რას იზამს მერსისაიდზე.

პრემიერლიგა. III ტური
22 აგვისტო
მანჩესტერი-ნიუკასლი 15:45
დისკვალიფიკაცია: ფელაინი -
ტრავმა: ჯონსი - დამეტი, რივიერი, მარვო
ურთიერთშეხვედრები
სულ 138 თამაში: +68 =36 -34 (265-204)

კრ. პალასი-ასტ. ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფ. კემპბელი, სპერონი, აპია - ხოსე კრესპო, ხილი, ოკორე, გარდნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7 =7 -8 (15-19)

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კეროლი, ვალენსია - მაკდონალდი, ატსუ
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ნორვიჩი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: - შაქირი
ტრავმა: ლაფერტი, მულუმბუ - ოდემვინგი, უილსონი, შოუკროსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +9 =7 -8 (27-31)

სანდერლენდი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხორდი გომესი, ა. ჯონსონი - კი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +1 =6 -5 (7-17)

ლესტერი-ტოტენჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +36 =13 -27 (146-133)

23 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - ოსკარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 თამაში: +33 =25 -44 (151-171)

ევერტონი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიენარი, ჰიბერტი, ბეინსი - ფერნანდო, დელფი
ურთიერთშეხვედრები
სულ 164 თამაში: +61 =41 -62 (224-229)

უოტფორდი-საუთჰემ. 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დოილი, ეკსტრანდი - კოლკერი, რამირესი, კლასი, გარდოში, ფორსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4 =4 -6 (17-19)

24 აგვისტო
არსენალი-ლივერპ. 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილშირი - ალენი, სტარიჯი, ფლენეგანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 178 თამაში: +64 =48 -66 (237-247)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული