"მანჩესტერ იუნაიტედი": სად არის სიმართლე, რუნის კრიზისი აშკარაა?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში "ნიუკასლს" ვერ მოუგო (0:0). ის კი არა, ჯორდების ახალწვეულს, ალექსანდრ მიტროვიჩს ხარიხისთვის რომ არ გაერტყა ბურთი, შესაძლოა, "წითელი ეშმაკები" სულაც დამარცხებულიყვნენ.

მემფის დეპაი ისე ვეღარ "დაფრინავდა" და ბრწყინავდა, როგორც "ბრიუგესთან"; უეინ რუნი კვლავ დაკარგული და თითქოს, საერთო სქემიდან ამოვარდნილი იყო.

ვერც სხვები გამოირჩეოდნენ. ბასტიან შვაინშტაიგერი ამჯერად ძირითადში მოხვდა და მორგან შნეიდერლენს შეუწყვილდა ნახევარდაცვის ცენტრში. იგი მოგვიანებით მაიკლ კერიკმა შეცვალა, აქამდე პირიქით ხდებოდა. ლუი ვან გაალმა დროზე ადრე გაიყვანა მატეო დარმიანიც და იდეაში უფრო შემტევ ანტონიო ვალენსიას
ჩააბარა ფლანგი. ეკვადორელს ერთი მომენტი შეექმნა კიდეც, მაგრამ მას კარგად მოთამაშე ფაბრისიო კოლოჩინიმ აჯობა. მინდორზე გასვლის შანსი მიიღო ჩიჩარიტომაც, მაგრამ მექსიკელს ბევრი არაფერი გამოუვიდა.

სტივ მაკლარენი კი იმით გამოირჩა, რომ ძირითადში აიოსე პერესი დააყენა. მიტროვიჩის სასტარტოში გამოჩენაც ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ, რადგან აქამდე ის შეცვლებზე შედიოდა. მუსა სისოკო ტრავმირებული გახლდათ, ხოლო დერილ იანმაატი - დისკვალიფიცირებული.

ითამაშა კლუბის ახალწვეულმა ფლორენ ტოვენმაც, რომელიც "მარსელიდან" 18,4 მილიონ ევროდ იყიდეს და პლუს, "ველოდრომზე" რემი კაბელია გაანათხოვრეს. "კაჭკაჭებმა" ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვეს და ქულა ნამდვილად დაიმსახურეს. ისინი ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების ძიებაში არიან. მანჩესტერელებისთვის კი კარგი ერთადერთი ის თუ იყო, რომ კარი კვლავაც მშრალად შეინახეს.

"თამაშით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ არა შედეგით - არ გაგვიმართლა. მატჩის მიწურულს სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ, მაგრამ გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მიყვარს ასეთი თამაშები, როდესაც ამდენს ვმუშაობთ, ოღონდ შედეგი სხვაგვარი უნდა იყოს ხოლმე. მოგება მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს პერიოდში" - აი, ასე თავისებურად დაინახა ვან გაალმა "ნიუკასლთან" მატჩი.

სტივ მაკლარენი: "გულდაწყვეტილები ვართ. ვიცოდით, რომ პირველი 20 წუთი მეტოქის იქნებოდა, მაგრამ მერე თავდაჯერება შეგვემატა, მატჩი დავაბალანსეთ და მომენტების შექმნა დავიწყეთ. დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და დისციპლინის კუთხით ჩინებულად ვთამაშობდით. მოგება მართლაც შეგვეძლო, შანსები ვერ გამოვიყენეთ. შორს ვართ იმისგან, რაც გვინდა, რომ ვიყოთ. სხვადასხვა რგოლსა და ხარვეზებზე სამუშაო გვაქვს, უნდა მოვუმატოთ, ამას ცოტა დრო დასჭირდება".

როგორც ხედავთ, ორი მწვრთნელი თავისას გაიძახოდა, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაშია ხოლმე და ფრე, ალბათ, ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო.

სტატისტიკა
* "მანჩესტერი" პრემიერლიგას ზედიზედ სამი გოლგაუშვებელი მატჩით მესამედ იწყებს.

* ბოლო მეკარე, რომელმაც აქამდე პირველ სამ ტურში კარი მშრალად შეინახა, დავიდ ოსპინაა. ახლა ეს შედეგი "წითელი ეშმაკების" ახალმა გოლკიპერმა სერხიო რომერომ გაიმეორა.

* 2015 წელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში უეინ რუნიმ მეტოქის კარში ზუსტად ერთზე მეტჯერ მხოლოდ მეორედ დაარტყა.

* "შრეკს" "მანჩესტერის" მაისურით გოლი 858 წუთია, არ გაუტანია.

* "ნიუკასლმა" თებერვლის მერე გასვლაზე პირველი ქულა აიღო.

* მანჩესტერელებმა მეტოქის კარში ზუსტად 8-ჯერ დაარტყეს. პირველ ორ შეხვედრაში ერთად "წითელ ეშმაკებს" სამი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ მეტოქეთა კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული