ეს ადვილი სულაც არ ყოფილა, "ევერტონი" ყველაფერს აკეთებდა, რომ თუნდაც ქულა აეღო, მაგრამ "ქალაქელებს" საკუთარ თავში ეჭვი არც ერთი წუთით არ შეჰპარვიათ და ისინი კვლავ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
მანუელ პელეგრინის გუნდს შესაძლოა, ისეთი თავბრუდამხვევი თამაში აღარ უჩვენებია, მაგრამ რამდენითაც საჭირო იყო, იმდენით დაიხარჯა და თავისას მაინც მიაღწია.
პოზიტიური "სიტისთვის" ისიც გახლავთ, რომ რაჰიმ სტერლინგი კვლავ არ იყო იმის მესამედიც კი, რაც შეუძლია, რომ იყოს, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა
ბოლოს კი იაია ტურეს გროსმაისტერული გადაცემით სამირ ნასრიმაც გაილაღა. თუმცა ფრანგს ვინ უყურებდა, ყველა კოტდივუარელის გადაცემით აღფრთოვანდა.
ყველაფერ სიკეთესთან ერთად, "სიტის" უახლოესი შეხვედრები ისეთ მეტოქეებთან აქვს, რომლებთანაც აშკარა ფავორიტი იქნება და პელეგრინის ბიჭებს შეუძლიათ კიდევ უფრო განიმტკიცონ პოზიციები ცხრილის სათავეში.
"სტერლინგთან ერთად სხვა სტილითაც შეგვიძლია თამაში და ეს კარგი და მნიშვნელოვანია. სეზონი ძალიან გრძელია და ბევრი მატჩი გვაქვს წინ. ამიტომაც მრავალმხრივობა აუცილებელია" - თქვა გამარჯვებითა და თავისი გუნდით კმაყოფილმა პელეგრინიმ, რომელიც სტერლინგს მუდამ ამხნევებს და კომპლიმენტებს უძღვნის.
"ამ შედეგთან შეგუება ცოტა რთულია, რადგან კარგი მომენტები გვქონდა და პირველი გოლი რომ გაგვეტანა, ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. საბოლოო ჯამში, ცოტა არ გაგვიმართლა, იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე" - თქვა რობერტო მარტინესმა.
ცალკე გამოვარჩიოთ ჯონ სტოუნსიც, რომელმაც მშვენიერი თამაში ჩაატარა და გვიჩვენა, რატომ უნდა ასე მისი შეძენა ჟოზე მოურინიოს.
შევაქოთ დავიდ სილვაც, რომელიც ბრწყინვალე გახლდათ და ზოგადად, "სიტის" წარმატებების მთავარი საიდუმლო ჯერჯერობით, ნახევარმცველების შესანიშნავ თამაშშია - სილვა, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"